დარწმუნებული ვიყავი, რომ ასტრიდ ლინდგრენზე ახალს ვეღარაფერს დავწერდი – ათასჯერ მითქვამს და მომიყოლია მის პერსონაჟებზე, სიკეთით, სინათლითა და სითბოთი სავსე სამყაროზე, ბედნიერებაზე, რომელსაც გვჩუქნიდა თავისი ჯადოსნური წიგნები ყოველი ფურცლიდან… ასე ვფიქრობდი და თურმე შევცდი – უცებ აღმოვაჩინე, რომ თითქმის არაფერი მითქვამს თავად ფრუ ასტრიდზე – ადამიანზე და არა მწერალზე.
ვითომ ახლა ეგ რამ გაგახსენაო, მკითხავთ ალბათ. რამ და – რამდენიმე დღის წინ “ინტელექტის“ გამოცემული წიგნი დამხვდა შინ – “შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. ეპისტოლარულ ჟანრს ეჭვის თვალით თუ უყურებთ, სკეპტიციზმი, ცოტა ხნით, გვერდზე გადადეთ – სულ ტყუილად იწუნებთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასტრიდისა და ერთი გოგოს მიმოწერაა ამ წიგნში. გოგო საკუთარ თავს “ფსიქიკურად არც თუ ისე ჯანსაღ სარას“ ეძახის და, მინდა, გითხრათ, არც თუ უსაფუძვლოდ. სარა იუნგკრანცი რთული მოზარდია და ნაბიჯ-ნაბიჯ გადის გარდატეხის ასაკის ყველა ეტაპს, გადის მძიმედ, ფეხის ყოველ გადადგმაზე აწყდება ხან დეპრესიას, ხან არასრულფასოვნების კომპლექსს, სძულს მამა, მასწავლებლები, თანაკლასელები და, საერთოდ, მთელი სამყარო, რომელიც თავადაც არ ჩქარობს მსახიობობაზე მეოცნებე სარას შეყვარებას.
და რას აკეთებს ამ დროს სახელგანთქმული მწერალი, შვედი ჯადოქარი, კარლსონისა და პეპის გენიალური ავტორი, რომელიც ყოველდღე ათასობით წერილს იღებს, საიდანაც ერთი პატარა გოგოს სასოწარკვეთილი ძახილის გაგონება თითქმის შეუძლებელია?!
რას აკეთებს და საოცარი მოთმინებით, სითბოთი და სიყვარულით პასუხობს. მერე რა, თუ მიმოწერა ყოველდღიური არ არის?! რაც მთავარია, მწერალი სარასთვის დროს ნახულობს და ჰორალიკეს კარმიდამოსკენ გამამხნევებელ წერილებს აგზავნის. თანაც, იცით, როგორ? მოახტება ველოსიპედს და ჰერი, ფოსტისაკენ.
არ გეგონოთ, ფრუ ლინდგრენი ვინმეს მენტორად და ჭკუის დამრიგებლად ევლინებოდეს, როგორც უფროსებს სჩვევიათ ხოლმე. მართალია, ხანდახან კი მოძღვრავს, მაგრამ ერთხელაც არ შემიმჩნევია, რამეს აძალებდეს და თავზე ახვევდეს. ეს მიმოწერა მეგობრული უფროა – ცალ მხარეს სარაა, დაბნეული, საკუთარი თავის ძიებაში დაკარგულ გოგო თავისი დარდებით და პრობლემებით, მეორე მხარეს კი ასტრიდი – მოსიყვარულე დედა და ბებია, რომელიც მთელ თავისუფალ დროს შვილებთან და შვილიშვილებთან ატარებს, ხან პატარა ულეზე დარდობს, ხან მძიმედ დაავადებულ ძმაზე, ხან თავის ავადმყოფობაზე უყვება სარას, უყვება, როგორც ტოლსა და სწორს, ისე, რომ ზოგჯერ გავიწყდება კიდეც, ვინ არის ამ თბილი, თანაგრძნობით, იმედით, სევდით გაჟღენთილი ბარათების ავტორი. არადა, ეს ხომ ასტრიდ ლინდგრენია – ღიმილის ორდენის კავალერი, შვედეთის ეროვნული სიამაყე და ცოცხალი ლეგენდა!
ასე გადის მიმოწერაში წლები, ერთმანეთს სულ უფრო იშვიათად ეხმიანებიან, მაგრამ იგივე სითბოთი და სიყვარულით, როგორც უწინ. და აი, სარა იუნგკრანც-შვარტი, უკვე სამი შვილის დედა, უკანასკნელ ბარათს უგზავნის ქალს, რომელმაც მისთვის იმედი არ დაიშურა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. რას ეუბნება, ამაზე არაფერს გეტყვით – თავად ნახეთ კეთილი მეზღაპრისა და სმოლენდელი პატარა გოგოს მიმოწერა, მერწმუნეთ, არ ინანებთ.
ჰმ, მოვინიშნე
LikeLike
თითქმის დარწმუნებული ვარ, მოგეწონება )
LikeLike
უახლოეს მომავალში წასაკითხ წიგნებში! აუცილებლად! ზუსტად იმ ემოციას ველოდები ამ მიმოწერიდან, ახლა რომ მჭირდება :)
LikeLike
გადასარევი ) ბლოგსაც დაველოდები მაშინ )
LikeLike
სისულელე კი არა, ჩემმა შუათანა შვილმა ახლა წაიკითხა და რომ ვუყურებდი მისი კითხვის პროცესს, გული მიჩქარდებოდა 😊😊 ვერ მოვითმინე და პირველი რამდენიმე ფურცელი თავად წავუკითხე 😍😍😍
LikeLike
[…] და მისი პატარა მკითხველის მიმოწერა თარგმნა. “სულაკაურის” ვებგვერდზე […]
LikeLike