Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მოლი მსოფლიოს გარშემო’ Category

აქაოდა, ვირტუალური მოგზაურობა მარჯვედ გამომდისო, თქვენმა მასპინძელმა ძალიან აიდგა ფეხი. მართალია, ჯერჯერობით ევროპას არ გავცდენივარ, მაგრამ თქვენც შეამჩნევდით, სულ ზურგჩანთის ჩალაგებისკენ რომ მიჭირავს თვალი. აი, ახლაც, არც მეტი, არც ნაკლები, “ბალტიის ვენად“ და “ჩრდილოეთის ვენეციად“ წოდებული სტოკჰოლმისკენ მივემგზავრები.

ვფიქრობ, სანამ არლანდას აეროპორტში დავეშვები, გვარიანად მომშივდება (თვითმფრინავში მორთმეული უგემური საჭმელი არ მიყვარს), ამიტომ, ტრადიციულად, როგორც კი სასტუმროში დავბინავდები, სულიერი და გასტრონომიული მოთხოვნილებების შეთავსებას დავიწყებ და სტოკჰოლმის ფოტოგრაფიის  მუზეუმისკენ გავეშურები, მის სიახლოვეს ხომ ცნობილი კიოსკი Nystekt Strömming მეგულება, სადაც, ურბანული ლეგენდის თანახმად, უგემრიელეს შემწვარ ქაშაყს ამზადებენ, შავ პურსა და კარტოფილის პიურესთან ერთად.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

თქვენი მასპინძელი, მოგეხსენებათ, ვერშემდგარი მოგზაურია – მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ქვეყნიდან ფეხი ჯერ არ გამიდგამს.

ასეთ დროს, როგორც ხდება ხოლმე, პრაქტიკის კატასტროფულ ნაკლებობას ჭარბი თეორია აბალანსებს – ვინმემ მომისმინოს და მოგზაურობაზე საათობით შემიძლია ქაქანი.

დღეს ჩემს საყვარელ თეორიას გაგიზიარებთ.

კაცმა რომ თქვას, საკამათო ბლოგი გამომივიდა. მეგობრებს რომ ვუყვები, თითქმის არავინ არ მეთანხმება. არა უშავს, ბლოგი ზუსტადაც რომ სადავო თემებისთვის არსებობს. ელემენტარული ჭეშმარიტებები არითმეტიკის სახელმძღვანელოშიც გვეყოფა.

ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ სარეკლამო განცხადებები: “დაუვიწყარი მოგზაურობა ევროპაში, შვიდი დღე, ექვსი ღამე,  რვა ქალაქი და, აქეთობისას, ჰამბურგშიც შევივლით”, “არ გაუშვათ ხელიდან შანსი – გერმანია, იტალია და საფრანგეთი დიდებული მუზეუმებით სულ რაღაც ერთ კვირაში” და ა. შ. დარწმუნებული ვარ, ყოვლად გადასარევი მარშრუტებია. ოღონდ არა ჩემთვის.

აი, მითხარით, რა განსხვავებაა, თბილისში მოვკვდები წინ და უკან სირბილით, საათზე ყურებით და ნერვიულობით, სადმე არ დავაგვიანო-მეთქი თუ ფლორენციაში?

(more…)

Read Full Post »

სწორედ იმ დროს, როცა ჩემი მომავალი მოგზაურობის მარშრუტზე ვფიქრობდი, ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი – ისლანდიის პრეზიდენტი გრიმსონი უცხოელ ბლოგერებს შინ, ბლინებზე ეპატიჟებაო. უნდა იმ პატიოსან კაცს, რომ მისი ქვეყნის ისტორია, რაც შეიძლება, მეტმა ხალხმა გაიგოს და რას ერჩი. მე კიდევ ბლინებზე ვგიჟდები, მოკლედ, ჩვენი სურვილები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. არა, ჩემი მადის პატრონს მარტო ბლინებით რას გაისტუმრებს მასპინძელი, მაგრამ გეიზერში კვერცხების მოხარშვაზე მთლად ამოდენა პიროვნებას როგორ შევაწუხებ, სადმე რეიკიავიკის კაფეში დავაგემოვნებ.

ცოტა კი მეშორება ეს ისლანდია, სამაგიეროდ, ვიზა აღარ მჭირდება და დანარჩენს იოლად მოვაგვარებ. თქვენ უნდა ნახოთ, რა გაჯგიმული მოვკალათდები თვითმფრინავში და რეიკიავიკში ბიორკის New World-ის თანხლებით რა კმაყოფილი დავეშვები.

ახლა არ დამიწყოთ, კულტურული ძეგლების ჩამონათვალი გვაჩვენეო – ბლინები უპირველეს ყოვლისა! ერგონომიკული ზურგჩანთით რომ მივადგები პრეზიდენტის რეზიდენციას, მეტი არ მინდა, არ შემიშვან – ჩემს ყვირილს თბილისში გაიგონებთ.

(more…)

Read Full Post »

მოლის ბიბლიოფილობის ამბავი აქაურობის სტუმრებს უკვე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მგონი, ის არ მითქვამს, სულით ხორცამდე მოგზაური რომ ვარ, ერთი ეგ არის, შეუმდგარი. ვერ იქნა და ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ ზურგჩანთა მოვიკიდო და სადმე, ევროპაში სახეტიალოდ გავწიო; მაგრამ არაუშავს, ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები, ჩავალაგებ ჩემოდანში წიგნებს, ცოტა ტანსაცმელსაც დავამატებ და ამაყად მივადგები აეროპორტის ტერმინალს პრაღის ბილეთით ხელში. რატომ მაინცდამაინც პრაღის? უბრალოდ, ასე მინდა და იმიტომ! იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ერთად რომ დავათვალიეროთ ქალაქი, ოდესღაც ბრძენი დედოფლის – ლიბუშეს ბრძანებით ვლტავის ნაპირზე რომ დაარსდა და ხუთ ბორცვზე გაშენდა.

მოკლედ, ჩავჯდები თვითმფრინავში, თან აუცილებლად მარჯვე და მოხერხებული შვეიკის ამბავი მექნება გადაშლილი, განწყობის შესაქმნელად და კოხტად დავეშვები ჰაველის აეროპორტში. ქალაქამდე როგორმე მივაღწევ, რომელიმე ცოტავარსკვლავიან სასტუმროში ბარგს დავტოვებ და, პირველ რიგში, არც კარლის ხიდის სანახავად წავალ, არც წმინდა ვიტის ტაძრის, არც პრაღის ციხესიმაგრის და არც კამპის მუზეუმის – პირდაპირ კლემენტინუმს მივაშურებ ჩეხეთის საოცარი ეროვნული ბიბლიოთეკის სანახავად. იმედია, შემიშვებენ, არ შემიშვებენ და ისეთ ფეხების ბაკუნს ავტეხ, იქნება ესკორტით შემაცილონ მთავარ დარბაზში და საცავშიც კი შემახედონ ცალი თვალით აი, ინდური და ირანული ტრაქტატები რომ უწყვიათ, იქ.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან გვარიანად დაღლილი და მოშიებული გამოვალ, ჰოდა, ვაცლავის მოედნისკენ დავადებ თავს – იქ რესტორანი ვიტოპნა მეგულება, სათამაშო რკინიგზით, აი, პატარა ორთქლმავლები რომ დადიან და ლუდის კათხებს დაატარებენ. ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტას მაინც მოვწრუპავ და ლუდის გულიაშსაც აუცილებლად გავსინჯავ. მაგათ იქ საბავშვო მოედანიც აქვთ და არ გეგონოთ, ვინმეზე ნაკლებად გავერთობი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: