Feeds:
ჩანაწერები
Comments

Archive for the ‘მოქალაქე ბლუმი’ Category

cms-image-000027090

მესამე დღეა, ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის დასკვნა გამოაქვეყნა. მესამე დღეა, ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯს ვზეიმობთ. ლურჯად შეფერადებული ანძა, სვანური კოშკები და ილიას ძეგლი, ლურჯ-ოქროსფერი დროშები ფეისბუქზე, ბედნიერი სტატუსები, ბედნიერი ხალხი, საუკუნეა, ასე არაფერი გაგვხარებია.

ოღონდ ერთსულოვანი სიხარული მაინც არ გამოგვდის და მილოცვებთან, კრეატივთან, სასაცილო (ზოგჯერ უკბილო) ხუმრობებთან ერთად, აქა-იქ, ინდიფერენტული, ვითომ გაკვირვებული, გაღიზიანებული და, ზოგჯერ, აშკარად გაბრაზებული ხმებიც ისმის, ვერ გავიგეთ, რა გეზეიმებათ, რაში ვჭირდებით ევროპას ან ჩვენ რა დაგვკარგვიაო.

“ევროპარაშიგვჭირდებაზე” ძველი სიუჟეტი მახსენდება. ევროსაბჭოში გვიღებდნენ, ან ახალი მიღებული ვიყავით, ზუსტად არ მახსოვს. რომელიღაც ტელეარხზე გამოკითხვას ატარებდნენ და ერთმა მოხუცმა პაპამ ალალად თქვა ის, რასაც ფიქრობდა კიდეც: “რა არი ევროპაი, გარყვნილებაა, მეტი არაფერიო”.

დარწმუნებული ვარ, ვინმეს ცოტაოდენი დრო რომ დაეხარჯა და საფუძვლიანად აეხსნა, ის მოხუცი პაპა იოლად მიხვდებოდა, რომ ევროპა გარყვნილება კი არა, ისეთი სიკეთეა, ყველას რომ გამოადგება – მასწავლებელს, პროგრამისტს, მხატვარს, ფერმერს, სტუდენტს. ყველას. გამონაკლისის გარეშე.

(more…)

Read Full Post »

271302A500000578-3015912-image-a-62_1427554157173

ფეხბურთზე, მოგეხსენებათ, ათასში ერთხელ ვწერ. როგორც წესი, მსოფლიო თასის ან ევროს წინ, როცა მკითხველს ჩემი ვადამდელი არდადეგების მიზეზს ვუხსნი. სხვა თემატიკა მირჩევნია და იმიტომ. დღესაც მორიგ წიგნზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ Offtopic-ის ისეთი მიზეზი მაქვს, ვერაფრით გამოვტოვებ. ეგეც არ იყოს, საუკუნეა, მოქალაქე ბლუმს გაბრაზებული პოსტი არ გამოუქვეყნებია.

სათაურიდანვე მიხვდებოდით, საქართველო-გერმანიაზე უნდა ვილაპარაკო.

უშუალოდ თამაშზე რა გითხრათ – საფეხბურთო ანალიტიკას ჩემზე უკეთაც დაწერენ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: “ღირსეული წაგება” მთლად გამართული ტერმინი არ მგონია. მოედანზე ყველაზე ლამაზი (და მნიშვნელოვანიც), მოგეხსენებათ, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ჰოდა, წავაგეთ. მშრალი ანგარიშით. შინ. გასაგებია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან წავაგეთ, ბოლო მოდელის “მერსედესივით” აწყობილ გუნდთან, მაგრამ წავაგეთ. ჰოდა, რაც უფრო მალე დავივიწყებთ “ღირსეულ წაგებას” და “ესპანეთთან ნულით ნულს ვიგებთ”-ს, მით უფრო მალე მოვა ნამდვილი გამარჯვებაც და იქნებ ნამდვილი ფეხბურთიც ვითამაშოთ.

ახლა არასაფეხბურთო ამბებსაც გავკრათ კბილი. ეს ხომ ჩვენი თანთია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სპორტულ პერიპეტიებზე მეტად, იმ ბავშვის ამბავს ვარჩევთ, შვაინშტაიგერს რომ მიეჭრა და დაუჩოქა (სინამდვილეში არ დაუჩოქია, მაგრამ ასე უფრო ბრუტალურად ჟღერს და სრულიად ჯინეტის წამოკიდებაც ადვილია).

