სწორედ იმ დროს, როცა ჩემი მომავალი მოგზაურობის მარშრუტზე ვფიქრობდი, ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი – ისლანდიის პრეზიდენტი გრიმსონი უცხოელ ბლოგერებს შინ, ბლინებზე ეპატიჟებაო. უნდა იმ პატიოსან კაცს, რომ მისი ქვეყნის ისტორია, რაც შეიძლება, მეტმა ხალხმა გაიგოს და რას ერჩი. მე კიდევ ბლინებზე ვგიჟდები, მოკლედ, ჩვენი სურვილები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. არა, ჩემი მადის პატრონს მარტო ბლინებით რას გაისტუმრებს მასპინძელი, მაგრამ გეიზერში კვერცხების მოხარშვაზე მთლად ამოდენა პიროვნებას როგორ შევაწუხებ, სადმე რეიკიავიკის კაფეში დავაგემოვნებ.
ცოტა კი მეშორება ეს ისლანდია, სამაგიეროდ, ვიზა აღარ მჭირდება და დანარჩენს იოლად მოვაგვარებ. თქვენ უნდა ნახოთ, რა გაჯგიმული მოვკალათდები თვითმფრინავში და რეიკიავიკში ბიორკის New World-ის თანხლებით რა კმაყოფილი დავეშვები.
ახლა არ დამიწყოთ, კულტურული ძეგლების ჩამონათვალი გვაჩვენეო – ბლინები უპირველეს ყოვლისა! ერგონომიკული ზურგჩანთით რომ მივადგები პრეზიდენტის რეზიდენციას, მეტი არ მინდა, არ შემიშვან – ჩემს ყვირილს თბილისში გაიგონებთ.
აი, ცოტა ხნის მერე, ბლინებითა და ყავით ყელჩაკოკლოზინებული რომ გამოვალ და სასტუმროში დავბინავდები, პირველ რიგში, იმაზე ვიზრუნებ, რომ უახლოეს ტურში მოვხვდე აიკიურეირის მიმართულებით – ჩრდილოეთის ციალი უნდა ვნახო. ამბობენ, ისეთი სანახაობაა, თვალს ვერ მოსწყვეტო. ჰოდა, უნდა დავრწმუნდე.
მეორე ტური აუცილებლად “ედლის გადაღმა“ იქნება – სანამ იმ ცნობილ გამოქვაბულში არ შევიჭყიტები, ჯონ სნოუმ წითურთმიანი იგრიტის გამო უბიწოების აღთქმა სადაც დაარღვია, ისლანდიიდან ფეხს ვერ მომაცვლევინებენ. სხვათა შორის, სოლჰეირაღაცა მყინვარზეც ვაპირებ ფორთხვას.
აი, მესამე დღეს ჰაუკარლის დაგემოვნებით დავიწყებ. ცოტა ეჭვის თვალით კი ვუყურებ ზვიგენის აქოთებულ ხორცს, მაგრამ მთავარი ეროვნული კერძის გაუსინჯავად როგორ წამოვიდე? თუ არ მომეწონა, იოგურტის მსგავსი რაღაც რომ აქვთ, სკირს რომ ეძახიან, იმას დავაყოლებ და ეგაა. მერე ყავის დიდ და ქაფქაფა ფინჯანს მოვიდგამ გვერდით, ერთ პატარა ბლოგს ჩავაწიკწიკებ ჩემი მკითხველისთვისაც და ავიკრავ გუდანაბადს – დასაკარგი დრო სადაა, ტინგვედლირის პარკში ვიქნები წასასვლელი, აი, იქ, ქოფაკი კლიგანი რომ დაეხეტებოდა არია სტარკთან ერთად.
გეიზერების ველის – ჰაუკადალურის სანახავად მომდევნო დღეს დავირაზმები და შეიძლება, საღამომდე ვიჯდე და ვუყურო იმ საოცრებას, ცამდე ატყორცნილ ბუნებრივ შადრევნებს და გუდლფოსის ულამაზეს ჩანჩქერს.
ერთ დღეს, ალბათ, ქალაქში ბოდიალს მოვანდომებ – ფოლკლორის და ისტორიულ მუზეუმებში შევიხედავ, ჰათლგრიმსკირკიას მოვინახულებ – რეიკიავიკის მთავარ ეკლესიას, ყველა კუთხიდან რომ ჩანს. ბოლოს წიგნის მაღაზიების ჯერიც დადგება – ამ ციცქნა ქვეყანაში თურმე წლის მანძილზე ოთხასამდე წიგნს გამოსცემენ და რა ღმერთი გაუწყრებათ, “პატარა პრინცი“ არ ჰქონდეთ სადმე ჩემთვის გადანახული.
ამ ყველაფრის მერე როგორი გაბღენძილი დავბრუნდები გეიზერების ქვეყნიდან და რამდენს გექაქანებით იქაურ შთაბეჭდილებებზე, წარმოდგენა მეც კი მიჭირს, მაგრამ გმირულად უნდა გამიძლოთ და ყურადღებით მომისმინოთ.
ხომ მპირდებით?
ჩრდილოეთს სამხრეთი მირჩევნია – სითბო მიყვარს, მაგრამ ისლანდიაში მაინც წავიდოდი :) მერე რა, რომ რაც პასპორტი ავიღე, შვებულება არ მღირსებია :D
LikeLike
სადაა შვებულება (
LikeLike
ისლანდიაში ჯერ ვერ მივდივარ და მოგისმენთ, აბა რას ვიზამთ? :) ;)
LikeLike