შვებულება ბერძნული სიტყვაა და ძალიან ბევრ თავისუფალ დროს ნიშნავს, რაც გინდა, ის აკეთეო, ვინმემ თუ გითხრათ, არ დაიჯეროთ. სადაგ დღეებში ყველაფერი მარტივადაა: სახლი – სამსახური, სახლი – სამსახური. ამ ნანატრ ოხერი შვებულების დროს, ნეტარი უსაქმურობა კი არა, იმდენი საქმე გამომიჩნდა, იმდენი წასასვლელ-წამოსასვლელი, სამ იანვარს არაქათი მექნება გამოცლილი და, სულის მოსათქმელად, პოსტსაშვებულებო დასვენება დამჭირდება.
სინამდვილეში, სულაც არ ვწუწუნებ. წუწუნი არ მიყვარს და დასვენებაც ზუსტად ასე, აქტიურად მირჩევნია. იმას გიყვებით. რომ პარასკევს არ მეცალა, ფრიად სასიამოვნო საქმეებზე დავბოდიალობდი, კვირას შინ გახლდით, კვირა ხელშეუხებელია, ძილისთვის, ტელევიზორისთვის, გემრიელი სასუსნავისთვის, ბლოგისთვის არსებობს. ფესტივალისთვის თავიდანვე შაბათი მქონდა გადანახული.
წიგნის საახალწლო ფესტივალი, მოგეხსენებათ, პირველ რიგში მსუყე, სადღესასწაულო, საგანგებო ფასდაკლების ამბავია. წელსაც, ყველა ანონსში და ყველა ბანერზე, ახალი წიგნების წარდგინებასთან ერთად, გრანდიოზული ფასდაკლებაც ეწერა. რა ვთქვა, პროცენტები ნამდვილად არ დამითვლია. ახალი წიგნები უფრო მაინტერესებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შაბათს, კარგად გამოძინებული, ჩათბუნებული, ცარიელჩანთამოკიდებული და შემოქმედებითად დარაზმული მივადექი საჯაროს მესამე კორპუსს, გუდიაშვილის შვიდში.
ჯერ გარდერობში შევიარეთ მე და მაიკომ (ღმერთი, რჯული, გარდერობი, ვაგონ-რესტორნის შემდეგ, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სასარგებლო გამოგონებაა), ქურთუკები დავტოვეთ და მეორე სართულზე ავინაცვლეთ. დარბაზი იყო ნათელი და სტუმართმოყვარე, იყო ბრდღვიალა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა, ბევრი წიგნი და ცოტა ხალხი. არ ვიცი, ან სხვებსაც არ ეცალათ, ან ჩვენ გაგვიმართლა და გამიშვი-გამატარეს, ძიძგილაობას და წყვეტას ავცდით. არ ცხელოდა, არც სუნთქვა ჭირდა, დარბაზს რამდენჯერმე ისე შემოვუარეთ, არავინ დაგვჯახებია.
ბოლო წუთამდე მჯეროდა, “სულაკაური” მორიგ საახალწლო სასწაულს ჩაიდენდა და შეპირებული სიახლეებით სავსე სტენდს დაგვახვედრებდა. ვესტლი, “ბეტმენი”, ქართული კიბერპანკი, “გედის საყვირი”, ფერად-ფერადი “ლიტერატურული ოდისეა”, ანე ფრანკი და წრიპა ბიჭის მეხუთე დღიური… არ გამოვიდა :( გამოვბრუნდი ცხვირჩამოშვებული. არა უშავს, იანვარიც მალეა, ერთ კვირაში. აღმაშენებელზე, გამომცემლობაში ვაფრენ ვინმეს, ან ვაკეში ვიყიდი, საფირმო მაღაზიაში. სიახლეები მანდ ყველაზე ადრე აქვთ, ყველაზე ხელსაყრელ ფასად.
