რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.
სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.
ყველაზე ცხადად მაინც მაყვალა მრევლიშვილის ლექსები მაგონდება, მხიარული ნახატებით და პეტრე ერშოვის “კუზიანი კვიცი“ – ყდაზე უზარმაზარი ვეშაპი რომ ეხატა ზურგზე გაშენებული ქვეყნიერებით. საოცრად ამაყი და გაბღენძილი ვიყავი, ორივე რამდენჯერმე დამოუკიდებლად რომ მქონდა გადაბულბულებული. არც გოჭი გოჭანჭურის გამოთქმაზე მებორკებოდა ენა, ჭანჭიკელას ამბავსაც სხაპასხუპით ვკითხულობდი და ივანის სალახანა ძმებს – დანილოსა და გავრილოსაც მშვენივრად ვიცნობდი.
ჰო, კინაღამ არ დამავიწყდა?! ზღაპრების სქელზე სქელი კრებული – “იყო და არა იყო რა“ მაშინ თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ. იმხელა იყო, საწოლში ჩემზე მეტ ადგილს იკავებდა – ერთად გვეძინა ხოლმე.
დანარჩენი ქართული წიგნები ჩემი ბავშვობიდან უკვე ერთმანეთში მერევა, კარლსონიო, პეპიო, პოპინსიო, პატარა რკოს თავგადასავალიო, ნილსი და ბატებიო… ყველას რა ჩამოთვლის. სამაგიეროდ, უცხო ენაზე წაკითხული პირველი წიგნები მახსოვს ძალიან კარგად – უხვად ილუსტრირებული “ჩიპოლინო” და ძმები გრიმების ზღაპრები, ღია ფერის ყდით, მოზრდილფორმატიანი და მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი. სადა ილუსტრაციებიც თვალწინ მიდგას – ღვინისფერი ფანქრით შესრულებული ესკიზები. გაბღენძვა მაშინ უნდა გენახათ, დიდი გაჭირვებით, თითის გაყოლებით და ტუჩების ცმაცუნით, მაგრამ უფროსების დაუხმარებლად მეფის მოცეკვავე ასულების ამბავი რომ ჩავამთავრე.
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა. რა ხანია, მშობლებისა და ნათესავ-მეზობლების წიგნის თაროებში აღარ ვიქექები, საკუთარი ბიბლიოთეკა ისეთი მაქვს, ბევრს შეშურდება, მაგრამ მარცვალ-მარცვალ, წვალებით წაკითხული პირველი წიგნების გემო მაინც არ დამვიწყებია.
არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა ამაზე თქვენც. შეიძლება – კი, შეიძლება – არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეხსიერება კარგად რომ მოჩხრიკოთ, აუცილებლად გაგახსენდებათ.
ჰოდა, რომ გაიხსენებთ, აგერ ვარ და მეც გამაგებინეთ.
აუ მახსოვს მეორე კლასში ან პირველის დასასრულს მამიკომ მომიტანა წიგნი გეყოფა ეს ზღაპრები ეხლა სერიოზულ ლიტერატურაზე გადადიო:/ მაგრამ ვერ ვიხსენებ რომელი იყო .
მერე იცოცხლე წავიდა რიხინ რიხინით. ემილ ზოლას ნანა წავიკითხე მეორე კლასში , ნუ ვერ გავიგე ვერაფერი ცხადია და პატრონი სად მყავდა და რატომ არ ამართვა ეს წიგნი არ ვიცი.
LikeLike
ნანა ^^ უჟმური ყდა ჰქონდა, როგორ მახსოვს )
LikeLike
იმდენი (ზოგჯერ სულ რომ არ არის საჭირო) რამე მახსოვს, ამას რა დამავიწყებდა :)) 1995 წელს დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი ასტრიდის “ის” ცნობილი გამოცემა იყო :)
LikeLike
ის ცნობილი გამოცემა <3 ჭეშმარიტი კლასიკა )
LikeLike
ჩემი პირველი წიგნი იყო ტომ სოიერის თავგადასავალი და დღემდე ჩემს უსაყვარლეს წიგნად რჩება. 😊😊😊
LikeLike
ტომპასუხიარარის 💙
LikeLiked by 1 person
აუ შენ ბლოგზე რომ ვგიჟდები, მიხვდებოდი <3
ჩემთვის პირველი წიგნი იყო, პირველ კლასში რომ ვიყავი ნინო ნაკაშიძის- უღუ და თეთ, მამამ მომცა წაიკითხეო, დღემდე მახსოვს შინაარსი და ის, რომ 102 გვერდი იყო. ერთ დღეში წავიკითხე და თავი რაღაცა მეგონა.
