Molly Bloom's Day™

ზაფხული და არდადეგები ბლოგზე

Advertisements

ბავშვობაში სკოლა არ მიყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ არდადეგები მაინც ტკბილად მახსენდება.

საახალწლოც, საგაზაფხულოც, ოთხდღიანიც, ორკვირიანიც, ასეთიც, ისეთიც… და ყველაზე მაგარი – სამთვიანი საზაფხულო არდადეგები. ბევრი მზე, ბევრი ზღვა, ბულვარში ბოდიალი, ბევრი წიგნი, კინო და ტელევიზორი, უგემრიელესი ნაყინი, ტარხუნის ლიმონათი და რძის კოქტეილი. რაც მთავარია, სრული თავისუფლება და არაფრისკეთება. აბსოლუტური ბედნიერების ხანა.

ალალად გეტყვით, ბლოგერული შვებულებაც არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.

ერთი ძველი ფილმისა არ იყოს, ამ სასტუმ ბლოგზე დირექტორი მე ვარ, არავინ არ მამოწმებს და არც არაფერს მავალებს. წესები თუ მაქვს, ისევ ჩემი დადგენილი, მაგრამ ნეტარი (და დამსახურებული) უსაქმურობა მაინც ძალიან მიხარია.

დამსახურებული, შესაძლოა, ცოტა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მართლა ასეა :) სეზონი არ ჩაგვიგდია, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგვიტოვებია, მაისის წიგნის ფესტივალი კარგად მოვიარეთ. ახლა დასვენების დროა.

შვებულებაში გავდივარ :happy:

ოღონდ არ იფიქროთ, ხვალიდან აქაურობას ვეებერთელა ბოქლომს დავადებ, გასაღებს საიმედოდ გადავმალავ და შემოდგომამდე ჟანგის მოსადებად გავიმეტებ. რას ამბობთ, მაქსიმუმ ერთი კვირა (ჰა ჰა, ორი) ვიცხოვრო ისე, ახალ ბლოგებზე, გამხსნელ სურათებზე, ტრეფიკზე და კომენტარებზე არ ვიფიქრო. მერე ისევ მოვბრუნდები. ზაფხულობით ბლოგზე უამრავი საქმეა.

ჯერ კოსმეტიკური რემონტია ჩასატარებელი. იერსახე შესაცვლელია, ავატარიც და ჰედერიც. ჩემი წითელმანქანიანი თარო, ბევრი მიზეზის გამო, ძალიან მომწონს, მაგრამ, ვფიქრობ, შეცვლის დრომ უწია. სამ თვეში როგორმე ჩავანაცვლებ.

მერე აქაური გვერდებია მისახედი. ძველ მკითხველებს გეცოდინებათ, ბლოგზე ყველაზე აქტუალური და გამორჩეულად საინტერესო თემები ცალკე ლაგდება, ბებია ასტრიდი, მაგალითად, ძველი თაროკლიშე, წიგნის ფესტივალი.. ჰოდა, სულ მცირე, “ნაკადულიც” გვჭირდება. ჩვენი ბავშვობის ყველაზე ფერად გამომცემლობას პერსონალური, მუდმივად განახლებადი გვერდი ნამდვილად ეკუთვნის. სხვა თემებსაც მოვიფიქრებ.

პლუს, ათასი წვრილმან-მსხვილმანი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები. მოკლედ, საქმე არ გამომელევა. მერე რა, რომ თოთხმეტში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. La Furia Roja-ს გულშემატკივრობა მუშაობაში ხელს არ შემიშლის. დავიკაპიწებ ხელებს, დავიხურავ ჩაფხუტს და გავალ ხარაჩოზე.

ოღონდ ეს ბლოგერული შვებულება Karlsson på taket • გოდორა კარლსონს არ ეხება. ფეისბუქი მისწრებაა, მკითხველთან კონტაქტისთვის ყველაზე მოსახერხებელი სივრცე. ძლივს ავამუშავე, ნორმალურ, თავმოყვარე გვერდს დავამსგავსე, შუა გზაზე ვერ მივატოვებ. თან ზაფხული მოდის, ქუჩის ბუკინისტების სეზონი, მე კი ძალიან ბევრ წიგნი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი და კიდევ უფრო მეტი – მოსაძებნი.

მოკლედ, ოქტომბრამდე თავი. როგორმე. აქ შევიქციოთ. ოქტომბრიდან მეცხრე ბლოგერულ სეზონს დავიწყებთ. ოთხი თვე რაა, თვალსა და ხელს შუა გაირბენს.

Karlsson på taket • გოდორა კარლსონი

Advertisements

Advertisements