მეგობრები ვქაქანებდით ამას წინათ წიგნებსა და მთარგმნელებზე, რაღაცებს ვიხსენებდით, ძველებს, ახლებს, ჩვენი ბავშვობის საკითხავს და სიტყვას მოაყოლეს, ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი მარტო იმისთვის ეკუთვნის, კარლსონი და პეპი რომ თარგმნაო.
ჯენეტ ბაჯელიძეს ძეგლი კი არა, ამქვეყნად ყველა ჯილდო და სიკეთე ეკუთვნის, მაგრამ პეპი ნამდვილად არ უთარგმნია-მეთქი.
უნდობლად შემომხედეს – როგორ არა, ის წიგნი ხომ იცი, კარლსონი და პეპი ერთად, მისიაო.
კარლსონი – კი ბატონო, პეპი – არა და მეტსაც გეტყვით, ლინდგრენი ქართულად პირველად სხვამ თარგმნა-მეთქი. არ დამიჯერეს. არც ბლოგერის რეპუტაციამ გაჭრა, არც – ბიბლიოფილისამ.
ჩემი ნაფერებ-ნალოლიავები ბიბლიოთეკა და ყველაზე საყვარელი თარო იქ, ცხადია, ვერ მექნებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ჩავძვერი, პეპის მთარგმნელიც ვაჩვენე, სხვა რაღაცებიც. ვაჰ, არ ვიცოდითო – მოკაკვეს თითი.
არ გამკვირვებია. ბიბლიოგრაფიული ცნობარი, ალბათ, არსებობს კიდეც, მაგრამ უცებ რომ დაგჭირდეს, შესაძლოა, ვერც მიაგნო. ნეტში ინფორმაცია ლამის სანთლითაა საძებარი. ვიკიპედიის “ნაკადულის” სტატიაზე წუწუნით, მგონი თავი მოგაბეზრეთ, ლინდგრენზე სტატიაში ქართულ თარგმანებზე, მთარგმნელებზე და ილუსტრატორებზე არაფერი წერია, მთარგმნელების პერსონალურ გვერდებზე ლაპარაკიც და ოცნებაც ზედმეტია…
არადა, ბებია ასტრიდს რევოლუციამდე, ანუ 1968 წლიდან 1994 წლამდე, ოთხი მთარგმნელი ჰყავდა.
ჰოდა, დავწერ აქ, ეგებ ვინმეს გამოადგეს. ძალიან მარტივი სიაა. თვალის ერთი გადავლებით დაიმახსოვრებთ.
პეპი (მაღალიწინდაც, გრძელიწინდაც და გრძელწინდაც) ეთერ კუბლაშვილის გადმოქართულებულია. ქალბატონ ეთერს ლინდგრენის სხვა არაფერი უთარგმნია, მაგრამ “ფუსუსუნას” და “გავალების ტაბულის” ვალს მადლიერი მკითხველები ალბათ ვერც ვერასოდეს გადავიხდით.
“კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” (სამივე ნაწილი) და “მაწანწალა რასმუსი” მედეა მთვრალაშვილის თარგმნილია. 1986 წლის კალე-რასმუსი ხომ გახსოვთ, შეგვიძლია “საავტორო კრებულად” მოვიხსენიოთ. ლიდგრენი პირველად, შორეულ 1968 წელს, სწორედ ქალბატონმა მედეამ თარგმნა და ლილჩეპინგელი პატარა მაძებრებით ბავშვობა გაგვიხალისა.
“ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, “ჩვენც სალტკროკელები ვართ“, “ბიულერბიუელი ბავშვები” და “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი” კი ნამდვილად ჯენეტ ბაჯელიძისაა. ალბათ ამიტომ ახსოვთ ყველაზე უკეთ. სხვათა შორის, პირველი ქართული პეპის რედაქტორიც ქალბატონი ჯენეტი გახლდათ. პროპელერიანი კაცუნაც, მელკერსონების საოცარი ოჯახიც, კუპატა ჩორვენიც, ონავარი ემილიც – ყველანი მან შემოიყვანა ჩვენს ცხოვრებაში და აქ ძეგლი რა მოსატანია!
ლინდგრენის “ნაკადულის” ბიბლიოგრაფია აქ სრულდება და ახალ, თანამედროვე გამოცემებამდე კიდევ ერთი წიგნია, პაწაწუნა და უსაყვარლესი. “ცეროდენა ნილს კარლსონი” 1994 წელს გამოუცია საქართველოს შვედურ საზოგადოებას და მისი მთარგმნელი თავად ბაკურ სულაკაურია.
გასრულდა ესე ამბავი ლინდგრენის თარგმანებისა.
ჭირი იქა, ლხინი აქა :)
ნაკადული – ქართული საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობა. დაარსდა 1938 წელს თბილისში “საბლიტგამის” სახელწოდებით. 1960 წლიდან “ნაკადეული” ეწოდება. გამოსცემდა კლასიკოს და თანამედროვე საბავშვო მწერალთა ნაწარმმოებებს. ყოველწლიურად გამოსცემდა 150 დასახელების წიგნს 3 მილიონიანი ტირაჟით. “ნაკადულის” სერიული გამოცემები იყო: „იყო და არა იყო რა”, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები”, „მშვენიერების სამყაროში”, „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი”, „ქართველები დიდ სამამულო ომში” და სხვა. “ნაკადულის” ბიბლიოთეკებია: “ქართული პოეზია”, “პიონერი”, “ქართული საყმაწვილო ლიტერატურა” და სხვა. პერიოდული ალმანახებია: “ჩვენი კოცონი”, “ფრესკა”, “ჯეჯილი”, “ცოდნის კარი”. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 7, თბილისი, 1984, გვ. 301.
LikeLike
დავბეჭდე და მერე ვნახე, რომ “ვიკიპედიაში” ყოფილა. მოხსნა არ შეიძლება?
LikeLike
იყოს, ვის რას უშლის. ჰო, ვიკიპედიაში მარტო ესაა, მეტი არაფერი. ანუ, ძალიან ძალიან ცოტა.
LikeLike
ჰო, რა ვიცი… დიდი ამბით ამოვწერე ენციკლოპედიიდან და ყოფილა ვიკიში…
LikeLike
გავალების ტაბულა <3
LikeLike
ძიახთ ))
LikeLike
სამწუხაროა, რომ წელს გამომცემლობა „ნაკადულს“ 70 წელი შეუსრულდებოდა და ის კი აღარ არსებობს… უამრავი შრომა იყო ჩადებული ამ გამოცემებში, მე ამ ავტორებს პირადად ვიცნობდი. დედაც – ნორა ქართველიშვილი (
40 წელი იმუშავა იქ) და მეც ვმუშაობდი ამ გამომცემლობაში. და ის გაქრა როგორც „გამომცემლობა საქართველო“… საწუხარ არს ეს…
LikeLiked by 1 person
80 წელი შეუსრულდებოდა.
სამწუხაროა, ცხადია. ზუსტად წინა ბლოგი მაქვს “ნაკადულზე”.
LikeLike