დღეისთვის უცნაური, უცხო და განსაკუთრებით რთული თავსატეხი მქონდა მომზადებული, მაგრამ მთავარმა კონსულტანტმა არაო, თავისტეხვა არ გვინდა, ისევ კლასიკურ სქემებს მივეძალოთო.
არა უშავს, “ეს-როგორ-უნდა-გამოვიცნო” პაკეტს შემდეგისთვის გადავდებ. დღეს ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.
წესები მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)
პასუხებს ვტოვებთ ბლოგზე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.
ეს არის და ეს.
Good luck!
☑ ოქროსთმიანმა გოგონამ ექვსი თუ შვიდი საფეხური ხტუნვით აიარა. მერე სწრაფად გაირბინა რიკულებიანი აივანი და მარცხნივ გაუხვია. მოულოდნელად კედელზე მიდგმულ ხის დაბრეცილ კიბეს წააწყდა. კიბე სხვენზე ადიოდა. სხვენის კარი ღია იყო.
☑ ცხოვრობდა ქალაქ ვარეზეში ვინმე სინიორ ბიანკი. ეს სინიორ ბიანკი ერთ-ერთ სავაჭრო ფირმაში მსახურობდა, ფირმა წამლებისა იყო, წამლებით ვაჭრობდა და სინიორი ბიანკი კვირაში ექვსი დღე სულ გზას ადგა, მთელი იტალია ფეხქვეშ ჰქონდა ამოდებული.
☑ ჯადოქრების დრო წავიდა. ისინი ალბათ არც არსებობდნენ როდისმე. ეს ყველაფერი ზღაპარია, მოგონილი ყველაზე პატარებისათვის. უბრალოდ, ზოგიერთ ოინბაზს ადვილად შეეძლო დოყლაპიების გაცურება და იმათაც ოინბაზები გრძნეულები და ჯადოქრები ეგონათ.
☑ ზეებიული თუ გაგიგონიათ, მთის სოფელი ზეებიული? ზეებიული ბიულზეებზე? არა? ნუთუ მართლა? საკვირველია! ვისაც არ უნდა ჰკითხო, გეტყვით – ზეებიული არ გაგვიგონიაო. იქნებ ზეებიული სულაც უცნობი ადგილია და სწორედ მას გაეგონება, ვისაც ეს შეკითხვა არასდროს სმენია?! აღარც ეს გამიკვირდება, ასედაც ხდება ხოლმე.
☑ ტყის სახლი სმენად იქცა. მართალია, მრავლისმნახველი სახლი გახლდათ, მაგრამ მაინც მეტისმეტი იყო, რაც დღეს მის კედლებს მიღმა ხდებოდა. თანაც მთელი ამ საუბრებიდან, ჟრიამულიდან და შეძახილებიდან გარკვევით ერთი სიტყვაც არ ესმოდა. სუნთქვაც კი შეიკავა და შეეცადა, არ ეჭრიალა. იქნებ ასე მაინც შესძლებოდა იმ გაბმული ზუზუნიდან ცალკეული სიტყვების გარჩევა.
☑ თუ გინდა ალუბლის შესახვევი მოძებნო, ადექი და გზაჯვარედინზე რომ პოლისმენი დგას, იმას ჰკითხე. ის ჩაჩქანს შეისწორებს, კეფას მოიქექავს, ბოლოს კი თეთრხელთათმანიან ხელს გაიშვერს და თითით მიგანიშნებს:
– ჯერ მარჯვნივ წადი, მერე მარცხნივ, მერე ალუბლის მარჯვნივ და იქა ხარ! კეთილ მგზავრობას გისურვებ!
☑ იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავი სული, სახელად კობოლდი. მასზე თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ თავად ეშმაკი გახლდათ. ერთხელაც კობოლდი კარგ გუნებაზე დადგა და ჯადოსნური სარკე გააკეთა, რომელშიც ყველაფერი კარგი და მშვენიერი მახინჯდებოდა და უკუღმართად ჩანდა, ხოლო უსარგებლო და უსახური რამ მიმზიდველი და თვალწარმტაცი ხდებოდა… მოკლედ, ვინც ამ სარკეში ჩაიხედავდა, შიშისა თუ გაოცებისაგან გული შეუღონდებოდა.
☑ შუაღამე ახლოვდებოდა. პრემიერ-მინისტრი მარტო იჯდა თავის კაბინეტში და მემორანდუმს კითხულობდა, მაგრამ წაკითხულიდან აზრი ვერა და ვერ გამოჰქონდა. რომელიღაც შორეული ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო ზარს ელოდებოდა და გამწარებული ფიქრობდა: ნეტავ, ეს ოხერი ვიღაცა როდის დააყენებს საშველს, როდის დარეკავსო. თან სულ იმას ცდილობდა, ამ უსასრულო კვირის განმავლობაში მომხდარი უსიამოვნო ამბები გონებიდან ამოეგდო.
☑ შარშან, თხუთმეტ ოქტომბერს, რადიოს თუ მოუსმინეთ? გაიგეთ, გამქრალ ბიჭუნას რომ ეძებდნენ? ასე აცხადებდნენ: “სტოკჰოლმის პოლიცია ცხრა წლის ბო ვილჰელმ ულსონს ეძებს, რომელიც უპლანდსგათან ცამეტიდან გუშინწინ საღამოს 18 საათის შემდეგ გაქრა. ბო ვილჰელმ ულსონს ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს, ყავისფერი მოკლე შარვალი და ნაცრისფერი სვიტერი აცვია, თავზე კი პატარა წითელი ქუდი ახურავს. შეგიძლიათ გამქრალი ბიჭუნას შესახებ მოპოვებული ინფორმაცია მორიგე პოლიციელს შეატყობინოთ.”
☑ ერთ ზღაპრულ ქალაქში ცხოვრობდნენ ცეროდენები. ცეროდენები მათ იმიტომ შეარქვეს, რომ მეტისმეტად პატარები იყვნენ. თვითეული მათგანი მორჩილი კიტრისოდენა იქნებოდა. მათი ქალაქი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, ყოველი სახლის ირგვლივ ყვაოდნენ ზიზილები, გვირილები, ბაბუაწვერები, ქუჩებსაც კი ყვავილების სახელები ერქვა: მაჩიტელების ქუჩა, გვირილების ხეივანი, ღიღილოების ბულვარი. თვით ქალაქს ყვავილოვანი ქალაქი ეწოდებოდა. ის რუს პირას იდგა და ვინაიდან იქ უხვად იზრდებოდა კიტრი, ცეროდენებმა ამ რუს კიტრის მდინარე უწოდეს.
ლალალალალალა, კამფეტ!
1. ეს გახლავთ არჩილ სულაკაურის “ჯადოსნური კაბა”;
2. “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”
3. უიჰ, არ ვიცი.
4. ზეებიული ბიულზეეზე. უსაყვარლესი ტყუპები, ლუიზა და ლოტა <3 "ტყუპთა ოინები"
5. არ ვიცი.
6. "მერი პოპინსი", ჩემი პირველი შეხვედრა ლონდონთან, ასე ღრმად ლონდონური არაფერი წამიკითხავს მანამდე :D ასე მგონია რატომღაც, ასეთი ასოციაცია მომყვება.
7. "თოვლის დედოფალი". ახლახან შემხვდა კობოლდი "ამერიკელ ღმერთებში" და თავი ვიმტვრიე, საიდან მეცნობა მეთქი. თურმე, საიდან…
8-9 არ ვიცი.
10. არიციას თავგადასავალი :)))) რა საყვარელი სახელები ჰქვიათ თან :D "იცია მიადგა მდინარეს, გადაახტა ბატკანს მძინარეს".
LikeLike
2. ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები
6. მერი პოპინსი
9. მიო, ჩემო მიო
დამვიწყებია ზღაპრები -_- :)))
LikeLike
არჩილ სულაკაური, “ჯადოსნური კაბა”;
ჯანი როდარი, “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”;
იური ოლეშა, “სამი გოდორა”;
ერიხ კესტნერი, “ტყუპთა ოინები”;
ანე-კატარინე ვესტლი, “ანტონის პატარა საჩუქარი”;
პამელა ტრავერსი, “მერი პოპინსი”;
ჰანს კრისტიან ანდერსენი, “თოვლის დედოფალი”;
ჯოან როულინგი, “ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი”;
ასტრიდ ლინდგრენი, “მიო, ჩემო მიო”;
ნიკოლაი ნოსოვი, “არიციას თავგადასავალი”.
მადლობა, რომ მოიცალეთ :)
LikeLike