კლუბებში, კავშირებსა და ჯგუფებში გაწევრიანება ძალიან რომ მიყვარს, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია.
მით უფრო – თუ საქმე წიგნებს ეხება.
ადრეც მომიყოლია – იყო დრო, ერთდროულად თორმეტი ბიბლიოთეკის მკითხველი გახლდით. მართალია, დღეს ამდენს ვეღარ ვახერხებ, მაგრამ ის ძველი სიყვარული ოდნავაც არ გამნელებია
“პალიტრა L“-მა “მკითხველთა კლუბის” შექმნა რომ დააანონსა, ყურები ვცქვიტე და გამომცემლობის ფბ-გვერდზე სტუმრობასაც მოვუხშირე, არაფერი გამომეპაროს-მეთქი.
“მკითხველთა კლუბმა” მსურველებს კარი 14 ოქტომბერს გაუღო და – ალბათ, არ გაგიკვირდებათ – წამიც არ დამიხანებია, მაშინვე შიგნით შევრგე თავი, გაწევრიანების ფორმალური პროცედურა ხუთიოდე წუთში მოვილიე, საგანგებო კატალოგიდან რამდენიმე საინტერესო გამოცემაც შევუკვეთე და სიახლეებსაც დაველოდე – არ მოგაკლდებათო, დაგვპირდნენ.
ჰოდა, წინა კვირას ფერადი მოსაწვევიც მოფრიალდა – ფინჯან ჩაიზე გეპატიჟებითო.