არ მგონია, ახალაღმოჩენილ ამერიკაზე ვყვებოდე, მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა – ჩემო ძვირფასო აღშფოთებულებო, დარწმუნებული ვარ, ფანობის და ფანების ამბავი გაგიგიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ ფანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანს, ან სულაც განსხვავებული ტემპერამენტის გულშემატკივარს აზრადაც რომ არ მოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა; რიტუალია ერთგვარი  – ფეხბურთელის მთავარი იარაღი ფეხებია, ის ბიჭიც გერმანელს ბუცებზე შეეხო პატივისცემის ნიშნად. ეს იყო და ეს.

(more…)

Read Full Post »

 

elections cartoon

პოლიტიკური პოსტები არ მიყვარს.

ახლა ისე ნუ გამიგებთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდეს. უბრალოდ, სხვა რაღაცებზე წერა მირჩევნია.

მეოთხე წელია, მოლის ბლოგი მკითხველებს მასპინძლობს და მეოთხე წელია, ველოდები, როდის მომწერს მავანი აჟიტირებული ვიზიტორი – რა გააწყალე გული ამ წიგნებით, რა დროს კარლსონი და ჩიპოლინოა, ქვეყანა გვენგრევა თავზეო.

ამას წინათ მაშო სამადაშვილის ამ გადასარევ ვიდეომიმართვას მოვუსმინე და დავმშვიდდი – აშკარად არც ისე ძალიან ვცდები, პოლიტიკური ქარიშხლების დროსაც წიგნებზე რომ გიყვებით; თანამოაზრეები მყოლია და თანაც, ფრიად ანგარიშგასაწევი.

თუმცა წესს რომ გამონაკლისი ადასტურებს, გეცოდინებათ. ახლა ყველგან პოსტსაარჩევნო თუხთუხია და მოდი, მეც დავწერ ერთ აპოლიტიკურ პოლიტიკურ პოსტს.

ოფიციალურ სტატისტიკას, ანალიტიკას, ცხელ-ცხელ რევიუებს საინფორმაციო პორტალები, სააგენტოები, ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯები და Upper class პოლიტსელებრითები არ მოგაკლებენ. მე სხვა ამბებზე მოვყვები.

(more…)

Read Full Post »

იქ, სადაც ჯერ კიდევ საქართველოა!მოლის წიგნებზე წერა ყველაფერს რომ ურჩევნია, ბლოგოსფეროს საზღვრებს მიღმაც კი იციან, მაგრამ დგება ხოლმე ისეთი დროც, როცა ყველა სხვა თემა განზე უნდა გადადო – მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არა მთვარიდან ჩამოვარდნილი ადამიანი.

უკრაინის ამბებმა გვარიანად კი გაგვამწარა, მაგრამ გაკვირვებით არც არავის გაგვკვირვებია – რუსის ბუნება ასეთია, შიმშილით მოკვდება და მეზობელს არ გაახარებს; არც ველიკოდერჟავული მადა შემცირებია და  თვალიც სხვისი მიწისკენ ძველებურად უჭირავს.

“ორი რუსეთის” მითის არ მჯერა და არც ის მგონია, კულტურა რამეს შველოდეს – დოსტოევსკის და პუშკინს რომ შესძლებოდათ, ეს ქვეყანა აქამდე უნდა გაკეთილშობილებულიყო; ამათ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლე არ ადარდებთ და სხვისი რა სათქმელია.

(more…)

Read Full Post »

ნატალი ჩახვაძის ფოტო

ნატალი ჩახვაძის ფოტო

ბათუმში ცამეტი უბედნიერესი წელი გავატარე და სულ თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევა მახსოვს, სტიქიას შემოეტიოს.

ერთხელ, გაზაფხულზე, ისე გაწვიმდა, ქუჩაში მანქანებს მოძრაობა უჭირდათ. მეორედ პირველ სექტემბერს სკოლაში ვერ წავედით – ისევ თავსხმა წვიმის გამო. თებერვლის მიწურულს ჩემს ძმას კინაღამ დაბადების დღე ჩაეშალა – იმხელა თოვლი დადო, სტუმარს ვინ ჩიოდა, ჩვენც ვერ ვბედავდით გარეთ ცხვირის გაყოფას.

ეს იყო და ეს.

ოღონდ დენი არ გათიშულა და ქალაქი არ ჩამკვდარა, თან პატარა ვიყავი და ეს ამბები სახალისო თავგადასავლად უფრო აღვიქვი.

სამაგიეროდ, ახლა შემოუტია ზამთარმა ბათუმს და მერე როგორ შემოუტია! თოვლს უშუქობა მოჰყვა. 30 საათია, ქალაქს ელექტროენერგია აქა-იქ თუ მიეწოდება. გაითიშა შუქნიშნები, გაიყინა გზები, შეფერხდა გაზის მიწოდება… ზოგან პური ვერ გაყიდეს, ზოგან რიგებიც დადგა… არადა, სტიქიასაც ვერ დაარქმევ, უბრალოდ, მოთოვა.