ასე იყო თუ ისე, ცარიელი ჩანთა მაინც გავავსე. რაღაცები მე ვიყიდე, რაღაცები საჩუქრად მერგო. მაიკომ “ოჩობუქსის” გამოცემული “დაო დე ძინი” მაჩუქა (უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ პატივცემულ ლაო ძისთან ბავშვობიდან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს) კიდევ – “დიოგენეს” სრულიად საოცარი “რუკები” – მეორე დღეა, მაგიდაზე მიდევს, ვფურცლავ, ვათვალიერებ, ვკითხულობ და ვტკბები.
სხვა დროს დეკემბრის საფესტივალო რევიუს აქ დავასრულებდი. ყველა საჭირო მადლობას გადავიხდიდი და მაისამდე ყოველდღიურ ამბებს მივხედავდი. დღეს რაღაცები უნდა დავამატო.
მეშვიდე წელია, ბლოგერი მქვია და წიგნებზე ვწერ. არც ერთი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამომიტოვებია. ძალიან კარგად ვხვდები, რომ წიგნის ფესტივალი ჩვენთვის, მკითხველებისთვის, გართობა და ზეიმი თუა, ორგანიზატორებისთვის მძიმე შრომაა, ადამიანური გრაფიკის, რეჟიმისა და დასვენების გარეშე. ფესტივალის ჩატარება, მითუმეტეს ამ ძაღლუმადურ ყოფაში, იმდენად მნიშვნელოვანი და საშური საქმეა, ას და ათას ტექნიკურ ხარვეზს გადაწონის.
ხარვეზების გამადიდებელი შუშით ძებნას, გაბუქებას და ვაივიშს არც ახლა ვაპირებ. ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. დეკემბრის საახალწლო ფესტივალს, მოგეხსენებათ, ნოემბრის წიგნის დღეები უსწრებს. თვენახევარში ორი, პრაქტიკულად იდენტური ღონისძიების ჩატარებას რისკებიც ახლავს. სტუმრების დათვლა არ მიცდია, ციფრები ორგანიზატორებს ეცოდინებათ (თუმცა, სიხალვათე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა), მონაწილეები, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები წლიდან წლამდე მაკლდება სათვალავში. მათთან ერთად კი მყიდველიც და დამთვალიერებელიც.
ლიტერატურული კალენდრიდან საახალწლო ფესტივალის ამოღება, ცხადია, გაუმართლებელი სისულელე იქნება. არც ისეთი გადატვირთული კალენდარი გვაქვს, წლის ბოლო, ყველა გაგებით სადღესასწაულო ღონისძიებას შეველიოთ. უბრალოდ, იქნებ ფორმატის შეცვლაზე გვეფიქრა. საახალწლოდ საინტერესო რაღაცების მოფიქრება შეიძლება.
P. S. ამასობაში, ახალი და ყოვლად გადასარევი ტრადიცია გამიჩნდა. საფესტივალო დღეების ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე მაგარ წიგნებს დარბაზებსა და პავილიონებში კი არა, სხვაგან ვპოულობ. პარასკევს და შაბათს, თავისუფლების მოედანზე ბოდიალისას, ორ საოცრებას მივაგენი. ოღონდ, ამაზე სხვა დროს იყოს, ერთიც და მეორეც პერსონალურ ბლოგს იმსახურებს.
ანუ მხოლოდ მე არ ვამბობ, სამსახურში ვისვენებ-თქო :D …და სიხალვათეს რაც შეეხება, დღესაც შევამჩნიე. ამ შემთხვევაში ჩემთვის კარგიც იყო – ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რასაც სხვა დროს ვერ შევამჩნევდი და კვირის ერთადერთი დასვენების დღეც ბევრ საქმეს “ვამყოფინე”… თუმცა სიახლეები დამაკლდა მაინც… ნოემრიდან ალბათ მეტი ვერ მოესრებოდა, მაგრამ რა ვქნა – “ლიტერატურული სიმსუნაგე” ვერ მოვიშალე :)))
LikeLike
რომ ვერ ესწრება, ამაშია საქმე. თავისთავად, ფესტივალის ჩატარებაში ცუდი არაფერია (გიჟი კი არ ვარ, ეს ვამტკიცო), მაგრამ დეკემბრის სამი დღის უკეთესად გამოყენებაც შეიძლება.
LikeLike