ამას წინათ, ფეისბუქზე, ჩვეულებისამებრ, ძველ წიგნებზე ვლაპარაკობდით. ჩემმა ძველმა და ერთგულმა სტუმარმა ნინიმ კომენტარებში კარლსონის და პეპის ყველაზე ცნობილი გამოცემის სურათი მოგვაშველა, ეს ჩემიაო, თან წიგნზე სანთლის ნაღვენთს ხომ ამჩნევ, ბევრის მთქმელიაო.
როგორ არ ვამჩნევ-მეთქი, შევიცხადე. ჩემი ძველი თაროები კარგად რომ გადაქექო, არა ერთ და ორ ნაღვენთიანს იპოვი. მეც იმ თაობის ვარ, სანთლის შუქზე კითხვა რომ მოუწია.
დღევანდელი ბავშვებისთვის რაღაცების ახსნა, ცოტა არ იყოს, რთულია. მადლობა ღმერთს, რომ რთულია და ვერ წარმოუდგენიათ. მთლად იმ გაცვეთილი ანეკდოტივით არ არის, შვილი რომ ეკითხება დედას, ჩემხელას რომელი აიფონი გქონდაო, მაგრამ მაინც უჭირთ დაჯერება, შუქი, ოდესღაც, დღე-ღამეში ერთი საათით რომ მოდიოდა.
ბავშვობაში შუქის პრობლემა არ მახსოვს. ბათუმში შუქი იშვიათად ქრებოდა და თუ ქრებოდა, სადარდებელზე მეტად უცნაური და სახალისო ამბავი გვეგონა. დაფაცურდებოდნენ უფროსები, დარეკავდნენ სადღაც და სანამ ტელეფონით ავარიის მიზეზებს არკვევდნენ, ის უეცრად წასული შუქი მოდიოდა კიდეც.
უშუქობა რა იყო, მერე გავიგე, თინეიჯერობისას, ომგადატანილ, უპურო, უიმედო, ჩაბნელებულ და ჩაშავებულ თბილისში. იმდენი პრობლემა დაგვატყდა თავს, წიგნი ვის ახსოვდა. ისეთი დრო დადგა, წიგნებზე ფიქრი ჭირდა. პური და პურის ფული იყო საძებარი.
ძველი წიგნებიც სადღაც გაქრა. ჩვეული და ნაცნობი მაღაზიები და გამომცემლობები დაიხურა (ციცქნა ბათუმში მე პირადად ხუთი წიგნის მაღაზია მახსოვს, ხუთივეს აქტიური მომხმარებელი გახლდით, თბილისში რამდენი იყო, თქვენ დათვალეთ). წიგნები მეტროსთან იყიდებოდა და შაბათ-კვირას, ვერის პარკში, პირდაპირ გაზონებზე გაშლილ სახელდახელო წიგნის ბაზრობებზე. სასწაულ ფასად. ბავშვობაში წიგნს ქურთუკის ჯიბეში ჩარჩენილი ხურდით ვყიდულობდი და, ოც და ოცდაათკაპიკიან ფასებს მიჩვეულს, ათი, თხუთმეტი და ოცი მანეთი (ზოგჯერ მეტიც) მემწუთხებოდა.
ოღონდ, ვიღაცებს კითხვა არ შეუწყვეტიათ. ჩემი მეგობარი, მაგალითად, პურის მრავალსაათიან რიგებში კითხულობდა. მაღაზიაში პური მოჰქონდათ გვიან საღამოს, რიგი დილიდან უნდა დაგეკავებინა. რა ექნა, უქმად დგომას ზეზეულად კითხვა ერჩივნა.
მოკლედ, ვისხედით ჩაბნელებულ ოთახებში, როგორღაც გამთბრები და რის ვაივაგლახით დაპურებულები, გვენთო სანთელი, გვედო წინ ძველი წიგნები, ან ახალს თუ ვიშოვიდით სადმე და ვითხრიდით თვალებს.
გასართობ საკითხავს, სქელ-სქელ რომანებს, დეტექტივებს და ფანტასტიკას, ვინ ჩივის, ოთხმოცდათხუთმეტში აბითურიენტი გახლდით, სამეცადინო მქონდა და მეცადინეობაც სანთლის შუქზე მიწევდა. ბინაში ერთადერთი სამზარეულო თბებოდა, მთელი ოჯახი იმ სამზარეულოში ვიყუჟებოდით, შუქი, რა თქმა უნდა, არ იყო, ენთო სანთელი და ვსწავლობდი შუშანიკის წამებას და რომანტიკოსებს.
სანთელს აქტუალობა მერეც არ დაუკარგავს. თსუ-ს სტუდენტი გახლდით, თავი მომქონდა, რაღაცები იცვლებოდა, პურის რიგებში დგომა აღარ გვიწევდა, ვითომ ქვეყანას ვემსგავსებოდით, მაგრამ უჯრაში სანთელი მაინც გვედო. პირველი პოტერი, მაგალითად, სანთლის შუქზე მაქვს წაკითხული.
ფეისბუქზე გვერდები და ჯგუფები ხომ გინახავთ, ოთხმოცდაათიანების ბავშვები იმ უშუქობას, სიცივეს, დანგრეულ ქვეყანას თბილად და ტკბილად, ლამის მონატრების ცრემლით რომ იხსენებენ. არც მიკვირს. ბავშვობა, რაგინდ მძიმე ყოფას ემთხვეოდეს, მაინც ბავშვობაა და ტკბილად გაგონდება.
ის ყველა გაგებით შავბნელი წლები ძალიან მენატრება-მეთქი, ვერ ვიტყვი. სულ პირიქით. მტერს და ავს ასე ცხოვრება და ასე კითხვა. უბრალოდ, მახსოვს, რომ ესეც გამოვიარეთ.
სანთლის შუქზე წავიკითხე პირველი წიგნი 95-ში :))) რა დამავიწყებს ასტრიდის “იმ” ცნობილ გამოცემას ^_^ <3
LikeLiked by 1 person
თან პირველი წიგნი )
LikeLike
ბეზოსმაც გამოიარა ეგ გზა. ამასწინათ ჰკითხეს, თეთრფურცელა როგორ გამოიგონეთო, და 90-იანებში გამწყდა წელი ნავთის ზიდვით და მაგაზე მომაფიქრდაო.
LikeLike
)))))))))))))))))))))))))))) შემრჩა თეთრფურცელა, ვერა და ვერ გამოვცვალე (
LikeLike