ზამთარში თოვლი ვის გაჰკვირვებია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ამბავი მხოლოდ ბათუმელებს ადარდებთ.
(more…)

Read Full Post »

Tbilisi State puppet theatre

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. დავით ჩაჩანიძის ფოტო

ძველი ამბით დავიწყებ.

ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებებს თუ იკითხავთ, ბულვართან, ატრაქციონებსა და პლომბირთან ერთად აუცილებლად დაგისახელებთ კინოთეატრ “პიონერს”, დელფინარიუმს და თოჯინების თეატრს სტალინის ქუჩაზე.

კვირაობით დავყავდით დედას მე და ჩემი და-ძმა, საგანგებოდ გამოწყობილები, თმადავარცხნილები და კმაყოფილებისგან გაბღენძილები. მერე იქვე, პატარა კაფეში, ნება-ნება მივირთმევდით კაკაოს და ნანახს ვიხსენებდით. მაგრამ  განსაკუთრებული ეშხი თანაკლასელებთან ერთად წასვლას ჰქონდა. ჩამოდგებოდნენ  დიდი, უცნაური ავტობუსები სკოლასთან, წაგვასხამდნენ ყველას ერთად, ავავსებდით პატარა დარბაზს, ჩაქრებოდა შუქი და იწყებოდა საოცრება…

სპექტაკლებს ახლაც ზეპირად მოგიყვებით-მეთქი, ვერ დავიჩემებ. “წითელქუდა“ მახსოვს, “სამი გოჭი“, “კომბლე“ და ქართული ზღაპრები. კიდევ – საახალწლო წარმოდგენები: ფერადი შუქი, სცენას რომ ანათებდა, და დღესასწაულის უკიდეგანო შეგრძნება, აი, ისეთი, ფეიერვერკებიანი დღესასწაულის.

ერთი სიტყვით, ამ სიბერეშიც ტკბილად ვიგონებ თოჯინებს და დღემდე მწყდება გული, ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ არ იყო – ეგებ ახლა უკეთესი თეატრალი ვყოფილიყავი. ბავშვობის შთაბეჭდილებების ძალა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ…

ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ  ფეისბუქზე შეშფოთებულმა სტატუსებმა იმატა, თბილისის თოჯინების თეატრს შენობა თავზე დაენგრა და პატრონი არ ჩანსო.

(more…)

Read Full Post »

mask of mourning black
მესამე წელია, ბლოგი მაქვს და არ მახსოვს, როდესმე ასე გამჭირვებოდეს სიტყვების პოვნა.

არადა, როგორც ყოველთვის, დღევანდელი პოსტი ჯერ კიდევ გუშინ მქონდა მზად; სახალისო ტექსტი იყო, ძილის წინ კარგ გუნებაზე რომ დააყენებს ადამიანს.

საუბედუროდ, დღე ისე შავად დაღამდა, ხასიათს პოსტი კი არა, ვეღარაფერი გამომიკეთებს; ვერც მე და ვერც იმ ხალხს, ვისაც ავღანეთის მიწაზე დაღვრილი ქართული სისხლის თითოეული წვეთი სტკივა და ემძიმება; ვისაც ესმის, რომ ახლა პოლიტიკური თამაშების განხილვის და მიზეზების ძიების კი არა, იმ ბიჭების გლოვის დროა, საქართველოში რომ ვეღარასოდეს დაბრუნდებიან; შინაურებს რომ ვეღარ მოესიყვარულებიან; დედებს ვეღარ გაახარებენ და ვერც შინმოუსვლელი მეგობრების შესანდობარს დალევენ პირთამდე გალიცლიცებული სასმისებით…

ისინი ვიღაცისთვის შვილები იყვნენ, ვიღაცისთვის – ქმრები, ვიღაცისთვის მამები, ვიღაცისთვის – მტრები და თითოეული ქართველისთვის – სულისა და ხორცის ნაწილი, ახლა უკვე სამუდამოდ მოგლეჯილი და დაკარგული.

ვეღარ დაბრუნდებიან-მეთქი, წეღან ვთქვი და შემეშალა… როგორ არ დაბრუნდებიან, მაგრამ ვაი, ამისთანა დაბრუნებას…

და ვაი ჩვენ, თუ ოდესმე დავივიწყებთ მათ, ვისთვისაც დღეს უკანასკნელად გათენდა…

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: