ბავშვობაში “დილის” ერთგული და მადლიერი მკითხველი გახლდით.
გამომიწერდა დედა მთელი წლისას (კიოსკში ნაყიდს რას ვიკადრებდი, აბონემენტი უნდა მქონოდა შინ დაგულებული), მერე ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და ერთი გენახათ, რა სიხარული იყო, დიდი ჩანთიდან ახალ ნომერს რომ ამოაძვრენდა.
იმ უსაყვარლეს, საუკეთესო მხატვრების მოხატულ, საბავშვო ლექსებით, პატარ-პატარა მოთხრობებით, სახალისო რუბრიკებით, ათასნაირი გამოცანებით, შარადებით, ფერადი კროსვორდებითა და რებუსებით სავსე ჟურნალს დროდადრო უცხო, უცნაური და განსაკუთრებული ნუგბარიც მოჰყვებოდა. გადავშლიდით შუა ფურცლებს და ნახატებით მოყოლილ თავშესაქცევ ამბებს ვკითხულობდით.
კომიქსი რას ნიშნავდა, მაშინ არ ვიცოდით, სიტყვაც არ გაგვეგო, მაგრამ “დილას” ბევრი ზუსტადაც რომ გია ლაფაურის შედევრების ეშხით ელოდებოდა.
ერთი “ბოცო და გვანცა” იყო – ჩვენი კბილა გოგო-ბიჭის მხიარული თავგადასავალი, მეორე – “ბოლოკა და ყვანჩალა” , ორი განუყრელი მეგობრის ფათერაკები – უცხო პლანეტებს სტუმრობდნენ, მეკობრეებს ერკინებოდნენ, ავტორალიში მონაწილეობდნენ, ბედუინებს წყლის პოვნაში შველოდნენ და ტროპიკებში მოხვედრილი თეთრი დათვის ბელის გადარჩენას ცდილობდნენ.
სულ ექვსი ეპიზოდი მახსოვს, ნომრიდან ნომერში იბეჭდებოდა გაგრძელებით. მაშინ ხომ ლამის ზეპირად ვიცოდი, არც მერე დამვიწყებია. პლანეტა ხილიანი, ხის რაკეტა და ნაყინის აისბერგი, მექანიკური ჭისმთხრელი, ბოროტი რობოტი… “მე შევქმნი ახალი ტიპის ზეძრავას, 1000 ყვავის ძალიანს” რაღაცნაირი კოდია, პაროლი, ვინმე რომ ახსენებს, გიხარია, ხვდები, რომ ბავშვობაში ერთ ჟურნალს კითხულობდით, ერთი პლანეტიდან ხართ.
ამას წინათ რუსთაველზე, რომელიღაც ბუკინისტურ დახლთან, “დილის” ბიბლიოთეკის” კიდევ ერთი გამოცემის – “აი იას” ძველ ნომრებს ყიდდნენ – თითოს 50 თეთრად. სულ ოთხი ნომერი ჰქონდათ. ოთხივეს ვტაცე ხელი, ოღონდ იქვე არ დამითვალიერებია, მეჩქარებოდა, ჩანთაში ჩავაგდე და გზა გავაგრძელე.
შინ მოვიცალე, მოვხალვათდი, გადავშალე ერთი – შუა ფურცლებზე (ზუსტად ისე, როგორც ადრე) “ბოლოკა და ყვანჩალა” დამხვდა. გადავშალე მეორე – ისევ “ბოლოკა და ყვანჩალა”. მესამეს და მეოთხეს უკვე ხელის კანკალით ვშლიდი. ოთხივეში ჩემი ბავშვობის კომიქსი აღმოჩნდა. ალბათ, ძველი პატრონიც კომიქსებს აგროვებდა. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი განცდები.
“ბოცო და გვანცას” თანამედროვე გამოცემაც არსებობს. მართალია, მხოლოდ ნაწილი, საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის ეპიზოდები, 2004 წელს დაბეჭდეს, დანარჩენსაც მალე მოგაწვდითო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, აღარც გახსენებიათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, “ბოცო და გვანცა” ხელმისაწვდომია და თაროზეც მიდევს. “ბოლოკა და ყვანჩალა” მხოლოდ ძველ ჟურნალებშია გაბნეული. 1991 წელს ცალკე აუკინძავს “სამშობლოს”, მაგრამ ისეთი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, სადმე წაწყდომის ალბათობა ნულს უკაკუნებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში ელვერსია კია ატვირთული, მაგრამ რა გასაკვირია, ნაბეჭდი რომ მირჩევნია.
არამკითხე მოამბეობა და უფასო რჩევების დარიგება, კი იცით, ჭირივით მეზარება. ეგეც არ იყოს, თანამედროვე “დილას” სარედაქციო პოლიტიკაზე, მარკეტინგზე, მკითხველებთან ურთიერთობაზე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური წარმოდგენა აქვს, საბავშვო ჟურნალის ფეისბუქის გვერდით, ყოველგვარი კომენტარის და ახსნა-განმარტების გარეშე, სარემონტო რჩევების სარეკლამო ბმულის გავრცელება ჩვეულებრივი ამბავია და არ მგონია, თუნდაც ძველი და ერთგული მკითხველების თხოვნა-დამუნათებამ გაჭრას.
ჰოდა, რა მოხდება, ადგეს რომელიმე ადეკვატური გამომცემლობა, საავტორო უფლებების საკითხი მოაგვაროს და “ბოლოკა და ყვანჩალა” ერთხელაც დაბეჭდოს. მიფუჩეჩებულ-მისამშაბათებული არა, თანამედროვე სტანდარტების შესაფერი, ისე, როგორც არაერთი შედევრი და საკულტო წიგნი გამოუციათ – ჩვენთან ასეთები. როცა უნდათ, გადასარევად ეხერხებათ. კინკილა კომიქსს გაუსაძლისი შრომა ნამდვილად არ დასჭირდება – არც ვეებერთელა ტექსტია სათარგმნი, არც რედაქტორი გაწვალდება. კუწკუწა თხელი ჟურნალი გამოვა – თავი ბოლო, JPEG-ის ფორმატის 24 ფაილია, მეტი კი არა.
დამფასებელი, მკითხველი და მყიდველი ნამდვილად არ დააკლდება, თავს დავდებ. ჯერ ის ხალხი იყიდის, ვისაც საკუთარი ბავშვობა ახსოვს და ეძვირფასება. მერე ისინი, ვინც ხარისხიან, საინტერესო, შემეცნებით “დილას” ვერ მოესწრო, მაგრამ გრაფიკული პროზის მოყვარული და გულშემატკივარია – პირად კოლექციაში პირველი ქართული კომიქსის დაბევება ბევრს ენდომება.
არც ასტრონომიული ტირაჟია აუცილებელი. მინიმუმიც იკმარებს. ვისაც უნდა, ყველას შეხვდება.
[…] არ მომიკვდე. არც არავინ შეწუხებულა. ამ ბლოგს რომ ვწერდი, გადავამოწმე, ისევ იდო. […]
LikeLike
[…] ლეგენდარულ კომიქსებს – “ბოცოს და გვანცას” და “ბოლოკას და ყვანჩალას” […]
LikeLike
ჰეჰ. ბავშვობიდან სათუთად გადანახული “ბოლოკა და ყვანჩალა” ახლაც საწერი მაგიდის უჯრაში მიდევს, შელახული ყდით :)
LikeLike