მაისის წიგნის ფესტივალზე, როგორც წესი, ასე ხდება: ოთხი საფესტივალო დღიდან ორს სამსახურში ვატარებ და ბიბლიორიარიას შორიდან ვუყურებ. წიგნებისთვის შაბათ-კვირა მაქვს გადანახული.
ამჯერად რაღაცები შევცვალე. მივდექი, მოვდექი, ხალხი შევაწუხე, ორდღიანი შვებულება გავახერხე და “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში სრული ოთხი დღით დავბანაკდი.
წლევანდელ ფესტივალს, გასაგები მიზეზების გამო, მკითხველი და მნახველი რომ დაკლებოდა, ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ არა, სამუშაო დღის კვალობაზე ხუთშაბათსაც ხალხმრავლობა იყო, პარასკევსაც, არც შაბათის წვიმას შეუშინებია დიდად ხალხი და დღეს ისე გადაჭედილი დამხვდა მეექვსე პავილიონიც და მეთერთმეტეც, გზა ძლივს გავიკვლიე. მოკლედ, გუშინდელ წვიმას ვინც მოერიდა, ყველამ დღეს იხელთა დრო.
საგანგებოდ მომარჯვებული, წუთებში გაწერილი განრიგი და გეგმა ნამდვილად არ მქონია. ფესტივალს სტუმრებიც მრავლად ჰყავდა და პრეზენტაციებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მიყოლებით ყველას და ყველაფრის მოსმენა აზრადაც არ მომსვლია. ასეთი კამიკაძე და თავდადებულიც ვერ ვარ. და, საერთოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება და ბედნიერება ბევრი თავისუფალი დროა. როცა გინდა, მიდიხარ, რასაც გინდა, უსმენ, სადაც გინდა, დაბოდიალობ, არსად ყოფნა არ გევალება, არავის არ აწუხებ, არავინ არ გაწუხებს.
ერთი კი ვიფიქრე, ვლადიმირ სოროკინს ღრმად აქტუალურ “ოპრიჩნიკის დღეზე” ხელს მოვაწერინებ-მეთქი, მაგრამ მომერიდა. კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს.
ახალი წიგნების პირადი საფესტივალო მინიმუმის ამბავი პირველივე დღეს მოვაგვარე. ათასჯერ მითქვამს, მაისის წიგნის ფესტივალი, დეკემბრის საახალწლო ბაზრობისგან განსხვავებით, ძალიან მომწონს, მაისში გულს არასოდეს მაკლია, მაგრამ ღმერთი, რჯული, ასე კმაყოფილი, მგონი, ჯერ არ წამოვსულვარ.
ბებია ასტრიდის “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” ახალი ყდით, ანე-კატერინე ვესტლის ახალი, მაგარყდიასნი სერიის საწყისი ორი ტომი, ახალი აკა, სამნაირი “სამნი ნავში”, მორიგი ლემონი სნიკეტი, ფერადი “თან საკითხავები”, “სულაკაურის” გრაფიკული პროზა – “დრაკულა” და “რობინ ჰუდი”, მარია ფარის “ვაფლის გულები” და ენიდ ბლაიტონის “ცნობილი ხუთეული”, გურამ მეგრელიშვილის “საქართველოს ალტერნატიული რუკა”, ევგენი ზამიატინის ლეგენდარული ანტიუტოპია და ჯორჯ მარტინის “ყინულის დრაკონი”… “სამნი ნავშის” რეტრო რეპრინტი ჩავაგდე დღეს ჩანთაში, ბავშვობა გავიხსენე და სულ სიცილ-ხითხითით ვიმგზავრე გამოფენამდე :)
“John Wrap”-ს სასაჩუქრე წიგნები ხუთშაბათს შევაფუთინე და ისე მომეწონა, ლამის გაჩუქება დამენანა. კარგა ხანს ვჭოჭმანობდი, ხომ არ დავიტოვო-მეთქი. მერე შემრცხვა და გადავიფიქრე. შაბათს უკვე ჩემი წიგნებით მივადექი. ორივე თაროზე მიდევს და ისეთი ლამაზია, გახსნას არც ვაპირებ.
მოგეხსენებათ, ბიბლიოს გარდა, უბრალოდ გურმანიც რომ გახლავართ და სასუსნავების გარეშე არც ამ ფესტივალს ჩაუვლია. “პიატოს” ბელგიური ვაფლები იყო გადასარევი, შოკოლადითაც, კენკრითაც და ამ ვაფლების ხათრით უგემური ყავაც ავიტანე და შეკვეთის პერმანენტული დაგვიანებაც. ისე, ამხელა ფესტივალისთვის კინკილა კაფე და რამდენიმე, მუდმივად დაკავებული მაგიდა აშკარად ცოტაა. გასაგებია, ექსკლუზივი ტყუილად და შემთხვევით არავის აქვს, კონტრაქტითაა გათვალისწინებული, მაგრამ კონტრაქტებს რომ გავეშვათ, “სავსეს” სენდვიჩებიც დაგვხატავდა, “ტაბლა ექსპრესიც” და, ლუკა პოლარეს ნაყინზეც არავინ იტყოდა უარს.
მეექვსე, საბავშვო პავილიონშიც შევყავი ცხვირი. მშვენიერი გამოსულა, მყუდრო და ძალიან ფერადი. ჰოდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი (არც გამეორება დამეზარება, არც ახალ-ახალი არგუმენტების მოფიქრება): საბავშვო საკითხავს საყმაწვილოც რომ დავუმატოთ, საბავშვო ჟურნალებს, სათამაშოების და ხელნაკეთობების მწარმოებლებს შევეხმიანოთ, სამიზნე აუდიტორიით დაინტერესებული სპონსორები მოვიძიოთ, პატარა მკითხველისთვის საინტერესო ღონისძიებები დავგეგმოთ, გადასარევი საახალწლო საბავშვო წიგნის ფესტივალი გამოგვივა. გარისკვა და პირველი ნაბიჯის გადადგმა ჭირს, თორემ მერე წავა რიხინით.
სხვათა შორის, არც ძველი თარო დამრჩენია შეუვსებელი. ხუთშაბათს დილით, გამოფენისკენ მიმავალმა, “დინამოსთან” რომ ჩავუხვიე, ბუკინისტების ფარდულები უკვე ღია იყო. გულმა, რასაკვირველია, არ მომითმინა და შევძვერი, მეთქი, იქნებ, რა აქვთ… რაც ვიპოვე, სამშაბათს გაგიზიარებთ :)
მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე ძლივს გამოვყავი ფესტივალისთვის, მაინც კმაყოფილი ვარ :) დღეს საფუძვლიანად “დავბანაკდი” გამოფენაზე – ამდენი კარგი სიახლე და საინტერესო პრეზენტაცია ალბათ წლის ბოლომდე აღარ გვექნება. ახლა ყველზე სასიამოვნოს – “დაგემოვნებას” – მივხედოთ ^_^
LikeLike
წლის ბოლოსაც რომ არ იქნება, ამაშია საქმე )
LikeLike
აუ, “‘სამნი ნავში” საყიდელია, ვესტლიც <3
LikeLike
აუჰ, კი ) არ ინანებ )
LikeLike
[…] « რა ხდებოდა წიგნის ფესტივალზე […]
LikeLike