არ მესმის, რატომ ამბობენ, ბავშვებთან ურთიერთობა რთულიაო. რთული კი არა, მარტივზე მარტივია, თუმცა, რასაკვირველია, ყველას არ გამოსდის. ჰმ… მოდი, ვაღიაროთ, რომ ძალიან ცოტას თუ ეხერხება და ბუნებრივიცაა – განა რამდენი სრულყოფილება დაიარება ამქვეყნად თოჯინასავით პრიალა, შავი თმით და გონიერი ცისფერი თვალებით? ბუნებრივია, ერთადერთი და როგორ გგონიათ, ამისთანა ძიძას ბენქსების ხუთ ბავშვთან გამკლავება გაუჭირდება? მითუმეტეს, თავიდან ოთხნი იყვნენ და ნაბოლარა ანაბელი რომ დაიბადა, უფროსებმა უკვე მშვენივრად იცოდნენ თავისი ადგილი. კარგად მახსოვს, ალუბლის შესახვევის ჩვიდმეტ ნომერში პირველად რომ მივედი, რა თავგასულები დამხვდნენ – ჯეინი იმასაც კი მასწავლიდა, ტყუპებისთვის წამალი მიმეცა თუ არა, მაიკლი კი მიქსტურის დალევას იქამდე არ აპირებდა, სანამ ჩემებურად არ დავუბრიალე თვალები.
ახლა თქვენც არ დამიწყოთ, საიდან მოხვდი ალუბლის შესახვევშიო, დაგინახეთ, ქოლგით რომ მოფრინავდიო და მსგავსი აბდაუბდა. ღირსეული მანდილოსანი გახლავართ, ორ ღილზე შეკრული ზამშის ახალი ტუფლები მაცვია და მეტი არ მინდა, ვინმემ მაკადროს, რომ კიბის სახელურზე ქვემოდან ზემოთ დავსრიალებ ან ჩაის მივირთმევ ჰაერში ბიძაჩემთან ერთად!
არა, მთლად ჩვეულებრივი ძიძააო, ჩემზე ვერ იტყვით, რაც მართალია, მართალია. სხვა რომ არაფერი, შოშიასთან საუბარი ყველას როდი შეუძლია, ან სად იყო ჰერმიონ გრეინჯერი თავისი გაფართოების შელოცვით, მე რომ ხალიჩის კოხტა ჩანთაში მთელი ბარგიბარხანა მეტეოდა. მოკლედ, როგორ ყველას, მეც ჩემი უცნაურობები მაქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ღამღამობით ზოოპარკში დავსეირნობ და პარკში ფრანით ვეშვები მიწაზე, მეტისმეტია!
ჰოდა, იმას გეუბნებოდით… აღზრდის ჩემეული მეთოდები მაქვს და სრულიად არ მენაღვლება, თუ ვინმეს უგულო და ზედმეტად მკაცრი ვგონივარ. კარგად მახსოვს, დასავლეთის ქარმა რომ დაუბერა და ბენქსები რამდენიმე ხნით უჩემოდ დარჩნენ, რა ალიაქოთი ედგათ სახლში. ვერცხლის კოვზებისპარია გამდელი ბრაუნი მიიყვანეს შინ, წარმოგიდგენიათ? ბავშვი ბავშვს აღარ ჰგავდა და უფროსი – უფროსს. ასე იცის გადაჭარბებულმა გულჩვილობამ და სანტიმენტებმა.
კარგად ვიცი, რა თავზარი დაეცემოდა მისის ბენქსს, ბავშვები კარუსელიდან უჩემოდ რომ დაბრუნდნენ, მაგრამ რას ვიზამთ – ყველაფერს თავისი დრო აქვს. საკმაო ხანი გავატარე პატარა ბენქსებთან, ვფიქრობ, რაღაც-რაღაცები ვასწავლე კიდეც, მათაც და სხვებსაც. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ მათი ბავშვობა ჩემი წყალობით გაცილებით ხალისიანი, ფერადი და ბედნიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბავშვისა ალუბლის შესახვევში და თუ გნებავთ, დედამიწის ზურგზეც. ყველაფერი ეს კი თავიდან ბოლომდე ჩემი სრულყოფილების დამსახურებაა. წამითაც არ მოვდუნებულვარ და გული არ ამჩუყებია არც მაიკლის ონავრობის, არც ჯეინის მომხიბლავი მატრაკვეცობის, არც ტყუპების საყვარელი ლუღლუღის შემხედვარეს. ყოველთვის ჩემს სიმაღლეზე ვიდექი – რაღა მერი პოპინსი ვიქნებოდი სხვანაირად?!
ერთი სიტყვით, ბენქსების წინაშე სრულიად პირნათელი გახლავართ. მათთან ზუსტად იმდენ ხანს ვიცხოვრე, რამდენიც საჭირო იყო. ამიტომაც არის, ახლა ასე მშვიდად რომ გეახლებით რძიან ჩაის, თან მისის კორის გამოგზავნილ ჯანჯაფილის თაფლაკვერებს ვაყოლებ. საკუთარი თავის განებივრება დროდადრო აუცილებელია – სხვანაირად როგორ უნდა შეიგრძნო ქალმა, რომ აბსოლუტურად, უსაზღვროდ, თხემიდან ტერფამდე სრულყოფილი ხარ?!
რაო, მონატრებაო? მსგავსი სანტიმენტალური აბდაუბდა საჩემო ნუ გეგონებათ, გეთაყვა. აა, სურათი? ჩემი და ხუთივე პატარა ბენქსის ფოტოზე ამბობთ, ალბათ. ეტყობა, კარუსელზე ტრიალისას ჩავარდა ჩემს უძირო ჩანთაში და რა უნდა მექნა, ხომ არ გადავაგდებდი?! უბრალოდ, თან გამომყვა ისე, რომ ვერ შევამჩნიე და საწერ მაგიდაზე რომ დავდე, უფრო შესაფერი ადგილის მოსაძებნად ვეღარ მოვიცალე. ეს გახვრეტილი მწვანე ბილეთიც მაშინდელია, უკან დასაბრუნებელი, მეკარუსელემ მომაჩეჩა ხელში. აი, გენერალურ დასუფთავებას რომ დავიწყებ სახლში, გადავაგდებ, რაღაში უნდა დამჭირდეს.
ფრთხილად, თუ შეიძლება, ჩემო კარგო! ისე ატრიალებთ მაგ ბილეთს ხელში, სადაცაა, შემოგეხევათ. სად ისწავლეთ სხვის ნივთებში ხელის ფათური? თქვენი ძიძა რომ შემახვედრა, საკადრისს მოვახსენებდი! და, საერთოდაც, მეტისმეტად გაგიგრძელდათ სტუმრობა. კარგად ბრძანდებოდეთ, გეთაყვა!
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
ძალიან საყვარელი მონოლოგია.,მიყვსრს მერი…
LikeLike
მეც ძალიან :) მადლობა :)
LikeLike
ფილმი კი მართლაც კარგი იყო. :)
ძალიან ლამაზი პოპინსით.
LikeLike
ფილმი გადასარევია :) ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ :)
LikeLike
მე სად შემედრება 😀😀😀
LikeLike
შენ ვინ შეგედრება, მერი <3
LikeLike
აუ მთელი ბავშვობა ვნატრობდი მერისნაირ ძიძას.
მაინტერესებდა რომელი მოვერეოდით :3
LikeLike
ჩვენ, რა თქმა უნდა )
LikeLiked by 1 person
მერი <3 ზოგჯერ ისე მენატრება ხოლმე ალუბლების ქუჩა… ^_^
LikeLiked by 1 person
ამ შაბათ-კვირას ფილმს გადავიმეორებ ) დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ )
LikeLike