ბლოგზე, მოგეხსენებათ, ამოჩემებული თემა არ გვაქვს. ერთფეროვნება მოსაწყენია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს. ოღონდ ყველაზე ხშირად მაინც ახალ წიგნებსა და ახალ გამომცემლობებზე ვქაქანებთ. თავიდანვე ამ გზას დავადექით და მივყვებით ერთგულად, მადლობა ღმერთს, სალაპარაკო აქამდე არ გამოგვლევია.
ძველი თაროების გადამკიდე, აწ უკვე გამქრალ გამომცემლობებშიც საფუძვლიანად გავერკვიე. “ფედერაცია”, “შრომა და ტექნიკა”, “საბჭოთა აჭარა”, “მერანი”, “საბჭოთა საქართველო”, “განათლება”, “სახელგამი”, ჩაბნელებული, მშიერი, ომგადატანილი ოთხმოცდაათიანების უცნაური გამომცემლობები უცნაური სახელებით – “გეა”, “კალთა”, “ზვარი”, “მოლოდინი”, “ქართული თეატრი”, კულინარიულ წიგნებს და დეტექტივებს რომ ბეჭდავდა აქტიურად… ყველაზე მეტი, ცხადია, “ნაკადული” მაქვს.
ჰოდა, ვფიქრობ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობას პერსონალური, მუდმივად განახლებადი რუბრიკა ეკუთვნის. ალალია და უსაყვედურო. მით უმეტეს, იუბილარია – დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.
ალბათ, გაგიკვირდებათ (რომ არ მცოდნოდა და ეთქვათ, მეც ძალიან გამაოცებდა), მაგრამ “ნაკადული” დღესაც არსებობს. წიგნებს რამდენად გამოსცემს, ვერ გეტყვით, საუკუნეა, მაღაზიაში ახალი არაფერი არ შემხვედრია, მაგრამ ფეისბუქზე იძებნება და შარშან რაღაცებს აზიარებდა კიდეც. ბმულს არ დავდებ, უხარისხო და უპასუხისმგებლო პროდუქტის ტირაჟირება არ მიყვარს და არც მკითხველს გავიმეტებ საამისოდ. თუ დაგაინტერესებთ, თავად ნახეთ და მითხარით, ასეთი ისტორიის გამომცემლობას ასე მიფუჩეჩებული გვერდი თუ ეკადრება.
მოკლედ, საკუთარი უგერგილობა იმათ იდარდონ, ვისთვისაც, წესით, მკითხველის ინფორმირება და სიახლეებით მომარაგება უპირველესი საქმე უნდა იყოს, ჩვენ ახალ რუბრიკას მივხედოთ. დროდადრო რაღაცებს მოგიყვებით. ნეტში “ნაკადულზე”, სამწუხაროდ, უსამართლოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ძალიან საჭირო და სასარგებლო ვიკიპედიის სტატიაც კი ერთადერთი, სავარაუდოდ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან აღებული მშრალი აბზაცით შემოიფარგლება.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ძველ გამომცემლობაზე ბევრი არაფერია მოსაყოლი, მწარედ ცდება.
“ნაკადულს” 1938 წლიდან 1960 წლამდე “საბლიტგამი” – საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა ერქვა. მაშინაც და მერეც პატარა და მოზარდ მკითხველზე იყო ორიენტირებული. საუფროსო წიგნებსაც ბეჭდავდა, მაგრამ ძირითადი მიმართულებისთვის არ უღალატია. ასტრიდ ლინდგრენი, ანე-კატარინე ვესტლი, გურამ პეტრიაშვილი, ალან ალექსანდრ მილნი, არჩილ სულაკაური, რენე რეჯანი, ერნსტ სეტონ-თომპსონი, მაყვალა მრევლიშვილი, ნოდარ დუმბაძე, იანუშ კორჩაკი, ჯანი როდარი, მურმან ლებანიძე, კარლო კოლოდი, ალექსანდრე ლორია, ქართველი და უცხოელი, მწერლების საბავშვო და საყმაწვილო მოთხრობები და ლექსები, ათასნაირი ზღაპრები, შარადები და გამოცანები, დასრულებული და ვერდასრულებული სერიები, ფანტასტიკური ავტორები, რედაქტორები და ილუსტრატორები – გასახსენებელი იმდენია, ნახევარს ვერ ჩამოთვლი.
ყველაფერი ერთნაირად კარგი და ხარისხიანი ვერ გამოდიოდა, დრო იყო უკუღმართი, მდარე საკითხავიც გამოერეოდა, უცნაური და სასაცილო შეცდომებიც, მესამე ენიდან (რუსულიდან) ნათარგმნი ტექსტებიც, მაგრამ “ნაკადული” სამამულო საგამომცემლო საქმის ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიის უდავოდ მნიშვნელოვანი ეპიზოდი, და, რაც მთავარია, ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ბავშვობის ნაწილია.
ადამიანი ასეა მოწყობილი, ბავშვობის მოგონებები განსაკუთრებით ეძვირფასება. “საბჭოთა საქართველოს” გამოცემული რა გახსოვსო, ნებისმიერ ბიბლიოფილს რომ ჰკითხო, შესაძლოა, უცებ, ვერც გითხრას, “ნაკადულის” ფერად-ფერად წიგნებს სხაპასხუპით ჩამოგითვლის.
მოკლედ, დღეიდან “ნაკადულის” ამბების მოყოლას ვიწყებ. ჩემს მკითხველს გადასარევად ვიცნობ. არ მგონია, ვინმემ იფიქროს, ჯობდა, ეს დრო რომელიმე თანამედროვე გამომცემლობისთვის დაგეთმოო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავწერ – იმათ ჯერ ოთხმოც წელს მიაღწიონ, მერე ვილაპარაკოთ.
[…] ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან […]
LikeLike