ამას წინათ, ბლოგზე თამარა მესტუმრა, რაღაცები დაათვალიერა და ნავიგატორზე კომენტარი დამიტოვა, რა ნამუშევარიაო.
ნავიგატორი, გეცოდინებათ, აქაური სარჩევია. ყველა ბლოგის ბმულია ერთად შეგროვებული. ხელით მტერმა დათვალა, ჩემისთანა ჰუმანიტარმა – მითუმეტეს, რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ ავირიე, მაგრამ თავად ვორდპრესი ითვლის გულმოდგინედ და უშეცდომოდ და, ვორდპრესის მიხედვით, შვიდ წელიწადში 631 ბლოგი გამომიქვეყნებია.
631 ბლოგი, შესაძლოა, არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ ისეთი რიცხვია, გინდა, არ გინდა, დაგაფიქრებს. ფიქრებზე მერე, ჯერ წელიწადი შევაჯამოთ.
ალალად გეტყვით, ბლოგისთვის არ იყო ურიგო წელი. მსხვილ ტექნოგენულ კატასტროფებს ავცდით. ზაფხულის არდადეგებიც შევირგეთ, მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩაგვიგდია, ხელი არავის და არაფერს არ შეუშლია.
ფეისბუქის გვერდიც, ასე თუ ისე, გამოცოცხლდა. ამ წუთისთვის 6123 მკითხველი ჰყავს (შარშან ოქტომბერში 2000-ს ძლივს წვდებოდა). ფეიჯისთვის კატასტროფულად ცოტაა, მაგრამ მაინც მხნედ ვარ, რობინზონ კრუზოს კუნძულს და ატაკამას უდაბნოს აღარ ჰგავს.
კოლექციები მოვამრავლე, ძველ თაროებზე მატება მაქვს, ბებია ასტრიდის ბიბლიოგრაფია შევაგროვე, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ორმოცტომეული, ყველა ქართული ვინი პუჰი და მერი პოპინსი, “ნაკადულის” და “საბლიტგამის” გაიშვიათებული გამოცემები, საბავშვო (და არა მხოლოდ) ლიტერატურის მარგალიტები. რაღაცებს ვეძებ. ჯერჯერობით, უშედეგოდ, მაგრამ არა უშავს, ეძიებდე და ჰპოვებდეო, ხომ გაგიგონიათ. მთავარია, ოთახი მეყოს და წიგნებიანად არ გამსვან გარეთ – ბოლო დროს რამდენიმე მუქარა უკვე გაისმა ოჯახის წევრების მხრიდან და ცოტა შევფიქრიანდი.
მოკლედ, მომავალს იმედიანად ვუყურებ. ოღონდ, შვიდი წლის და 631 ბლოგის შემდეგ, ძნელია, არ დაფიქრდე, დიდი ავიაციიდან და აქტიური ბლოგინგიდან წასვლის დრო ხომ არ მოსულაო.
მეც ვფიქრობ (ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად), მერე ის ხალხი მახსენდება, ბლოგის კითხვა შვიდი წლის წინ რომ დაიწყო და დღემდე მომყვება, ძალიან ძველი, ძველი და ახალი მკითხველები მახსენდება და აქაურობის მიხურვაზე ფიქრს ვეშვები.
ბლოგის შენარჩუნების კიდევ ორი მიზეზი მაქვს. სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, საქვეყნოდ არასოდეს მითქვამს და ახლა გაგიზიარებთ.
სამყაროს ვარდისფერი სათვალით ნამდვილად არ ვუყურებ (უფრო პირიქით) მაგრამ რატომღაც მეიმედება, რომ ოდესმე ქვეყანა დალაგდება და მშვიდად, გულარხეინად, გემრიელად მოგზაურობის თავი და ხალისი მექნება. ძალიან მინდა, წანწალის პარალელურად, საგზაო დღიურებიც ვწერო. რატომღაც მგონია, მოგზაურობა და წერა ორმაგად საინტერესო გამოვა. სხვების სამოგზაურო დღიურების კითხვა ძალიან მომწონს და მეც რომ ვცადო.
