Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მონოლოგები’ Category

აქაოდა, ცნობილმა მწერალმა ჩემზე წიგნი დაწერაო, დიდი ვინმე არ გეგონოთ – უბრალო მწყემსი ვარ, შავად დაწინწკლული წითელი ქულაჯა მაცვია, ხელპირს წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით ვიბან და ბუნებას ჩემი ერთგული სალამურით ვაღვიძებ. ერთად დავბადებულვართ და მთელი ცხოვრებაც განუყრელად გაგვიტარებია; სალამურასაც ამიტომ მეძახიან.

შეიძლება, ფიქრობთ, ამდენი საზრუნავის პატრონს რა ბლოგის წერა აგიტყდა, წადი, საქმეს მიხედეო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქონდარეთს ბრიყვი მეფე ქონდარ XV და ფერხორციანი დედოფალი ქონდარინე მოვაშორეთ თავიანთ რეგვენ ქონდარუხთან ერთად, მაინცდამაინც დაკავებული აღარ ვარ – მოგეხსენებათ, ჩემი ჭიამაიები აქეთ-იქით დაიფანტნენ და აღარ დაბრუნებულან – ეტყობა, მიწყინეს, იმდენი ხნით რომ მივატოვე.

არადა, რა მექნა?! სხვა გზა რომ არ მქონდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ – ბაიას საძებნელად უნდა წავსულიყავი, ციცინათელების მწყემსის, ღორმუცელა ქონდარუხის ჭირვეულობის გამო რომ მოიტაცეს. მეგობარი გასაჭირში მეგულებოდა და სალამური მეკვნესებინა არხეინად?!

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, მიცნობთ. მე ვინ არ მიცნობს. ბავშვი რომ გააჩერო ქუჩაში, გააჩერო კი არა, ნაშუაღამევს რომ გამოაღვიძო და ჰკითხო, ქართული ზღაპარი მითხარიო, ჯერ ნაცარქექია გაახსენდება, მერე კომბლე. კომბლეც იბოღმება და ცხვარს რომ კლავს, ჩაქაფულზე არ მპატიჟებს. ბატონო? სულ ორი ცხვარი ჰყოლია და რას კლავსო? ვინ გითხრათ, რაის ორი ცხვარი, ფარები დაუდის იალაღებზე. ის მსუქანი სათვალიანი კაცი ტელევიზორში რასაც ჰყვება, ყველაფერს კი ნუ დაიჯერებთ.

ქართული ზღაპარი იქით იყოს, ვიღაცები გაიძახიან, ნაცარქექია დროშაზე და გერბზე უნდა გვეხატოს, ნაღდი ქართველია, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიო. რაღაც უცნაურ სიტყვასაც ახსენებენ. ჰო, გეოპოლიტიკას. ჩვენს ჩლუნგ და მიწაყლაპია მეზობელს, ნაცარქექიასავით, კრეატივით უნდა ვაჯობოთო.

არადა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცნობადობა მხიბლავს და გერბზე დახატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ (ხომ ვამბობ, ტიპურ ქართველად არ გამოვდგები-მეთქი). ბუხართან ჯდომა მიყვარს და ნაცრის ქექვა, მეტი არაფერი და ესეც არ დამაცალეს. თან ვინ? ღვიძლმა ძმებმა :(

გრძელი ამბავია, თუ მაცლით, წვრილად გიამბობთ. ზღაპარი წაკითხული გექნებათ. მანდ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ თანამედროვე მედია როგორ მუშაობს, ხომ იცით – ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ინტერპრეტაციაა.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Holmes comics. Joyas Literarias Juveniles,

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით. ვხედავ, გვარიანად დასველებულხართ, უმჯობესია, ბუხარს მიუჯდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან, ლონდონში, ოქტომბერი კი არა, აგვისტოც არ გახლავთ მაინცდამაინც მზიანი. ქოლგა გარეთ დატოვეთ, ახლა მისის ჰადსონს ვთხოვ და ჩაის მოგვიდუღებს. ნუ მებოდიშებით, ჩემო კარგო, ამ სახლში ვიზიტისთვის უფრო გვიანი დროც შეურჩევიათ ხოლმე.

ღია ფანჯარა ნუ გაგაკვირვებთ, ახლავე დავხურავ – კვამლი იდგა და ვანიავებდი. აი, დედოფალ ვიქტორიას ეს მშვენიერი ვენზელი კედელზე ახლახანს გამოვიყვანე. მეზობლები უკვე მიჩვეულები არიან, სროლის ხმაზე ყურსაც აღარ იბერტყავენ.

