Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘კინოდარბაზი’ Category

otar sephiashvili

ახლა, ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენს დროს კინოს დღე არსებობდა.

ფილმებს სხვა დღეებშიც ვუყურებდით – ხან რუსული არხი გამოიმეტებდა რამეს, ხან კინოში წავიდოდით, არდადეგები ხომ ლამის მხოლოდ “ცისკარას” ხათრით მიხაროდა… დილის ძილიც კი არ მენანებოდა – თერთმეტ საათზე პირდაბანილი და გამოწკეპილი ვიჯექი ეკრანთან (სად იყო მაშინ საძინებელში ტელევიზორის ფუფუნება).

კინოს დღედ მაინც შაბათი მიიჩნეოდა.

“ილუზიონის” დღე.

მოვილევდი სკოლას (ვსწავლობდით მაშინ შაბათობით), ჭადრაკს და ასე, რვის მერე იწყებოდა ნანატრი უსაქმურობა.

“ილუზიონს” ველოდით მთელი ოჯახი.

ალბათ ისე მოვკვდები, არასოდეს დამავიწყდება მუსიკალური ქუდი,  “Le Tonnerre De Dieu”-ს აწ უკვე ლეგენდარული საუნდტრეკი. თუმცა მე უფრო ძველი დასაწყისიც მახსოვს, სტატიკური კადრით და გულბრყვილო, სასაცილო მუსიკით.

არც ის თმაჭაღარა კაცი დამავიწყდება, განუმეორებელი, საყვარელზე საყვარელი დიქციით კინოზე რომ ჰყვებოდა.

ოთარ სეფიაშვილი – “კაცი-ილუზიონი”.

(more…)

Read Full Post »

კინოში უქმეებზე დავდივარ.

სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…

სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.

მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…

მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი,  პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.

ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Series 3სინემანიაკი არ ვარ-მეთქი, ათასჯერ მითქვამს.

ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.

ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.

წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს,  არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).

პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.

(more…)

Read Full Post »

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Read Full Post »

Sherlock Holmes and Dr John Watson. Sherlock. BBC One

სერიალებს ჩემს ბავშვობაში მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს ეძახდნენ. სხვათა შორის, სიამოვნებით ვუყურებდი, რადგან არც უსასრულოდ გრძელდებოდა და ვერც მოსაწყენს დაარქმევდით. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოზღვავებულმა ლათინოამერიკულმა სისულელემ კი თავი მომაბეზრა და “საპნის ოპერებზე” ხელი, შეიძლება, ითქვას, საბოლოოდ ჩავიქნიე.

ჟანრის ნიუანსებში ბევრად უკეთ გარკვეულმა ნაცნობებმა “ER“- იც შემომთავაზეს, “ჰაუსიც” და “სიცრუის თეორიაც”, მაგრამ გული ვერც ერთს დავუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, “Lost“-ის პანდემიასაც გადავურჩი – ორიოდე სერიას კი შევავლე თვალი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არც თუ უხეიროდ დაწყებული საქმე მორიგი კომერციული მარაზმისკენ მიდიოდა.

შარშან, დეკემბერში, ჩემმა მეგობარმა რომელიღაც მეორეხარისხოვან ტორენტ-საიტზე ატვირთული ახალი ბრიტანული სერიალის პირველი სამი ეპიზოდის ბმული გამომიგზავნა, თან მირჩია – უყურე, ნამდვილად არ ინანებო. რის ვაივაგლახით გადმოვწერე, ჩავრთე და…

დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არტურ კონან დოილის შედევრალური ეპოპეის საუკეთესო ეკრანიზაცია რუსი კინემატოგრაფისტების გადაღებული მრავალსერიიანი ფილმი გახლდათ (ამაში, სხვათა შორის, თავად ბრიტანელებიც მეთანხმებიან), ახლა კი უკვე აღარ ვიცი, ძველი, ბავშვობისდროინდელი, კლასიკური ჰოლმსიანა უფრო მომწონს თუ BBC-ის ახალი “შერლოკი”.

(more…)

Read Full Post »

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Read Full Post »

fantomas contre scotland yard original

ის მართლაც ჯადოქარი იყო…

სხვა რა შეიძლება, ეწოდოს კაცს, რომლის ერთი გამოჩენა ეკრანზე ნებისმიერ ანტიდეპრესანტს აჯობებდა ეფექტიანობით…

ხმოვანი კინო მას არაფერში სჭირდებოდა –  მხოლოდ მიმიკებით და სულ უბრალო მოძრაობით შეეძლო ჰომერული სიცილის გამოწვევა…

ესპანელი ცისფერსისხლიანი წინაპრები, ალბათ, წარბშეკრულნი ადევნებდნენ თვალს საიქიოდან გვარისა და ღირსების შემარცხვენელს და ბრაზისაგან ამაყად აწკეპილი ულვაშები და სოლისებური წვერი უთრთოდათ – სევილიელი არისტოკრატი კამერების წინ ტაკიმასხარაობით ირჩენდა თავს…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: