ყველაფერი დაიწყო აგვისტოში. დამსახურებულ შვებულებაში გახლდით, ურცხვი არაფრისკეთებით და ნეტარი უსაქმურობით ვტკბებოდი. თიფოთმა მომწერა, შენთვის საჩუქარი შევარჩიე, ოღონდ სიურპრიზია, არაფერს არ გეტყვი, თავად ნახავო.
თიფოთის გემოვნებას უპირობოდ ვენდობი. ეჭვიც არ შემპარვია, მართლა განსაკუთრებული საჩუქარი ექნებოდა შეგულებული. ოღონდ, მოთმენის რა გითხრათ, ნამდვილი კარლსონი ვარ, ასეთი სიურპრიზების მშვიდად ლოდინი მიჭირს :) როგორღაც მივიტანე თავი, გავხსენი კოხტად შეფუთული შეკვრა და კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე – საგანგებოდ ჩემთვის დამზადებული დეკორატიული ხის დაფა იყო, მნიშვნელოვანი სიმბოლოებითა და წარწერებით გაწყობილი, ხელით მოხატული, ულამაზესი და უსაყვარლესი.
ასე გავიცანი Birdie და მისი სრულიად ჯადოსნური მეპატრონე – მაგდა სოლოღაშვილი :)
ოდნავ თუ მიცნობთ, არ გაგიკვირდებათ, მხოლოდ ერთ, თუნდაც განსაკუთრებულად ლამაზ დაფაზე ვერაფრით ვერ შევჩერდებოდი. სასწრაფოდ მოვიძიე Birdie-ის ფეისბუქის გვერდი, სიახლეები გამოვიწერე და ოთხი თვის თავზე უკვე ოთხი ფანტასტიკური ხელნაკეთობა მაქვს შინ (სინამდვილეში ხუთი, მაგრამ ერთი გავაჩუქე) – ჩემი ყველაზე ფერადი კოლექცია.
პირველ ექსკლუზივს მალევე ძველი კარი მოვაყოლე. ვისაც ვაჩვენე, ყველას ძალიან მოსწონს. ოღონდ, რატომღაც, თბილისურ კარს ეძახიან. არადა, ჩემთვის უფრო ბათუმურია, ბათუმში მინახავს. იყოს თბილისური. ორივესი იყოს. ასეთი სილამაზე და სიძველე ყველა ქალაქს მოუხდება.
მერე Pierres Noires-ის შუქურა ვიყიდე საჩუქრად. საჩუქარს ყოველთვის გაფაციცებით ვარჩევ. კარლსონის და პეპის ფილოსოფიაზე ვარ გაზრდილი, საჩუქრების მიღებაც სიგიჟემდე მიყვარს და გაჩუქებაც. ვიყიდე, შევფუთე, ციმციმ წავუღე მაიკოს და ძალიან მოეწონა.
ოქტომბერში წითელმა ჩაიდანმა მომხიბლა. ფეისბუქის თვალიერებისას შემომანათა. შევხედე და მივხვდი, ჩემი იყო. სხვანაირად მყუდროა, თბილი და შინაურული. სანამ ოთახში მაქვს, არ შემცივდება.
ამ ბოლო დროს ფეისბუქზე ხელნაკეთობების გვერდებმა იმატა. თავისთავად ძალიან კარგი და საინტერესო ტენდენციაა. სნობობაში ნუ ჩამომართმევთ (ან, თუ გნებავთ, ჩამომართვით), მაგრამ, ასე მგონია, ხელნაკეთ ნივთს თუ ყიდულობ, საუკეთესო უნდა შეარჩიო. სხვაგვარად აზრი ეკარგება. ჰენდმეიდს ხარისხიც მაშინვე ეტყობა და უხარისხობაც.
ამ დაფების ხარისხს თქმა და გამეორება არ სჭირდება. თავადაც ხედავთ, ნამდვილი ექსკლუზივია, გემოვნებით და სიყვარულით დამზადებული. ოღონდ, ხარისხი, ჩემი მოკრძალებული აზრით, სერვისსაც გულისხმობს. სერვისი კი გამოცდილი მაქვს, თავს დავდებ. მომხმარებელზე მორგებული სივრცე, თბილი ღიმილი, სრული კომფორტი, მისაღები (მეტი რომ არ ვთქვა) ფასები… მეორე სურათს დააკვირდით – თქვენს შერჩეულ სუვენირს მაგდა ასე ფუთავს. თითქოს მცირე დეტალია, მაგრამ ღრმად მწამს, ამქვეყნად უმნიშვნელო დეტალი, უბრალოდ, არ არსებობს.
Birdie-ის ბოლო (ჯერჯერობით, ბოლო, თორემ მე რა გამაჩერებს) დაფა სულ რამდენიმე დღის წინ შევარჩიე. ჭეშმარიტად საახალწლო სუვენირი გამომივიდა – თოვლის კაცი საყვარლად აპრეხილი სტაფილოს ცხვირით. ძალიანაც დროულია, ღმერთმანი. დეკემბერში ყველაზე მეტად ზუსტადაც რომ საახალწლო განწყობა მჭირდება.
ამ გადასარევ გვერდს დიდხანს რომ ვერ მოვშორდები, ცხადია. ფეისბუქის ფორმატი დასათვალიერებლად, შესარჩევად, მეგობრებისთვის გასაზიარებლად, ავტორთან საკონტაქტოდ ფრიად მოხერხებული კია, მაგრამ ბაზრობებზე, Flea Market-ებზე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებზე წანწალიც ძალიან მიყვარს. დღეის სწორს, თექვსმეტში და ჩვიდმეტში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, Startup Market იქოქება. სტარტაპერებს დიდი ხანია ვგულშემატკივრობ. წელსაც წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებ, მე კი პერსონალური ფავორიტი – ფერადი Birdie მეყოლება :)
კომენტარის დატოვება