თქვენის ნებართვით, ჩიბუხს გავაჩაღებ – თამბაქოს სუნი, ვიცი, რომ არ შეგაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, შავ “დანჰილს“ ეწევით. ნუ მიყურებთ უზარმაზარი თვალებით, სიგარეტის კოლოფი თქვენ თვითონ არ დადეთ აქვე, მაგიდაზე? მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ გეტყვით, რომ დოლჩე და გაბანას light blue გყვარებიათ – კარგი არჩევანია. დიახ, დიახ, ნამდვილი მაძებარი სუნამოებშიც უნდა ერკვეოდეს – ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი ამას, სერ ჰენრი ბასკერვილს უცნაურ წერილებს რომ უგზავნიდნენ. კიდევ რა… კომპიუტერის ხშირი მომხმარებელი ბრძანდებით – მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, ფრიად დამახასიათებელი პატარა კოჟრი გაქვთ. შემთხვევით, დიეტას ხომ არ იცავთ? ტანსაცმელი ორიოდე ზომით დიდი მეჩვენება, თან ნათხოვარსაც არ ჰგავს – ხარისხიანი პროდუქციაა. მისის ჰადსონის კექსი მაინც უნდა შემოგთავაზოთ – ჩაის ძალიან უხდება. ჰმ… აკურატულობაზეც მინდოდა, მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამაბნიეთ – მობილური ტელეფონი შავ დღეში ჩაგიგდიათ, სათვალეს კი ერთი ნაკაწრიც არ ემჩნევა. მოითმინეთ, მოითმინეთ… სავარაუდოდ, სათვალეს განსაკუთრებით უფრთხილდებით, ეტყობა, მასთან ძვირფასი მოგონებები გაკავშირებთ. ნუ შეცბუნდებით, გეთაყვა, კარგ მაძებარს გაცილებით ინტიმური დეტალებიც არ გამოეპარება.

(more…)

Read Full Post »

pippi's house

საღამო მშვიდობისა, ხალხნო! რა კარგია, რომ ჯერ არ გძინავთ, თორემ გამოვყრუვდი სიჩუმისგან. მოგეხსენებათ, მარტო ვცხოვრობ, ეს ტომი და ანიკა კი ისეთი სამაგალითო ბავშვები არიან, ახლად შებინდებულზე ეძახიან დასაძინებლად და ისინიც ცხვრებივით მორჩილად მიჩანჩალებენ. მე კიდევ ვზივარ ახლა, უფრო სწორად, ვწევარ იატაკზე და კვერებისთვის ცომს ვზელ. ჯერ სწავლა არ დაწყებულა და ორივენი დილით ადრიანად მოირბენენ ნაღებიანი ყავის დასალევად.

უჰ, როგორ მიხარია, სტუმრები რომ მოდიან ხოლმე! სხვათა შორის, თავადაც ძალიან მიყვარს სტუმრად წასვლა, მაგრამ რად გინდა – ერთხელ ძლივს დამპატიჟეს და ისეთი ამბები დავატრიალე, ფრუ სეტერგრენმა მითხრა, აქ აღარ დაგინახოო.

ისე, კაცმა რომ თქვას, რა უნდა მექნა? ბაიყუშივით ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი, იქ სამხიარულოდ მივედი. ჰო, ტკბილი ღვეზელებიც ფრიად მომეწონა და მგონი, მეტისმეტად ბევრი მივირთვი, არც კი ვიცი, სხვებსაც შეხვდათ თუ არა.  და კიდევ შაქარი დავყარე იატაკზე. დიდი ამბავი.

(more…)

Read Full Post »

Vazery, Persian miniature, Combat scene, painted on ivory, 10 x 10 cm

მართალი უთქვამთ – გული არ ბერდებაო… აგერ, 964 წლის შევსრულდი და ისევ ის ომარ ხაიამი მგონია თავი, მედრესეში სწავლისას ონავრობით რომ გამოირჩეოდა. მაშინდელი ოინების გახსენებაზე ახლაც მეღიმება – ყოველდღე ახალ–ახალ თავსატეხს ვუჩენდი მხცოვან მასწავლებლებს. არა, ვსწავლობდი კიდეც – მათემატიკა გინდათ, ასტრონომია, გეომეტრია, თეოსოფია თუ ისტორია – ბადალი არ მყავდა. მთელი ყურანი ვიცოდი ზეპირად… აღმოსავლეთის განთქმული თეოლოგები მაკითხავდნენ ხშირად რჩევისთვის.

