მეოცე საუკუნის ფოტოისტორია მოლი ბლუმის ბლოგზე, ალბათ, ყველაზე დაჩაგრული თემაა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ნაკლებად მიყვარდეს; უბრალოდ, სხვა, უფრო აქტუალური სიახლეები ეცილება და ამის გამო ზოგჯერ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ფაქტი ჯიუტია – საინტერესო ფოტოკადრზე ბოლოს ხუთი თვის წინ მოგიყევით.
ჰოდა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ასე, მალინას ერთი ფოტო რომ არ გამოეგზავნა – იქნებ გამოგადგეს და პოსტი დაგაწერინოს, სიამოვნებით წავიკითხავდიო.
ამ სურათზე, ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს იტყვი – არც სახელგანთქმული ფოტოგრაფის ნამუშევარია, არც განსაკუთრებული, უნიკალური მომენტია დაჭერილი; კადრზე აღბეჭდილთა უმრავლესობაზეც ვერაფერს მოგახსენებთ (თუ, რა თქმა უნდა, მავანმა გერმანელმა სტუმარმა რომელიმე მათგანში საკუთარი დიდი ბებია ან ბაბუა არ ამოიცნო); ვიღაცები შეკრებილან და მხიარულობენ. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ფოტოა.
სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ ფოტო 1944 წელს არის გადაღებული.
ცენტრში მდგარი სანდომიანი მამაკაცი კი კარლ-ფრიდრიჰ ჰოკერია, ოსვენციმის კომენდანტის ადიუტანტი.