მეორე მიზეზი სტატისტიკაა. მოგეხსენებათ, ტარანა თვლითაა, ბლოგისთვის ციფრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წელს მილიონ წკაპს გადავცდით (ამ ბლოგს რომ ვწერ, მთვლელი 1 040 835 წკაპს აფიქსირებს, თქვენ რომ წაიკითხავთ, ოდნავ მეტი იქნება). ნახევარ მილიონ უნიკალურ ვიზიტორსაც ვეპარებით ნელ-ნელა. მალე, ალბათ, ვერ მოესწრება, მაგრამ ჰორიზონტზე უკვე ჩანს.
ერთ კვირაში, 3 იანვარს, ბლოგს შვიდი წელი უსრულდება. ძალიან მინდა, ათ წლამდე მივაღწიო. მეათე საიუბილეო ბლოგს დავწერ, ათ წელს გადავხედავ და წასვლაც შეიძლება. გადავიდებ ფეხზე ფეხს, მოვიდგამ კროსვორდისნახატიანი ჭიქით ნაღებიან ყავას და სხვა ბლოგერებს წავიკითხავ.
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით <3
რა დროს პენსიაზე გასვლაა ჯერ :))) ჯერ არ “მოგვბეზრებია” აქაურობა :)))
LikeLiked by 1 person
სანამ მობეზრდები ხალხს და აუ, შენ კიდევ აქ ხარო, გეტყვის, მანამდე უნდა წახვიდეო, ლორდი დაწერდა, თავს დავდებ )
LikeLike
ბლოგოსფერო შენმა ბლოგმა შემაყვარა, ბევრი კარგი ბლოგერი სწორედ შენგან გავიცანი, ბევრი წაკითხული წიგნიც შენი დამსახურებაა. არ წახვიდე, რა!
LikeLike
ჯერ არ ვაპირებ წასვლას, ტაბუ ) სულ მცირე, სამი წელი აქ ვარ.
LikeLike
დამდეგს გილოცავ! :)
ნამდვილად გადასარევი ნამუშევარია, აქაც ვადასტურებ კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება ათ წელს, მივიდეთ ჯერ იქამდე, რა ვიცით, რა ხდება, იქნებ მომდევნო ოცი წელი აღარ იფიქრო წასვლაზე :D
ასეთ ბლოგს არც მკითხველი მოაკლდება და არც დამფასებელი!
მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი შენს ბლოგთან და უამრავ მკითხველთან ერთად!
LikeLike
მადლობა, თამაღ ) მართალი ხარ, ჯერ მივიდეთ ათ წლამდე და მერე ვნახოთ. ათამდე ნამდვილად მინდა მისვლა.
LikeLike
როგორც ჟიდმა თქვა, თავის დანებება რომ შემეძლოს, წამითაც არ დავფიქრდებოდიო :)
ისე თვითერზე ტყულად გიკომენტებ ხოლმე ხომ? :) შენც მკვდარი “ცოცხალი” პროფილი გაქვს
LikeLike
აუჰ, მილორდ, შენ რომ არა, ტვიტერი არც გამახსენდებოდა. ავტომატურადაა აქაურობას მიბმული და პოსტავს ბმულებს. მივხედავ ტვიტერსაც, უბრალოდ, ჯერ ფეისბუქის ფეიჯი მყავს გონზე მოსაყვანი )
LikeLike
ჰო უმრავლესი ქართული პროფილები ეგრეა იქ :) ზომბებივით. ვერ დამეგობრდნენ საქართველო და თვითერი.
LikeLike
არ გახდა აქტუალური. მოვიცლი და მივხედავ. ან ჩავხსნი საერთოდ.
LikeLike
გილოცავ მოლი ბლოგის იუბილეს და ახალ წელს <3
LikeLike
მადლობა, ფინიკი ) მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი )
LikeLiked by 1 person