წიგნის საახალწლო ფესტივალი სამდღიანია, ამ პარასკევს დაიწყება და კვირამდე გასტანს. ბიბლიოფილების საახალწლო შეკრებას, ტრადიციულად, ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს. მე ისევ მგონია, რომ ხალხმრავალ და წიგნმრავალ ღონისძიებას დიდი, ნათელი სივრცე მოუხდებოდა, ჩამოსაჯდომი კუთხით, სულს რომ მოითქვამ, ყავას მოწრუპავ და ახალშეძენილ წიგნებს გადაათვალიერებ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია. ორგანიზატორები აშკარად სხვაგვარად თვლიან. რა პრობლემაა, წავალთ საჯაროში.
დეკემბრის დასაწყისში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას წინასაახალწლო გასეირნება ჰქონდა ბათუმში. გადასარევზე გადასარევი, მაგრამ აჯობებდა, სხვებსაც აებათ მხარი. ფესტივალები, წიგნის დღეები, ბიბლიოთუხთუხი და რიარია დედაქალაქს უნდა გასცდეს. თბილისში ვართ და ყოველთვის ჩვენ ვერ ვახერხებთ ექსპოში და საჯაროში გაბოდიალებას. წარმოიდგინეთ, რა სანახავია, ფესტივალს ქუთაისიდან და ახალციხიდან რომ უყურებ, ვერ ჩამოდიხარ და გულზე სკდები. მოკლედ, რაც მეტი ბათუმი, თელავი და ზუგდიდი დაიგეგმება, მით უკეთესი.
სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არა და წიგნებზე გადავიდოდეთ, ერთი მოკლე საზეპიროც გადავიმეოროთ. არა, გასაგებია, რომ გამეორების გარეშეც გადასარევად იცით, მაგრამ ფეისბუქს რომ ჩამოყვეთ და კომენტარებს გადახედოთ, მთლად ოპტიმისტური დასკვნების გამოტანა აშკარად გაგიჭირდებათ.
თბილისის წიგნის დღეები (აი, ის ღონიძიება, ნოემბერში რომ იმართება) კერძო აქციაა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ეგიდით არ ტარდება. შესაბამისად, დასწრებაც ფასიანია. თბილისის წიგნის (მაისის) ფესტივალი და წიგნის საახალწლო ფესტივალი ასოციაციის ორგანიზებულია. შესვლა ფასიანი არც არასოდეს ყოფილა და, როგორც ვხვდები, არც არასოდეს იქნება. არც ბილეთია საჭირო და არც რეგისტრაცია. წერტილი. აბზაცი.
ახლა წიგნებს მივხედოთ.
“სულაკაურს” სიახლეების ისეთი ვრცელი და მრავალფეროვანი ჩამონათვალი აქვს, ღმერთი, რჯული, ერთ მომცრო ფესტივალს თავადაც ჩაატარებდა. თუ არ გჯერათ, ნახეთ და მერე გამამტყუნეთ.
– “მორტენი, დიდედა და ქარიშხალა” – ანე-კატარინე ვესტლის სრულიად ჯადოსნური სერიის ბოლო, მეშვიდე ნაწილი. “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” სრულად გვაქვს. აწი საკოლექციო გამოცემებს დაველოდებით.
– “ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება” – ფრენკ მილერი, უბერებელი კლასიკა. მადლობა ღმერთს, კომიქსს ჩვენთან ვიღაც მაინც აქცევს ყურადღებას. აქვე გულითადი მოკითხვა ყველას, ვისაც გრაფიკული პროზა არასერიოზული საკითხავი და მოცლილი ხალხის გასართობი ჰგონია.
– “ლიტერატურული ოდისეის” სამი ფერადი ტომი, თითო ერთ თაროდ რომ ღირს: ჩაკ პალანიკის “ხრჩობა”, ჰალდორ ლაქსნესის “თევზების კონცერტი” და რიჩარდ ფლენეგანის “ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ”.
