ამ ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობის, ფერად-ფერადი “ნაკადულის” ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიას გავიხსენებთ-მეთქი, დაგპირდით.
პირველ ბლოგზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი, მშვენივრად დაწყებული და ვერდასრულებული ბიბლიოსერიის ამბავი მომეყოლა.
ძველი, კლასიკური “სათავგადავლო ბიბლიოთეკა” ცხადია, გეცოდინებათ. “სამი მუშკეტერი”, “საიდუმლო კუნძული”, “უთავო მხედარი”, ‘უჩინარი კაცი”, “უკანასკნელი მოჰიკანი”, ლემი, აზიმოვი, სტრუგაცკები, ბუთქუნა ტომები, გადასარევი საკითხავი (განსაკუთრებით მოზარდებისთვის), ერთი ეს იყო, რუსული ანალოგის ქართული ვერსია გახლდათ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსულ ბიბლიოგრაფიას მისდევდა ბეჯითად.
მოკლედ, 1958 წელს “საბლიტგამის” მიერ “გულივერის მოგზაურობით” წამოწყებული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” “ნაკადულმა” დაასრულა. დაასრულა და 1985 წლის ერთ მშვენიერ დღეს, რედაქციაში გადაწყვიტეს, პატარა მკითხველს თავგადასავლების გარეშე ვეღარ დავტოვებთო. ოღონდ რამე ახალი და ორიგინალური ვცადოთ, არავის და არაფრის კლონს რომ არ ემსგავსება, ისეთიო.
თქმა და ქმნა ერთი იყო. ასე გაჩნდა “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”.
დასაწყისისთვის ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე პოპულარული კრებული შეარჩიეს. 1978 წლის ლეგენდარული პეპი-კარლსონი ციმციმ განაახლეს, ყდას ფრიად სიმპათიური ლოგო მოარგეს და ბიბლიოთეკის პირველი ტომიც გამოცხვა.
იმავე წელს ახლადფეხადგმულ ბიბლიოთეკას ნობელიანტი სელმა ლაგერლოფის შედევრი, ერთხელ უკვე გადმოქართულებული და ბედნიერად მივიწყებული “ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა” შეემატა. პირველი, 1969 წლის ნილსი, თვალით არ მინახავს (არადა, ვკვდები, ისე მაინტერესებს, როგორია), სამაგიეროდ, მეორე ნამდვილი მარგალიტია და, მე თუ მკითხავთ, მთელი შრომა-წვალება მარტო ამ წიგნად ღირდა.
1986 წელს სერია ისევ ბებია ასტრიდის კრებულით გაგრძელდა. ამჯერად 1968 წლის “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” და და 1973 წლის “მაწანწალა რასმუსი” აიკინძა. რეპრინტმა აშკარად გაამართლა – ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) თაობის მკითხველმა ლილჩეპინგელი მაძებრები, რასმუსი და ოსკარი ასე გაიცნო.
გავიდა კიდევ ორი წელი და “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” მეოთხე ტომიც გამოამზეურეს – ერნესტ სეტონ-თომპსონის “როლფი ტყეში” და “პატარა ველურები”. როლფის და კუონების ამბავი ნამდვილად არ იყო ურიგო, მაგრამ სენგერელმა ინდიელებმა აშკარად დაჩრდილეს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს მეგობრებს რომ ვუხსენებ, პირველად იანი, სემი, გაი, კალები, ტიპი, კუ და გრან-კუ ახსენდებათ.
ისე გამოვიდა, ოთხ კინკილა წიგნში, ლევან ბოლქვაძესთან და კარლო კობერიძესთან ერთად, ლინდგრენის სამივე მთარგმნელი შეიყარა – ჯენეტ ბაჯელიძე, მედეა მთვრალაშვილი და ეთერ კუბლაშვილი. ოთხი ყდიდან, დღესაც რომ გვახსოვს და გვიყვარს, სამი დეა ჯაბუამ მოხატა.
კოხტად ჩამომწკრივებული ტომეულები ვისღა უკვირს, მაგრამ “ნაკადულის” ის პროექტი დღესაც ძალიან მომწონს. საინტერესოა, მერე რას აპირებდნენ. თარგმანებს მიჰყვებოდნენ თუ ქართველი ავტორების სათავგადასავლო პროზასაც მოიძიებდნენ, რეპრინტებს დასჯერდებოდნენ თუ ახალ გამოცემებსაც გაურევდნენ. ჩემს ძველ თაროებს რომ ვუყურებ, ‘მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკას” ფერენც მოლნარის “ბიჭები პალის ქუჩიდან” მოუხდებოდა, კლარა ფეჰერის “მე კუნძული მექნება”, ალექსანდრე ლორიას “ეს დაუდეგარი არდადეგები”, ლიბერა კარლიეს “ალტამარეს” საიდუმლო”, ნუგზარ აფხაზავას და ოთარ სადრაძის ფანტასტიკა, ერიხ კესტნერის “ტყუპთა ოინები”… თითებჩასაკვნეტი სერია აიწყობოდა. კლასიკურზე უკეთესიც კი.
ოღონდ აწი ამას ვეღარ გავიგებთ. “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” აღარ გაგრძელებულა. ძალიან კარგი ჩანაფიქრი უდროოდ შეწყდა, ჩვენ კი ძველ თაროებზე ოთხი უსაყვარლესი გამოცემა დაგვრჩა, ბავშვობის გასახსენებლად.
ეჰ, არადა რა დასაწყისი იყო…
LikeLike
არ თქვა )
LikeLike
ვაიმე, სენგერელი ინდიელები!
როგორ მიყვარს! <3
LikeLike
მეც ) დღესაც )
LikeLike