ნანატრი გაზაფხული, როგორც იქნა, დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლის ვერანდაზე ჟრიამულის, სასუსნავების, ცხელი ჩაისა და ყავის და, რა თქმა უნდა, კულინარიული ისტორიების დროა.
ჩემს სტუმრებს სტუმრები აღარც ეთქმით – ყველა იმდენად შინაურია, რომ შეპატიჟება აღარ სჭირდებათ, უჩემოდაც მშვენივრად იციან, სად პლედის პოვნა შეიძლება, სად – ნუგბარისა. გამოგიტყდებით, ძალიანაც მიხარია, ვერანდაზე ასე გემრიელად მოკალათებულებს რომ გხედავთ. ისღა დამრჩენია, ცხელი სასმელი შემოგთავაზოთ (აპრილის კვალობაზე მაინც უჩვეულოდ გრილა) და დღევანდელი თავყრილობისთვის საგანგებოდ მომზადებული ლიმონიანი ჩიზქეიქი ჩამოვარიგო ფერად-ფერადი თეფშებით.
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ეს უგემრიელესი დესერტი აქამდე ჩემსავით წმინდა წყლის ამერიკული ეგონა. ჰოდა, ოლოლი თქვენ! თურმე პირველი ჩიზქეიქებით ბერძენი ოლიმპიელები იტკბარუნებდნენ პირს ჯერ კიდევ VIII-VII საუკუნეებში, მერე ასპარეზზე გამოდიოდნენ და ვისაც მეტი ჩიზქეიქი ჰქონდა მირთმეული, ბურთიც მისი იყო, მოედანიც და დაფნის გვირგვინიც. ასე გვიამბობს კატონი-უფროსი თავის ნაშრომში მიწათმოქმედების (გაგეცინებათ, მაგრამ ასეა) შესახებ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, კუნძულ სამოსადან რომ აუდგამს ფეხი ამ ჩვენი ჩიზქეიქის წინაპარას, იმდენი უხეტიალია, პირდაპირ იულიუს კეისრის სუფრაზე მოხვედრილა და დიდი რომაელისთვის ფრიად მოუწონებია თავი. ურბანული ლეგენდები და ძველბერძენი ბლოგერები ამბობენ, რუბიკონის გადალახვის წინაც კარგად ჩაიკოკლოზინა ყელიო. ერთი ეგაა, მარტის იდები რომ დამდგარა, რაღაცა უმადოდ ბრძანებულა და ერთგული მონისთვის ლანგარზე აუკრავს ხელი – ეს ჩიზქეიქი აქედან მომაშორეო. მე თუ მკითხავ, სულ ტყუილად – ეჭამა დალოცვილს, იქნება, სენატში უკეთეს ფეხზე მისულიყო.
კეისრის სასახლიდან ხაჭოიანი ნუგბარი ჯერ ბერძენ არისტოკრატებში გავრცელებულა, მერე – იმპერიის კოლონიებში და ყველაზე მკვიდრად ძველ, ტრადიციულ ინგლისში გაუდგამს ფესვი. ალბიონზე, მოგეხსენებათ, არც ძროხების სიმცირეს უჩიოდნენ, არც რძე-კარაქისას და კვერცხიც ბლომად ეშოვებოდათ. ჰოდა, აცხობდნენ და მირთმევდნენ – რა ენაღვლებოდათ.
ამასობაში ნეტარხსენებულმა კოლუმბმაც მიუსწრო, აღმოაჩინა ამერიკა და პირველმა ემიგრანტებმა ჩიზქეიქის რეცეპტიც ახალი კონტინენტისკენ გაიყოლეს. ჰოდა, კლასიკური ჩიზქეიქიც ნელ-ნელა, ამერიკელ ერთან ერთად გაიზარდა, დაიხვეწა და კიდევ უფრო ნაზი და ჰაეროვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.
სულ ახლახანს, XIX საუკუნეში, ჩესტერში ერთ ენერგიულ და მშრომელ ფერმერს – უილიამ ლოურენსს უცხოვრია. თურმე, ნუ იტყვით და ამ პატიოსან კაცს აჩემებული ჰქონია, ფრანგული ნევშატელის ყველის რეცეპტს უნდა მივაგნოო და ექსპერიმენტს ექსპერიმენტზე ატარებდა თურმე. ნევშატელისა რა მოგახსენოთ და ფრიად ჰაეროვანი ნაღების ყველი კი გამოსვლია, რომლისთვისაც ფილადელფია დაურქმევიათ და კლასიკური ჩიზქეიქის აუცილებელი კომპონენტიც გამხდარა.
ასე შეგვრჩა მე და ჩემისთანა მსუნაგებს ეს საოცარი ნუგბარი საკუთარი თავისა და საყვარელი სტუმრების გასახარად.
გემრიელად მიირთვით, გეთაყვა.
ეს მინდოდა ახლა მე? :D ამ ბოლო დროს ისედაც შიმშილის უსაფუძვლო შემოტევებს ვებრძვი და აჰა… ჩიზქეიქი…
LikeLike
როგორც იქნა, ჩემი მუდმივი საშვით ვარ ამ ბლოგზე კი არადა, ვერანდაზე და ყოველ ჯერზე კოდის ხელახლა აკრეფა არ მიწევს :))
ჩიზქეიქი უგემრიელესი რამაა, ერთი ეგაა, ამ ბოლო დროს ტკბილეულზე უარი ვთქვი, მაგრამ ჩიზის მომზადების პროცესიც კი ძალიან სასიამოვნოა.
პოსტი მთლად გადასარევი. იულიუსზე გული დამეწვა, ეჭამა მართლა, ნასიამოვნები მაინც განისვენებდა….
LikeLike
Sweet, cheese.. I love the way it looks! Definitely tempting!! :)
LikeLike