“დილას”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ჟურნალს, ლამის საბავშვო ბაღიდან ვკითხულობ.
ძველ ნომრებს ვეძებ ყველგან, სადაც ხელი, ფეხი და თვალი მიმიწვდება, არც ახლებს ვტოვებ უყურადღებოდ და გამომცემლობის ფეისბუქის გვერდიც ისე მაქვს გამოწერილი, არაფერი გამომრჩეს.
ზუსტად ამ ფეისბუქის გვერდზე მოგიყვებით. მოგიყვებით რა, გაოცებას გაგიზიარებთ. ბლოგის სათაურს კი ხედავთ და ქვესათაურად ნოდარ დუმბაძის ლექსის ოდნავ სახეცვლილი ბწკარი გამოდგებოდა:
“ამ ყმაწვ გვერდს არავინ პატრონობთ?”
ას ცამეტი წლის ჟურნალი თვიდან თვემდე ახალი ნომრების ყდებისა და ფურცლების გაზიარებით და გასვლითი შეხვედრების (ზედმეტად) ვრცელი ფოტორეპორტაჟებით რომ შემოიფარგლება, უცნაური კია, მაგრამ მთლად ასეც ნუ ჩავეძიებით. გამომცემლობას რედაქცია ჰყავს, რედაქციას მკითხველთან დიალოგი, უმდიდრესი არქივის გამოყენება, ინტერაქტივები, საბავშვო ლიტერატურის მიღწევებზე და პრობლემებზე საუბარი, სიახლეების განხილვა, მოკლე (და არც ისე მოკლე) რეცენზიები, სახალისო კონკურსები, ექსპერიმენტები და მომხმარებლის აზრის, განწყობის, სურვილების ყოველდღიური კვლევა, როგორც ჩანს, ზედმეტი ჰგონია – ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
დღეს ბევრად მარტივი კითხვები მაქვს. გაფიცებთ, მითხარით, რა საერთო აქვს საბავშვო ჟურნალს, სარემონტო რჩევებს და დენცქვიტებს?
არაფერიო, პასუხს ნუ იჩქარებთ. თავიდან მეც ასე მეგონა.
ეს ბმული ჯერ ტექნიკურ წუნს და ადმინისტრატორის უნებლიე შეცდომას დავაბრალე, დიდი ამბავი, ფეისბუქია, ვის არ მოსვლია, როგორც გამოქვეყნდა, ისე გაქრება-მეთქი… შენც არ მომიკვდე. არც არავინ შეწუხებულა. ამ ბლოგს რომ ვწერდი, გადავამოწმე, ისევ იდო. მერე წაშალეს.
მეორედ, სულ ახლახანს, 2018 წლის საუკეთესო დიეტებზე სიუჟეტი გაგვიზიარეს, კაცმა არ იცის, რამდენ ხანს დარჩებოდა “დეშ დიეტა” გვერდზე, ღრმად გაოცებულ მკითხველს რომ არ ეკითხა – რა უბედურებაა, საბავშვო დიეტაა თუ საბავშვო-ლიტერატურულიო. ესეც აიღეს.
ეს – წაშლილები. სილამაზის კონკურსის მონაწილე თანამშრომლის მხარდაჭერის თხოვნა დღემდე “დილის” თაიმლაინზე დევს კეკლუცად. როგორც ჩანს, არ ეჩოთირებათ.
სარეცხი საშუალებების, მეორადი სამოსის ახალი კოლექციის და ბოლო თაობის სპინერების სარეკლამო ბმულები ჯერ არ გამოჩენილა. ველოდებით. გასტრიტის სამკურნალო ხალხურ რეცეპტებსა და პრობლემური კანის მოსავლელ საშუალებებსაც გადაავლებდა კაცი თვალს, რატომაც არა.
თითქმის დარწმუნებული ვარ, შემომედავებიან, ჩვენი გვერდია, რასაც საჭიროდ ვთვლით, იმას ვაქვეყნებთ, მკითხველი კმაყოფილია, შენ ვის დაეკარგე, “В этом гостинице Я директор”-ო.
ჩემო კარგებო და ძვირფასებო, გამომცემლობის ფეისბუქის გვერდი პირადი ანგარიში არ არის. გარკვეული თემატიკით და გამომწერთა ინტერესებითაა შეზღუდული, რასაც გინდა, ნამდვილად ვერ დადებ, თუ, რა თქმა უნდა, ხარისხიანი გვერდი გაქვს და არა ციფრული გაუგებრობა.
იმ “კმაყოფილ მკითხველთაგან” ერთი მეც გახლავართ (“დილასთან” მეგობრობის ოცდათხუთმეტწლიანი სტაჟით). დღევანდელი უსახურობა, ცხადია, მხოლოდ მე არ მაწუხებს. ბარეორ უკმაყოფილო მომხმარებელს ვიცნობ (საბავშვო ლიტერატურასა და საგამომცემლო საქმეში სიტყვა რომ ეთქმით და ჭკუა მოეკითხებთ), მაგრამ სხვისი სახელით საუბარი არ მჩვევია.
თითქმის თერთმეტი ათასი კმაყოფილი მკითხველიც ცოტა ისეთი ამბავია, სადავო… ტარანა თვლითაა, ციფრები საიმედო ინდიკატორია. უკუკავშირს გადახედეთ. “დილის” გვერდი ლამის 2011 წლიდან მახსოვს, ამდენი წელია, არსებობს და მოხერხებაა საჭირო, ასეთ ცნობად და კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებულ რესურსს მკითხველი აკლდეს.
ძვირფასო რედაქციავ, “დილა” ძალიან მიყვარდა და მიყვარს, დღესაც გგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, მეტწილად ძველი მოგონებების ხათრით. ჰოდა, გულით მინდა, მოწონების უფრო მეტი და ახალი მიზეზი მქონდეს. თავადაც გეცოდინებათ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, ერთხელაც გავიმეორებ – რასაც ფეისბუქით ავრცელებთ, ჯერ გვერდის გამომწერებისთვის უნდა იყოს საინტერესო და მერე თქვენი თანამშრომლებისთვის, ნაცნობ-მეგობრებისთვისა და პარტნიორებისთვის. მორიგი სარეკლამო ბმულის გაზიარებისას იქნებ ამ ფილტრზეც გეფიქრათ.
მარტივია, არა?
არ მგონია, რამე წააგოთ, ერთი უბრალო მკითხველის აზრს თუ გაითვალისწინებთ, უფრო პირიქით – “Когда мне будет приятно, я так довез почитаю, что и тебе будет приятно!”
რა საშინელებაა რომ ერთი ნორმალური სოც. მედია ვერ იპოვეს:/ მე არ ვადევნებ ამ გვერდს თვალყურს მაგრამ აუცილებლად ანფოლოუს გავუკეთებდი … დროს ფეხი უნდა აუწყოს დიდმაც და პატარამაც.
LikeLike
მეც ეს მიკვირს. არ თვლიან, ალბათ, საჭიროდ, თორემ ერთი სოცმედიამენეჯერის პოვნა რა გახდა.
LikeLiked by 1 person
რა დასანანია :(
LikeLike
ძალიან (
LikeLike
იუნი ტეხნიკია :)))
LikeLike
იუტე დონე იყო, რას ამბობ ) ძლივს ვშოულობდი )
LikeLike