შარშან, ნოემბერში, ასტრიდ ლინდგრენს 110 წელი შეუსრულდა.
ბებია ასტრიდის ფერად-ფერად წიგნებზე ჩვენთან თაობებია გაზრდილი. ნახევარი საუკუნეა, ვთარგმნით, ვკითხულობთ და გვიხარია, მაგრამ საიუბილეო წელი განსაკუთრებულად აღვნიშნეთ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ.
“სულაკაურმა” ერთხელ გამოცემული და ბედნიერად მივიწყებული “მადიკენი” ხელახლა გამოსცა. პირველი, “ჯეოპრინტის” 2004 წლის თარგმანი, სხვა წიგნებში ჩაიკარგა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ყველაზე თავს ვერ დავდებ და ბევრმა იუნიბაკენელი ახტაჯანა ზუსტადაც რომ “სულაკაურის” “მოსწავლის ბიბლიოთეკით” გაიცნო.
ეს იყო და ეს. მეტი არაფერი. არსაიდან ხმა, არსით ძახილი. არადა, საიუბილეოდ არც საკოლექციო კრებულები გვაწყენდა, არც ახალი თარგმანები (მადლობა ღმერთს, შვედური ენიდან თარგმნის ფუფუნება ნამდვილად გვაქვს), სამიოდე წლის წინ გამოცემული ლინდგრენის სოლიდური, ფუნდამენტური და ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის გადმოქართულებაც შეიძლებოდა.
მაგრამ არა. ვერ მოიცალეს.
წელს ბებია ასტრიდი 111 წლის ხდება.
შარშანდელი სურვილები, ცხადია, ისევ ძალაშია. “მადიკენის’ მეორე ნაწილს ველოდებით (რუსებს, მაგალითად, სრულად აქვთ. ქართულად, ჯერჯერობით, მხოლოდ ნახევარია თარგმნილი), საკოლექციო, შეზღუდული ტირაჟით გამოცემული, საუკეთესო ილუსტრატორების მოხატული კარლსონი, პეპი, ემილი და რასმუსიც გაგვიხარდება და გადმოქართულებული ბიოგრაფიაც. რუსულად კი მიდევს ქინდლში, მაგრამ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, ქართული რომ მირჩევნია.
2018 წელი სამამულო ლინდგრენოგრაფიისთვის კიდევ ერთი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ყველას არც ახსოვდეს – ლინდგრენი პირველად ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წელს ვთარგმნეთ.
ჰოდა, რა მოხდება, შეიკრიბოს ყველა გამომცემლობა, ვისაც ოდესმე ლინდგრენი გადმოუქართულებია (საქართველოს შვედური საზოგადოების ჩათვლით სულ ხუთია, მეტი კი არა) და ერთი დიდი ასტრიდობა მოაწყოს – შეხვედრებით, გამოფენებით, ლექციებით, ძველი და ახალი წიგნებით, მსუყე ფასდაკლებით, პოსტერებით და სუვენირებით.
ან, მთლად გადასარევი, იმ პირველი “კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის” ზუსტი ასლი გამოსცეს ვინმე მადლიანმა. ძალიან დროული, მნიშვნელოვანი და ძვირფასი არტეფაქტი გამოვა. ბიბლიოფილები და კოლექციონერები გაგიჟდებიან. ტირაჟს ერთ კვირაში დაიტაცებენ.
რაღაცებს მეც ვაპირებ. ახლა წიგნს ვერ გამოვცემ და ვერც ვერაფერს ვთარგმნი. სამაგიეროდ, ამ სასტუმრ ბლოგზე დირექტორი მე ვარ და ბლოგერული გეგმებიც ნამდვილად არ გამიჯანჯლდება.
ბებია ასტრიდზე ძალიან ხშირად გიყვებით, აქაც, ფეისბუქზეც, გულს არ მაკლია. ოღონდ, ერთად რომ შევაგროვე და გადავთვალე, სულ ცამეტი ბლოგი დამიწერია და შვიდ წელიწადში ცამეტი ბლოგი არც ისე ბევრია.
წელს ისევ ვაპირებ წერას. ყველაფერს რომ გავეშვათ, ვინმეს რომ დასჭირდეს და ნეტი მოქექოს, ლინდგრენის ქართულენოვან ბიბლიოგრაფიაზე, მთარგმნელებზე, ილუსტრატორებზე ბევრი არაფერი იძებნება.
კოლექციასაც მივხედავ. ძველი ნაწილი თაროზე დევს კოხტად და თვალს და გულს ერთად ახარებს. აწი, როგორც ვატყობ, არც არაფერი დაემატება. ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგისთვის უცნობ, კაცმა არ იცის, საიდან გამომძვრალ წიგნზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ მეეჭვება
სამაგიეროდ, ახალს აკლია რამდენიმე ეგზემპლარი. ახლების მოძიება უფრო ჭირს. 2002 წლიდან დაბეჭდილი წიგნების მაღაზიებში მოკითხვა უკვე ძალიან გვიანია, ბუკინისტებთან ძებნა – ნაადრევი.
მოკლედ, 14 ნოემბრამდე ახალი ბიბლიოგრაფიაც უნდა შევავსო. დრო საკმარისია. წესით, არ გამიჭირდება. ვნახოთ.
სხვა რაღაცებსაც მოვიფიქრებ. გამომცემლობებმა თუ ვერ მოიცალეს, მე მოვაწყობ აქ ასტრიდობას, კონკურსებით და პრიზებით.
ბლოგის სახელთან, Molly Bloom’s Day-ის ქვევით, წარწერას ხომ ხედავთ? თეგლაინია, ერთგვარი დევიზი და კამერტონი. წელს აღარ შევცვლი. 2018 ბლოგზეც, ფეისბუქზეც, ბიბლიოთეკაშიც, ყველგან ასტრიდ ლინდგრენის წლად მაქვს გამოცხადებული.
ასტრიდობას ყოველ წელს საჯაროდ უნდა აღვნიშნავდეთ :) გუფთებით და მაჭკატებით :)
LikeLike
ახალი წიგნები იყოს და გუფთებს და მაჭკატებს მივხედავ
LikeLike
[…] ბებია ასტრიდის (ჩვენთვის) ორმაგი იუბილეა. ჰოდა, ჩემს ფერად ლინდგრენულ […]
LikeLike