ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, ზღაპრებთან, ლექსებთან, მოთხრობებთან ერთად, ფერად-ფერადი ილუსტრაციებიც მომყვება.
ლექსი და მოთხრობა ბევრჯერ დამვიწყებია და გასახსენებლად გადაკითხვა დამჭირვებია. ნახატები – თითქმის არასოდეს.
განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ, ამერიკა ხელახლა არ აღმომიჩენია, თვალწარმტაცად მოხატული წიგნების მაგიის ამბავი ყველა პატარა მკითხველს გადასარევად მოეხსენება.
თუმცა რატომ მხოლოდ პატარებს. დავბერდი და სურათებიანი წიგნები ისევ ძალიან მიყვარს, დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვფურცლავ და ვათვალიერებ. ფერად ქინდლს (რიდერს და არა პლანშეტს) ზუსტადაც რომ ილუსტრაციების ეშხით ველოდები.
“ნაკადულს” და “საბლიტგამს” იმდენი გემრიელობა გამოუციათ, ყველას რა ჩამოთვლის. მე დავიწყებ, რაც ამ წამს გამახსენდება, წიგნებს და მხატვრებს, თქვენ ამყევით.
ალექსანდრე ბანძელაძის “მაუგლი“, ედუარდ ამბოკაძის “მიუნჰაუზენის თავგადასავალი”, ბესო ხიდაშელის და “დილის” კუდრაჭა გოგო-ბიჭები, ჯემალ ლოლუას ძმები გრიმების ზღაპრები, სამეულის უაილდისეული “ვარსკვლავბიჭუნა”, მანანა მორჩილაძის “ყვითელი კოდალას ორდენი” და დედაენა, დეა ჯაბუას “მერი პოპინსი“…
ქართული პეპი და კარლსონი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული თარგმანი, ლამის სასთუმალთან გვიდევს, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ის ჯადოსნური ყდა, ღრმა ბავშვობიდან რომ გვახსოვს და გვიყვარს, დეა ჯაბუას დახატულია.
გია ლაფაურის “ბოცოს და გვანცას” და “ბოლოკას და ყვანჩალას”, პირვეელ სამამულო კომიქსებს, პერსონალური ბლოგი ეკუთვნით.
და. რა თქმა უნდა, უბერებელი კლასიკა – პიკო ნიჟარაძის, თენგიზ მირზაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის მოხატული წიგნები.
კარგთან ერთად, ცუდიც ბევრია. ცუდს რა გამოლევს. უგვანი, უხარისხო და შეუხედავი ადრეც იყო, ახლაცაა და, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება. აქვე ჩამოგითვლიდით წიგნებს, ძველებსაც და ახლებსაც, მეორედ შეხედვა რომ არ მოგინდება და ძალაუნებურად გაფიქრებინებს ამათ პატრონს და გამომცემელს, ასეთ საშინელებას რომ ყიდის, ღამით როგორ სძინავსო.
საბედნიეროდ, კარგი მეტია. მეტი თუ არა, თვალშისაცემი მაინც. კარგ ილუსტრაციებს, ესეც ვაღიაროთ, არა ერთი და ორი წიგნი გაუყიდია.
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ ნახატებს იმდენი დამფასებელი ჰყავს, ბარე ორ მწერალს შეშურდება. რა გასაკვირია, რომ ქალბატონი ნინოს მოხატული ნებისმიერი წიგნი ბესტსელერობისთვისაა განწირული.
ჩემი ფეისბუქის გვერდზე გოდორა კარლსონს და მის ჯადოსნურ ოთახს დააკვირდით. ხომ გადასარევად კარგია? ირინა ცინცაძემ დამიხატა, John Wrap-ის დიზაინერ-ილუსტრატორმა.
ირინას ოცდაათზე მეტი საბავშვო წიგნი აქვს გაფორმებული აქაც და საზღვარგარეთაც. უცხოურებზე ბოდიში, ცოტა რთულად მოსახელთებელია და ჩვენები შინ მაქვს, ცალკე მიწყვია და ფურცვლა-თვალიერება არ მბეზრდება.
ირინას უცხოელი გამოცემლების და კრიტიკოსების ყურადღება ნამდვილად არ აკლია, არც დადებითი რევიუების სიმცირეს უჩივის. სულ ახლახანს, სააგენტო Kirkus-მა მისი მოხატული “Bear of Trees” 2017 წლის საუკეთესო საბავშვო წიგნების ჩამონათვალში მოახვედრა.
წელს, მოგეხსენებათ, ბებია ასტრიდის (ჩვენთვის) ორმაგი იუბილეა. ჰოდა, ჩემს ფერად ლინდგრენულ კოლექციას უდიდესი სიხარულით დავუმატებდი ირინას დახატულ რომელიმე წიგნს. კაცმა რომ თქვას, არც ისე რთულად მოსახერხებელი ამბავია.
კომენტარის დატოვება