ბოლოს და ბოლოს, ტყუილად კი არ შემომთავაზა ნეტარხსენებულმა ნიზამ ალ–მულქმა ნიშაპურის მმართველობა – იცოდა დიდმა სელჩუკმა განათლებული ადამიანების ყადრი, მოგეხსენებათ, თავადაც ფრიად განსწავლული გახლდათ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და დღეს არ გაატარებდა უჩემოდ – მიმიხმობდა და ღამეებს ვათენებდით საუბარში… “სიასეტ–ნამეს“ რომ წერდა, აზრს მეკითხებოდა ხოლმე – თავმდაბალი იყო უზომოდ… მისი დიდებული სასახლე მახსოვს, მცველებითა და სამოთხის ჰურიებით სავსე… მწვანეში ჩაფლული წალკოტი და ბულბულების საამო სტვენა… ვხედავ ჩემს თავს, მოქარგულ ბალიშებზე მონებივრეს, ნარგილეთი ხელში და მასპინძლის ამო საუბარი ჩამესმის ყურში… მას შემდეგ, რაც დიდი ვეზირი წყეულმა ასასინებმა მოკლეს, გულითადი მეგობარი აღარც მყოლია – მონათესავე სულები გახლდით.

აღარავინ მყავს, არვინ ისმენს ამ ჩემს ღაღადისს,
მარტოღა ვუმზერ ქვეყანას და არც ღირს ნახვად ის.
მეგობრის ნაცვლად სუფრის თავში ზმანებას დავსვამ
– უცებ რომ მოვკვდე, ამან მაინც მითხრას “ნახვამდის“…

(more…)

Read Full Post »

Mark Twain. The Prince and the Pauper. Patrizia Donaera's illustrations.

მშვენივრად მომეხსენება – მარკ ტვენის სახელს რომ მოჰკრავთ ყურს, პირველ რიგში, ყველას ერთი თმააბურძგნული და აჩაჩულ–დაჩაჩული ბიჭი გახსენდებათ, პირის დაბანა ჭირივით რომ ეჯავრებოდა, მოხუც დეიდას ყოფას უმწარებდა და ღამღამობით სასაფლაოებზე დაწანწალებდა მეჭეჭების მოსარჩენად. არა, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – გულადი და ღირსეული ყმაწვილი გახლდათ, მაგრამ ეს საყოველთაო აღტაცება, ცოტა არ იყოს, მწყინს  – ბოლოს და ბოლოს, ერთი მწერლის პერსონაჟები ვართ ორივე და მაინცდამაინც სამართლიანი არ მეჩვენება, იშვიათად რომ გაგონდებით ხოლმე.

სიტყვამ მოიტანა და კარგა ხანს საერთოდ არ მჯეროდა, რომ სამართალი და იღბალი სადმე არსებობდა – ასე რომ არ ყოფილიყო, თოთო ბავშვს ვინ გაიმეტებდა საიმისოდ, რომ ლონდონის ხიდის მახლობლად, ნასუფრალთა ჩიხში დაბადებულიყო და თანაც ჯონ კენტის ოჯახში.

ნათქვამია, მშობლებს არ ირჩევენო და ისიც ვიცი, ღვიძლ მამაზე ასეთი ლაპარაკი მკრეხელური საქციელი რომ გახლავთ, მაგრამ რა ვქნა – მისგან ცემა–ტყეპის და ლანძღვა–გინების მეტი არაფერი მრგებია. განსაკუთრებით ცუდ დღეში მაშინ ვიყავი, ალქაჯი ბებიაჩემიც თუ წამოეშველებოდა. საბრალო დედა კი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა – იცოდა, ასეთი გულჩვილობისთვის გვარიანად მოხვდებოდა. ბეტი და ნენიც არ იყვნენ ურიგო გოგოები – იატაკზე დასაფენ ჩალას ყოველთვის მიწილადებდნენ ხოლმე – ამას ყველაზე უფრო მაშინ ვაფასებდი, როცა დალილავებული გვერდები უსაშველოდ მტკიოდა.

ასე მხიარულად ვატარებდი ბავშვობას და რას ვიფიქრებდი, თუ ბედის უცნაური ჭირვეულობის წყალობით, ორი წვეთი წყალივით ვგავდი… არც მეტი, არც ნაკლები – ინგლისის ტახტის მემკვიდრეს – ედუარდ ტიუდორს. ან იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს ნალოლიავები, ფუფუნებასა და მაქმანებში ჩაფლული უფლისწული იმდენად მარტოსული იყო თავის უზარმაზარ, ოქროთი მოვარაყებულ სასახლეში, ჩემი უბადრუკი ყოფაც კი შეშურდებოდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: