Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘ვერანდა’ Category

აი, ძალიან მიყვარს, ვერანდიდან ფეხის ბაკუნი რომ მესმის და რა ვქნა. დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი ასე ცოტა რომ არ იყოს, მოლის ბლოგზე თავყრილობას გაცილებით ხშირად მოვაწყობდი. თუმცა, ხანდახან მაინც რომ ვახერხებთ შეკრებას, ეს უკვე კარგი ამბავი მგონია.

წინასააღდგომო აურზაური მეტისმეტად ადრე ხომ არ მოგივიდაო, მკითხავთ ალბათ. ვიცი, რომ იქამდე მთელი კვირაა დარჩენილი, მაგრამ აღდგომა ისეთი საოჯახო დღესასწაულია, სხვის კი არა, საკუთარ ბლოგზე სტუმრობისთვის ვერ მოიცლის კაცი. ჰოდა, მეც ვარჩიე, დღეს გაგმასპინძლებოდით, მითუმეტეს, გარეთ ისეთი სიცივეა, ბუხართან ჯდომასა და ცხელი ჩაის წრუპვაზე უარს არავინ იტყვის, თანაც ტკბილეულის თანხლებით.

სხვათა შორის, ამ ნუგბარს გემო სულ რამდენიმე წლის წინ გავუსინჯე – პანატერეაში მორიგი სტუმრობისას, პიცის დაგემოვნების მერე იქვე, მაღაზიაში შევყავი ცხვირი მეგობართან ერთად – ყავისთვის ნამცხვარი უნდა შემერჩია და მოახლოვებული აღდგომის აღსანიშნავად ვიტრინაში გამოფენილ ნაირ-ნაირ პასქებსაც ვერ ავუარე გვერდი გულგრილად. განსაკუთებით ფერადი ჩირით გაძეძგილმა შიგთავსმა მომხიბლა და ბევრი არ მიფიქრია – შინ წავაცუნცულე.

(more…)

Read Full Post »

იცოცხლე, კარგი რამეა მუდამ ლიტერატურულ სიახლეებსა და ინტელექტუალურ რამერუმეებზე წერა, მაგრამ ხანდახან ასეთებისგანაც იღლება ადამიანი, მითუმეტეს, როცა დარაბებს მიღმა უკვე ნამდვილად გაზაფხულია და ბლოგის გამოქვეყნების დრო რვა მარტს ემთხვევა. ჰოდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მოლის ვერანდაზე მოვკალათდეთ და ორიოდე სიტყვით კბილი გავკრათ ამ ყბადაღებულ დღესასწაულს, ზოგს ძალიან რომ მოსწონს და ზოგს კი ირონიულად ჩაქირქილებას აიძულებს ხოლმე.

ვხედავ, იასამნების სიმრავლემ გაგაოცათ – ვიცი, რომ ჯერ სეზონი არ დამდგარა, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც იშოვი. ალბათ, გეგონათ, რომ აქაურობა ვერცხლისებრი აკაციით დაგხვდებოდათ მორთული, აი, იმით, მთელი საბჭოთა კავშირი რატომღაც მიმოზად რომ თვლიდა. ყვავილების დიდი მოყვარული ისედაც არ გახლავარ, ყვითელი ფერი კი განსაკუთრებით არ მეპრიანება. აი, იასამანი სულ სხვა საქმეა – “ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეშიიიი, თუ არ ჩამატანეთ იასამანიიიი”…

მგონი, ყველანი აქ ვართ. ღუნღულა პლედებიც აქვეა, განსაკუთრებით მცივანებისთვის. ვინმე ღვთისნიერი ჩაის ჩამორიგებაში მომეშველოს და ეგაა. ჰო, თუ გასათბობად პლედი არ გყოფნით და ცოტა უფრო მაგარი სასმელი გესიამოვნებათ, მხოლოდ მითხარით და მაშინვე მოგართმევთ.

რითი დავიწყო, არც კი ვიცი… ალბათ, იმით, ამ მშვენიერ დღესასწაულს, არც მეტი, არც ნაკლები, ჯერ კიდევ ძველი რომაელები აღნიშნავდნენ თურმე, მათი ცოლები საჩუქრებს იღებდნენ, მონა ქალები – თავისუფალ დღეს და შეეძლოთ, მძიმე საქმისგან ოდნავ მაინც დაესვენათ.

(more…)

Read Full Post »

classic-lasagna

უნამუსოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც გიამბეთ და ორიოდე წიგნზეც, მაგრამ გულს მაინც რაღაც აკლდა, რაღაც არ მასვენებდა და როგორც იქნა, მივხვდი – სტუმრების აურზაური მომნატრებია, ბუხართან. ჰოდა, წვეულების მოწყობას რაღა უნდოდა – ერთი შეძახილი და… უკვე მესმის ვერანდაზე ფეხების ბაკუნი. მობრძანდით, გეთაყვა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლიათ, ისიც დაივიწყოთ, რომ სტუმრად ხართ და შეშის შემოზიდვაში მომეხმაროთ – დღეს განსაკუთრებით აგვიცივდა. თუმცა, როდის იყო, მოლის სტუმრებს ქარი და ყინვა აშინებდათ – სამზარეულოში ჩაიდანი უკვე თუხთუხებს, ბარში კი გაცილებით მაგარი სასმელებიც მომეძებნება.

იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, როგორ მიხარია თქვენი ნახვა – თავს არ შეგაწყენთ, თანაც, როგორც კი დაინახავთ, რა რთულად მოსამზადებელ კერძს შევეჭიდე თქვენი ხათრით, ამას ისედაც მიხვდებით. აი, უკვე გამოვიღე კიდეც ღუმლიდან, ახლა კოხტად დავჭრი, თეფშებზე ჩამოვარიგებ და შეგვიძლია, სუფრასაც მივუსხდეთ.

ოჰო, ისეთი აღტაცებული შეძახილები გამოიწვია ჩემმა კულინარიულმა შედევრმა, რომ აშკარაა, ეს კერძი მარტო მე და კატა გარფილდს არ გვყვარებია – თქვენც ლაზანიის თაყვანისმცემელთა რიგებში ბრძანებულხართ.

(more…)

Read Full Post »

gluhwein mulled wine

მობრძანდით, გეთაყვა. მობრძანდით, იმედია, კარზე დიდხანს არ მოგიხდათ კაკუნი – ბუხარში ცეცხლს ვანთებდი და, მგონი, ცოტა გალოდინეთ. ეს უზარმაზარი ტორტი, გული მიგრძნობს, ჩემია, ან რა დედუქცია ამას უნდა, როცა ვხედავ, რომ სამყურას ფოთოლიც მიუხატავთ და მოლი ბლუმიც მიუწერიათ კოხტად. მადლობა, ჩემო კარგებო. ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდით, მაგრამ გული მაინც ამიჩუყდა. არა, რა, მიყვარს დაბადების დღე, მითუმეტეს, თქვენისთანა სტუმრებთან ერთად. მართალია, საახალწლო სუფრა, საცივი, გოჭის კნაწუნა ყურები და გოზინაყი უკვე ყველას მოყირჭებული გვაქვს, მაგრამ ბლოგის ხუთი წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.

ცოტა არ იყოს, შეციებულები მეჩვენებით, თუმცა, რა გასაკვირია – ასეთი ყინვა თბილისში, კარგა ხანია, არ ყოფილა და გადავეჩვიეთ კიდეც. ოღონდ, ხომ იცით, ამაზე დილიდანვე ვიზრუნებდი – რა ხანია, ბუხარი გიზგიზებს და მთელ სახლში შეშის სურნელი ტრიალებს, ასე რომ, აქეთ მობრძანდით. ფუმფულა ბალიშები და უჯრულა პლედებიც მზადაა – ყველას გვეყოფა. სარწეველა სავარძელი მხოლოდ ერთია და მოგეხსენებათ, არავის ვუთმობ ხოლმე, მითუმეტეს, როცა რაიმე ამბის მოყოლას ვაპირებ. მოლისთან სტუმრობა რომ კულინარიული ისტორიის გარეშე არ ჩაივლის, ეგეც მოგეხსენებათ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოთავსდით, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და სტუმრად რომ ხართ, საერთოდ დაივიწყეთ – სუფრის გაწყობაში დახმარება მჭირდება :) თეო სალათებს გამოიტანს, მერი – ტკბილეულს, მე კი მთავარ გემრიელობას შემოვაბრძანებ საზეიმოდ – საშობაო განწყობას, ჩემს ირმებიან სვიტერთან ერთად, ცხელი გლინტვეინი შეგვიქმნის. როცა გარეთ რვა გრადუსი ყინვაა, ამაზე უკეთესი სასმელი ძნელად წარმომიდგენია.

(more…)

Read Full Post »

armagnac poster

მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.

თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.

ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…

(more…)

Read Full Post »

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Read Full Post »

chicken kiev officialაი, ახლა რომ ვინმემ თქვას, მოლი პურადძვირი მასპინძელიაო, ხმასაც ვერ ამოვიღებ, იმიტომ, რომ უკვე თვეზე მეტია, ზამთრის ბაღში ხმაურიანი წვეულება არ გამართულა; ამას მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება და, სიმართლე გითხრათ, შემრცხვა.

ბევრი ვიფიქრე, ამჯერად რით უნდა გავახარო სტუმრები, ალბათ, ისედაც გულნაკლულად რომ არიან ჩემზე-მეთქი და გადავწყვიტე, გამოჩენილი უყურადღებობის გამო, უფრო რთულ მისიას შევჭიდებოდი – არც მეტი, არც ნაკლები, სახელგანთქმული კიევური კატლეტები დამეხვედრებინა თქვენთვის.

ისე, უნდა გამოვტყდე, რომ კარგად ვიწვალე – აქამდე არასოდეს მომიმზადებია და რას ვიფიქრებდი, ასე თუ გამიჭირდებოდა; თუმცა, მგონი, ურიგო არ გამოვიდა – ვაღიარებ, რომ, სანამ მოხვიდოდით, ერთი ცალი სრულიად შემთხვევით შემომეჭამა.

ახლა, რომ აღარ გალოდინოთ, მოშინაურდით – უცხო ისედაც არავინ გვირევია; რუსო და ბიბი სუფრის გაშლაში მომეხმარებიან, ვინმემ ბუხარსაც მიხედოს, სასმელსაც გამოვიტანთ და სხვა რაღა გვინდა…

თავადაც ხვდებით, რომ გასტრონომიული ორგია მოლისთან ისტორიული ექსკურსიის გარეშე არ ჩაივლის; ამიტომ, სანამ თქვენ მიირთმევთ, მე ორიოდე სიტყვით ამ გემრიელი სასუსნავის ისტორიას გიამბობთ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: