ერთხელ, ღრმა ბავშვობაში, რომელიღაც არდადეგების წინ, სკოლაში გასაფერადებელი ალბომები გვაჩუქეს. ჩვეულებრივი ალბომი იყო, სტანდარტული, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ სქელი და ბევრფურცლიანი და იმ არდადეგებზე კარგად გავერთე.
თანამედროვე ბავშვებს, რევოლუციამდელებისაგან განსხვავებით, გასართობი იმდენი აქვთ, ნახევარს ვერ დათვლი. დრო და ხალისი თქვი, თორემ არჩევანი ისეთია, სულო და გულო. ოღონდ, ძველი გასაფერადებელი ციფრულ ეპოქაშიც აქტუალურია. პატარებსაც ახარებს და უფროსებისთვისაც ფრიად ეფექტიანი ანტიდეპრესანტი ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრგან მოზრდილებისთვის +18 თემატიკის ალბომებსაც ბეჭდავენ და, როგორ ამბობენ, სარფიანადაც ყიდიან.
+18 გასაფერადებლები სხვაგან და სხვა დროს გავარჩიოთ. დღეს ერთ გადასარევ სიახლეზე მოგიყვებით.
სიახლეს ვამბობ, თორემ უკვე გეცოდინებათ, სადღაც ერთი თვის წინ, “სულაკაურმა” ანე-კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით აკინძული უსაყვარლესი გასაფერადებელი ალბომი გამოსცა.
ახალი გასაფერადებლები აქამდეც გვქონია. ოღონდ, უბრალოდ ლამაზი ნახატების ნაცვლად ნაცნობი და ძალიან საყვარელი წიგნის ილუსტრაციებით აწყობილი ალბომი პირველია.
მთელი ეშხიც ამაშია.
წარმოიდგინეთ, თქვენი პატარა ვესტლის კითხულობს, ან თქვენ უკითხავთ. პატარა მკითხველისთვის ავტორიტეტები და გვარ-სახელების მაგია არ არსებობს, დამსახურებები, პრემიები და ჩინ-მედლები არ აინტერესებს (ამიტომაც არიან ბავშვები ყველაზე პირუთვნელი, ყველაზე მომთხოვნი და ყველაზე მადლიერი მკითხველები), მხიარული, ხარისხიანი, ცოცხალი ამბები უნდა. ჰოდა, კითხულობს ვესტლის და, პარალელურად, ამ გადასარევი წიგნის გმირებსაც საკუთარი ფანტაზიით აფერადებს.
რომელი ლიტერატურათმცოდნე ან ფსიქოლოგი მე ვარ, მაგრამ თავს დავდებ, ასე გაცოცხლებული, საკუთარი ხელით გაფერადებული პერსონაჟები მთელი ცხოვრება ემახსოვრება.
ვისაც ვკითხე, ყველა ბავშვს აქვს და ძალიანაც მოსწონს. ერთი, რომ მართლაც ძალიან კარგია და ფასიც, მაჩანჩალა ლარის გათვალისწინებით, სავსებით ხელმისაწვდომია. მერე და მერე, სახელდახელო გამოფენის მოწყობაც არ იქნებოდა ურიგო. ალბომი შინ მიდევს (თან ორი, ერთი სამარქაფოდ, მეორეს დაჯღაბნა რომ არ დამენანოს), ცხოვრებაში არაფერი დამიხატავს, არც გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, ან რაღა დროს ჩემი გამოფენებია, მაგრამ “სულაკაურმა” მსგავსი რამ თუ მოიფიქრა, საკუთარ შედევრს აუცილებლად გავაგზავნი.
ყველაზე მეტად, იცით, რა მიხარია? წარწერა ყდაზე – “გააფერადე მხატვრის ილუსტრაციები”. ლოგიკას რომ მივყვეთ, ერთჯერადი გამოცემა არ არის, სერიად აქვთ ჩაფიქრებული. პირველს მეორე და მესამე მოყვება. წარმოიდგინეთ, მადიკენის, სალამურას, ჩიპოლინოს, ძმები გრიმების ზღაპრების, ბარონ მიუნჰაუზენის, პინოკიოს, პატარა პრინცის ილუნ ვიკლანდის, რობერტო ინოჩენტის, ია გიგოლაშვილის, ნათია კვარაცხელიას, მანუელა სანტინის, თამარ ბაქრაძის ილუსტრაციებით აკინძული გასაფერადებლები – ამქვეყნად ყველაზე ფერადი კოლექცია შეგროვდებებოდა.
ფანქრები მაიკომ მაჩუქა. შენ ოღონდ ხატე და აფერადე, ფანქრებს არ მოგაკლებო.
ჯერ ვიფიქრე ბავშვებს ვუყიდი საჩუქრად-თქო, მაგრამ ერთი ჩემთვისაც მინდა :))) სული წამძლევს და წაღებამდე “შემომეფერადება” :)))
LikeLiked by 1 person
ჯერ ჩვენ, მერე ბავშვებს )
LikeLike
დედა, მამა, რვა შვილი და საბარგო მანქანა, ჩემი ბავშობის საყვარელი წიგნია 💛💛💛😄 რა მაგარი სიახლეა… :3
LikeLike
ძალიან :)
LikeLike