– “ანე ფრანკის დღიური” და ელვინ ბრუქს უაითის “გედის საყვირი” ღრმად მოთხოვნადი “მოსწავლის ბიბლიოთეკიდან”.
– ახალი “ვიტამინი” – ჯონ გრინის “კეტრინების სიმრავლე” და მეხუთე “წრიპა ბიჭის დღიური”.
ბოლო, ყველაზე საინტერესო ლუკმა, ზურა ჯიშკარიანის “საღეჭი განთიადები უშაქროდ“, სამამულო კიბერპანკი, ღრმად ორიგინალური კონცეფციით – წიგნი სამი სხვადასხვა დიზაინით გამოიცემა. მაიკოს ვუყვებოდი ამას და, შენ, რა თქმა, უნდა, სამივე გინდაო. ზედმეტად კარგად მიცნობს :)
ოღონდ აქ ერთი სერიოზული “მაგრამ” გვიშლის ხელს. დროის ამბავია. ან მოესწრება წიგნების საფესტივალოდ ჩამოტანა, ან არა. თუ ჩამოასწრეს, ხომ კარგი, არა და არც იანვარია შორს – ფორმალურად გაისად უწევს, მაგრამ მაინც აქვეა. ახალ წელს გადასარევი წიგნებით დავიწყებთ.
ფესტივალს პირველად დააკლდება “ოჩობუქსი“. საახალწლო ჟრიამულში “ოჩოპინტრეს” – ყველაზე ზღაპრული გამომცემლობის არმონაწილეობა ფრიად გასაკვირი და საწყენი ამბავია. რა გაეწყობა. ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც ჩვენ გვინდა და გვირჩევნია. ოჩოს წიგნები, ჩიტმა ამბავი მომიტანა, “აგორას” სტენდთან დაგვხვდება. სულ მალე კი ახილ შარმას “ოჯახური ცხოვრების” და ევგენი ზამიატინის ლეგენდარული ანტიუტოპიის – “ჩვენ” – პრეზენტაციაზეც დაგვპატიჟებენ.
მონაწილეთა ჩამონათვალში ვერც “ზოლიანი კატა” ვიპოვე. არადა, ახალი წელი და შობა მოდის, “ზოლიანი კატის” ფერად-ფერადი წიგნები, განსაკუთრებით, “მაკნატუნა”, იდეალური საახალწლო-საშობაო საჩუქარია.
“ინტელექტი“ “აკრძალული წიგნების თაროს” ორი ახალი ტომით ავსებს. გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული”, ცალკე, როგორც მახსოვს, 1991 წლის მერე არ გამოუციათ. ლაურა ესკიველის “როგორც წყალია შოკოლადისთვის”, საერთოდაც, პირველად გადმოაქართულეს. ღრმად საინტერესო სიახლეებია, ღმერთმანი, “აკრძალულ თაროს” რომ ეკადრება, ისეთი.
ეს, რაც თვალის ერთი გადავლებით მომეწონა. დანარჩენს სტენდებთან ვნახავთ. პარასკევამდე დროა, გამომცემლები კატალოგებს ახლა დებენ. საახალწლო ფესტივალია, ბოლოს და ბოლოს, ყველაზე საოცარი და ჯადოსნური დღესასწაულის კვირაძალი, გამორიცხულია, რამე განსაკუთრებული არ ვიპოვო.
მე ექსპო-ჯოერჯიასთან კიდევ ცალკე სუბიექტური “გრძნობები” მაკავშირებს, მაგრამ არც ბიბლიოთეკაა ურიგო :)) კვირა დღე უკვე დაგეგმილია :)
LikeLike
არსებული ლოკაციებიდან (ექსპო, თბილისი მოლი, ფილარმონია, რუსთაველის თეატრი, პუშკინის სკვერი, ექს ლიბრისი, მოკლედ, სადაც არ ყოფილა) საჯარო ყველაზე მოუხერხებელია. ციფრებიც ამას მოწმობს, თუმცა ციფრები მხოლოდ საჯაროს ბრალი არ არის, მანდ უფრო ღრმადაა საქმე.
LikeLike