ბავშვობაში ლოგოს მნიშვნელობა და დანიშნულება მესმოდა და ყველა გამომცემლობას ვცნობდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ. ერთი ის ვიცოდი. ყდას “ნაკადული” თუ ეწერა და წიქარაზე ამხედრებული ბიჭი ეხატა, საჩემო იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა.
“ნაკადულის” სხვა ლოგოც რომ არსებობდა, მერე აღმოვაჩინე, უკვე მოწიფულობის ჟამს.
თანამედროვე “ნაკადულზე” ვერაფერს გეტყვით. საუკუნეა, არაფერი მიყიდია. გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზეც, წელიწადზე მეტია, სიჩუმეა. ამბობენ, დღესაც არსებობს და რაღაცებს ბეჭდავს კიდეცო. იატაკქვეშ და პარტიზანული მეთოდებით თუ მუშაობენ, არ ვიცი, მე არსად გადავყრივარ. მოკლედ, ახალი იქეთ იყოს და ძველს ორი ლოგო ჰქონდა – შვლის ნუკრი და წიქარა.
სიმართლე გითხრათ, ასე მე ვეძახი, თორემ არც აღწერა წამიკითხავს სადმე, არც შექმნის ისტორია. ამგვარი დეტალების მოძიება, აკინძვა, ძველი და ახალი მკითხველისთვის მიწოდება, წესით, გამომცემლობის საქმეა, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები და “წვრილმანებისთვის” ვერ მოიცალეს.
რა გაეწყობა. ისევ ჩემი თაროებით გავალ ფონს. სხვა თუ ვერაფერი, დავიწყებ მაინც. მერე და მერე სალაპარაკოც მოგვიმრავლდება და სტუმრებიც დაგვეხმარებიან. ბლოგის დახურვას ჯერ არ ვაპირებ. სად გვეჩქარება. ყველაფერს მოვასწრებთ.
მთავარ ქართულ საბავშვო გამომცემლობას თავიდან (ანუ, 1938 წლიდან) “საბლიტგამი” – საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა – ერქვა და ლოგო არ ჰქონდა. 1960 წელს უსახური და არაკეთილხმოვანი აბრევიატურა ნათელი და პოზიტიური “ნაკადულით” ჩანაცვლდა და, ცოტა ხანში, პირველი ლოგოც გამოჩნდა – უსაყვარლესი შვლის ნუკრი.
1968 წლის “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი”, 1969 წლის “ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”, “სან ლორენცოელი ბიჭები” და “ალისა საოცარ ქვეყანაში” (ასე ერქვა პირველ გადმოქართულებულ ალისას), 1970 წლის ლაზური ზღაპრები, 1972 წლის “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები” და “მზის მატარებელი”, 1973 წლის “სამი გოდორა”, 1974 წლის “მერი პოპინსი”… ყველა ამ (და ბევრ სხვა) წიგნის ყდას და თავფურცელს ვაჟას უკვდავი პერსონაჟის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება ამშვენებს.
აი, 1974 წლის “ჯადოსნური კაბის”, 1976 წლის “ბურატინოს თავგადასავლის”, 1978 წლის “მეფე მათიუშ პირველის”, 1979 წლის “ვინი პუჰის და მისი მეგობრების” ყდაზე უკვე ჩემი თაობის წიქარაა.
თითქოს ყველაფერი გასაგებია. სამოცდაათიანების შუა წლებამდე შვლის ნუკრი ყოფილა, მერე წიქარას ჩაუნაცვლებიაო. სინამდვილეში, ასე მარტივადაც ვერ არის საქმე. “უფლისწული და მათხოვარი”, მაგალითად, 1966 წლის გამოცემაა, “შავი ისარი” – 1967 წლის. ორივეზე წიქარა იწონებს თავს.
როგორც ჩანს, “ნაკადულს”, თავის დროზე, ერთი, უნივერსალური ლოგო არ შეურჩევია. შვლის ნუკრს და წიქარას ერთდროულად იყენებდნენ. ჯერ ერთი იყო უფრო ხშირად, მერე – მეორე.
“ნაკადულის” ისტორია, იმავდროულად, ჩვენი საგამომცემლო საქმის, მთარგმნელობითი სკოლის, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის ისტორიაცაა. ლოგო, ერთი შეხედვით, მცირე და უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ამ დეტალის ჩხრეკაც ძალიან საინტერესო და ჩამთრევია. ჯერჯერობით, ბევრი არაფერი ვიცი, პასუხებზე მეტი კითხვები მაქვს, მაგრამ პასუხებსაც აუცილებლად მოვძებნი და გაგიზიარებთ.
ამ ორ ლოგოს შორის უმჯობესის არჩევა, ცოტა არ იყოს, უადგილო მგონია, მაგრამ თუ ვინმემ მაინც იკითხა, რომელი უფრო მოგწონსო, პასუხი მზად მაქვს. წიქარა ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებებია და ვერაფერში ვერ გავცვლი, უფრო ლამაზი და დახვეწილი, ცხადია, შვლის ნუკრია.
ჩემი ღრმად სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, გემოვნებაზე არ დავობენ.
შემოვაღწიე, როგორც იქნა.
შვლის ნუკრი უფრო ლამაზია, ალბათ, მაგრამ ბრენდის მიზნებიდან თუ შევხედავთ, წიქარა ისე წარუშლელად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, რომ ალბათ, არ შევცვლიდი. თუმცა, ვის სცხელოდა ამაზე საფიქრად ალბათ.
რამდენი ახალი წიგნი გამოიცემა უკვე და არც გამომცემლობების ნაკლებობაა (ნუ, შედარებითია ყველაფერი), მაგრამ ამ წიგნებს რომ ვუყურებ, სასწაულია მართლა. არადა, რომ დავფიქრდი, რამდენი გაიფანტა ნაცნობ-მეგობრებში, საცოდაობაა და მეტი არაფერი. მეც უნდა დავიწყო ხელახლა შეგროვება, სანამ ბავშვი კითხვას დაიწყებს. იმედია, მადლობას მეტყვის :)))
LikeLike
შემოანათე ავატარით ^^
აუჰ, დაიწყე შეგროვება <3 შენც ისიამოვნებ და ბავშვიც ათას მადლობას გეტყვის. ადგილებს მიგასწავლი და რაღაცებს შემოგაშველებ კოლექციისთვის <3
LikeLike