ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ შინ კარგა ბლომად მომეძევება წასაკითხი წიგნები – სამსახურის გადამკიდე, გაცილებით სწრაფად ვყიდულობ, ვიდრე წავიკითხავ და რა ვქნა. ხვალიდან, მოგეხსენებათ, ნეტარი უსაქმურობის ჟამი მიდგას – ნანატრი შვებულება მეღირსა. ჰოდა, იმ ხელუხლებელ თაროს, გულს რომ მიხეთქავს, ცოტას მაინც მოვაკლებ. უკვე მივიტანე კიდეც იერიში – ერთი კოხტა წიგნი ჩავარაკრაკე ამ უქმეებზე.
აუჰ, რა ვიომე, რომ იცოდეთ! დავბრუნდი ბავშვობაში და რა ვიქნიე ხმალი, ნეტავ ცალი თვალით დაგენახათ. არაფრით არ დაიჯერებდით, რომ ტროლებთან ხელჩართულ ბრძოლაში თქვენი მშვიდობიანი, კარგი ჭამა-სმის მოყვარული მასპინძელი იყო ჩაბმული. ტროლებს რას ერჩოდიო, მკითხავთ. მე. პრინციპში, არაფერს – აქამდე არ შევუწუხებივარ, მაგრამ ჯეკ სტარჯეს უმცროსს და ტობი დერშოვიცს გავყევი მიწისქვეშეთში, გილიერმო დელ ტოროს და დენიელ კრაუსის ტროლებზე მონადირე ბიჭებს.
სიტყვაძუნწობით არცერთი არ გამოირჩეოდა – სანამ გზას მივიკვლევდით, თვითონვე მიამბეს თავს გადახდენილი უჩვეულო ამბები, თორემ იქნებ არც დამეჯერებინა. მთელი ორმოცდახუთი წლის წინ გამქრალი და მარადიულ ბავშვად დარჩენილი ჯეკ სტარჯეს უფროსიც გამაცნეს, მამაცი და შეუპოვარი ტროლი არრრგჰ!!! და მისი ისტორიკოსი მეგობარი თვალპაჭუნაც. ისე, თვალპაჭუნა მრავალმხრივ ნიჭიერი ტროლი გამოდგა – დიზაინერობისკენ ფარული მიდრეკილება შევამჩნიე აშკარად. სხვათა შორის, დამპირდა, “გრეინჰართ დაკრეჭილკბილებას ეპოსის” ხელნაწერს გათხოვებო, იმედია, არ დაავიწყდება. ისე, თავისი ოცდათვრამეტტომიანი და თერთმეტიათასგვერდიანი დისერტაციის ჩვენებასც დამპირდა, მაგრამ თავაზიანად ავუგდე სიტყვა ბანზე – ტროლების მიგრაცია ბებერი კონტინენტიდან და მათი გავრცელება ამერიკაში დიდად არ მეპიტნავა, არც ევროპულ-ამერიკული ტროლების ჯიშების შედარებითი დახასიათება მეჩვენა მაინცდამაინც საინტერესო.
აი, გუნმარ შავთან, იგივე გუნმარ მშიერთან, იგივე გუნმარ სისხლისმხვრეპავთან, იგივე გუნმარ ნაწლავთმფატრავთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი სულ სხვა იყო! ხმალიც მომცეს და მითხრეს, სახელი შენ შეურჩიო. შევურჩიე კიდეც, ოღონდ ვერ გაგიმხელთ. თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯეკ უმცროსივით სულელური სახელები არ დამირქმევია. შეიძლება, ტროლებზე მონადირეთა უძველესი საგვარეულოდან კი ბრძანდება და გამბედაობასაც არ უჩივის, მაგრამ ფანტაზიისა რა მოგახსენოთ – “კლერი” კიდევ ჰო და “კატა ნომერი ექვსი” ხმალს როგორ უნდა უწოდო ჭკუათმყოფელმა კაცმა?
ხუმრობა იქით იყოს და ბლომად ოფლი ვღვარეთ ჩვენი ხმლებით – მრავალსახელიანი არამზადა გუნმარი კერკეტი კაკალი გამოდგა, თუმცა საკადრისი მაინც მივუზღეთ მაგასაც, მაგის დამქაშებსაც და იმ არამზადა სტივ იორგენსენ-უორნერსაც, ფეხბურთის ვარსკვლავად რომ ასაღებდა თავს და სკოლის ბნელ კუნჭულებში ჯეკისა და ტობის წვალების მეტს არაფერს აკეთებდა.
ახია მაგათზე. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, რამდენიმე ქილა არაქისის კარაქი მაქვს საყიდელი – თვალპაჭუნას უნდა გავუგზავნო, თორემ მიწისქვეშეთში მაინცდამაინც არ იშოვებაო, მითხრა
ეგ ღორმუცელა. ეგა.
დელ ტორო თუ წიგნებსაც წერდა არ ვიცოდი.
ისე ტროლზე სხვა ტროლი მეგონა :) რას გვიშვება ეს ინტერნეტ-საუკუნე
LikeLike
რატომ არ მიკვირს )))))
LikeLiked by 1 person