რომ გავიზარდე, რაღაც კრებულში ვნახე და რაის 102 გვერდი, მოზრდილი მოთხრობაა, მაგრამ ის მომცრო ზომის წიგნად იყო, რაც მე წავიკითხე და დღემდე ასე ვთვლი, რომ ის იყო ჩემი პირველი წიგნი. :)
LikeLike
მადლობა, ლო ლი ^^ ძალიან გამახარე ^^
“უღუ და თეთ” მეც კრებულში წავიკითხე, ნინო ნაკაშიძის სხვა მოთხრობებთან ერთად ) ცალკე არც შემხვედრია.
LikeLike
პირველი წიგნი, უჩვეულოდ ცხადად მახსოვს, კონკია იყო (4-5 წლის ვიყავი მაშინ). რუსულად პირველად მამამ წამიკითხა “თეთრი ეშვი”, მანამდე ზღაპრებს ვკითხულობდი ხოლმე. სერიოზული ნაწარმოები “ბიძია თომას ქოხი” მაგონდება ^^
LikeLike
მე გვიან დავიწყე კითხვა, მანამდე საერთოდ არ მეცალა და არც ვიყავი დაინტერესებული. წლის მანძილზე ათას რამეზე დავდიოდი და აბა დასვენებას მოწყურებული, არდადეგებზე ხეებზე ვიღა იძრომიალებდა. მაგრამ მახსოვს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული გქვონდა და კიდევ “ქოსა ტყუილას” ამბები. ეგენი მიყვარდა. იყო სხვა წიგნებიც, მაგრამ პირველი ქართული წიგნი რაც პირდაპირ სულში გამიჯდა და დამამახსოვრდა იყო “ბიძია ტომის ქოხი” და მერე შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეირი”. რაც მე მაგ ორ წიგნზე ვიტირე, იმდენი ბედნიერება ყველას. სხვათაშორის რუსულად კითხვა უფრო ადრე დავიწყე ვიდრე ქართულად. ბევრი რუსული წიგნი გვქონდა და ალბათ მაგიტომ – კარლსონი, პეპი და მაუგლი წავიკითხე, და მერე ეგრევე მაინ რიდის უთავო მხედარს და თეთრ თათმანს მივადექი. ამისთვის საკმაოდ პატარა ვიყავი, და მაინც მახსოვს როგორ მომეწონა.
LikeLike
გადასარევი წიგნებით დაგიწყია )
LikeLike
ჩემი პირველი და ყველაზე საყვარელი წიგნი ქართული ხალხური ზღაპრების სქელი წიგნია. 💙
LikeLike
ჩემი პირველი წიგნი იყო აგნია ბარტოს საბავშვო ლექსები რუსულად, ოღონდ წაკითხვის რა მოგახსენოთ. დროშები ეხატა ყდაზე და დროშების წიგნს ვეძახდი. მაშინ კითხვა არ ვიცოდი არც ქართულად არც რუსულად.
LikeLike
ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ლოგიკურად გოგებაშვილი იქნებოდა ან ზღაპრები
იყო და არა იყო რა მეც მქონდა, ასე რომ შეიძლება მაქედან რამ.
ერშოვის ეგ წიგნი მეც მახსოვს :)
საბჭოთა ბავშვები მაგით ვართ გამორჩეული – ერთნაირი რაღაცეები გვახსოვს. :) რაც იშოვებოდა – ყველას ის ქონდა. :)))
LikeLike
ერთნაირი ბიბლიოთეკა გვქონდა საბჭოთა ბავშვებს ) თუკი რამე იყო ღირებული, თან იშოვებოდა, არ ვტოვებდით )
LikeLike