აქაოდა, ცნობილმა მწერალმა ჩემზე წიგნი დაწერაო, დიდი ვინმე არ გეგონოთ – უბრალო მწყემსი ვარ, შავად დაწინწკლული წითელი ქულაჯა მაცვია, ხელპირს წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით ვიბან და ბუნებას ჩემი ერთგული სალამურით ვაღვიძებ. ერთად დავბადებულვართ და მთელი ცხოვრებაც განუყრელად გაგვიტარებია; სალამურასაც ამიტომ მეძახიან.
შეიძლება, ფიქრობთ, ამდენი საზრუნავის პატრონს რა ბლოგის წერა აგიტყდა, წადი, საქმეს მიხედეო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქონდარეთს ბრიყვი მეფე ქონდარ XV და ფერხორციანი დედოფალი ქონდარინე მოვაშორეთ თავიანთ რეგვენ ქონდარუხთან ერთად, მაინცდამაინც დაკავებული აღარ ვარ – მოგეხსენებათ, ჩემი ჭიამაიები აქეთ-იქით დაიფანტნენ და აღარ დაბრუნებულან – ეტყობა, მიწყინეს, იმდენი ხნით რომ მივატოვე.
არადა, რა მექნა?! სხვა გზა რომ არ მქონდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ – ბაიას საძებნელად უნდა წავსულიყავი, ციცინათელების მწყემსის, ღორმუცელა ქონდარუხის ჭირვეულობის გამო რომ მოიტაცეს. მეგობარი გასაჭირში მეგულებოდა და სალამური მეკვნესებინა არხეინად?!
ბევრჯერ მიფიქრია, იმ გაზულუქებულ ქონდარუხს ბაია სიზმარში რომ არ ენახა და არ გადაფიჩინებულიყო, გინდათ თუ არა, მომგვარეთო, ან იმ ჩემი ცოდვით სავსე კუზანოვს ცოტა ადრე გაეხსნა თავისი კლინიკა და ფრინტასთვის ცხვირი დროულად დაეპატარავებინა, რამდენ ხათაბალას გადავრჩებოდი. უამრავს. ჯერ მარტო იმ კოჭანჭარა ჯამბაზმა – ალე ჰოპმა რა დღე მაყარა – სიქა გამაცალა მალაყების კეთებითა და შიმშილით, მერე კი ჩხუბისთავი მიდი მოადეს ხელში ჩამაგდო. მერე, გემახსოვრებათ, რის ვაივაგლახით დავაღწიე თავი მაგ დამთხვეულებს და ვიღაცა გიჟპოეტებთან არ მოვხვდი?! ღმერთი, რჯული, აზრადაც არ მომსვლია, დამეჩემებინა, რომ განთქმული მგოსანი ჰილარიო ბუერა ვიყავი, თავად გადაწყვიტეს ასე. ჰილარიოს სად ეცალა კლუბებში და საღამოებზე სასიარულოდ, ქონდართუხუცესის სასახლესთან დაყიალებდა და ფრინტას მეჭეჭიან ცხვირს შესტრფოდა.
ისე, ჩვენში დარჩეს და მიდი მოადეს იძულებითი გაკვეთილები ძალიან გამომადგა – სხვანაირად საზამთროსავით ჩამრგვალებულ ქარბორბალას რას დავაკლებდი?! ჰოდა, ვერც ყოჩაღ მჭედელს გავიცნობდი, დაჰკა-დაჰკას, ვერც ხაბაზ ცომი ზელიას. ისე, ძალიან რომ იქაჩებოდა – ჩემი მოზელილი ცომით მივაწებოთ ულვაში, მთელი ქონდარეთი ძვრას ვერ უზამსო და მალაყის დროს არ მომძვრა?! ჯანდაბას, იმასაც ვაღიარებ, რომ ოთხმაგი სალტოს გარეშე ხელკეტიანებს ვერ გავექცეოდი, მომიწევდა მთელი ცხოვრება საკანში გამეტარებინა, ბაიას გვერდით. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დამემართა ნამდვილად.
ციცინათელებმაც ძალიან მიშველეს, არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს, ყოველთვის უსაქმურ და უსარგებლო ვინმეებად ვთვლიდი, ჩემს ჭიამაიებს ვერც კი შევადარებდი. არ ყოფილა მთლად ეგრე – მათი დახმარების გარეშე ბაიას ხმას ვერ მივაწვდენდი.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ურიგო თავგადასავალი არ გადამხდენია – ქვეყნა ვნახე, თვალს წყალი დავალევინე, მეგობრები შევიძინე, ქონდართუხუცესსა და მის დამქაშებს ჭკუა ვასწავლე და… რაო, ძალიან ხმადაბლა ვთქვი და ვეღარ გაიგონეთ? ისა… ბაიასაც მოვაწონე თავი. ჰო, რა. ყოჩაღად მოვიქეცი და გოგოების ამბავი ხომ იცით.
ჰო, ქონდარელების ნაჩუქარი ოქროთი სავსე გუდაც გამომადგა – ალე ჰოპსა და მიდი მოადეს ვუწილადე, ემანდ, იქნება პატარა გოგო-ბიჭების გამომწყვდევასა და ნაძალადევ წვრთნებს გადაეჩვიონ.
აი, აბებე ბიკილას კი არადა, ფოსტალიონ სირბილას მთელი გულით ვაჩუქე ის ლამაზი ტყავის ჩანთა – ალალი და უსაყვედურო იყოს.
ახლა რას ვსაქმიანობ? რას და… იმ კარგმა კაცმა, ჩემი ამბავი რომ დაწერა და სკოლაში გაგვამწესა მე და ბაია, ეტყობა, აღარ მოგვადევნა თვალი, თორემ ეცოდინებოდა, ტყის განაპირას რომ დავსახლდით, ჩემი ჭიამაიებიც ვიპოვე, ბაიას ციცინათელებმაც მოგვაკითხეს, არც ქამარში გარჭობილი სალამური დამიკარგავს და წავიდა ასე ცხოვრება, ძველ კალაპოტში.
ჩინებულ კალაპოტში, ჩემმა მზემ.
მიყვარს <3
LikeLike
არაჩვეულებრივი მონოლოგია, როგორც ყოველთვის.
ეს რა კარგი სიტყვა გამახსენე – “ქულაჯა”. დამვიწყებია :))))
LikeLike
ქულაჯა გადასარევი სიტყვაა ) მონოლოგი მეც მომწონს ^^
LikeLike
სალამურა <3 ^_^
LikeLike
დიახ :)
LikeLike
კაპიკიანი ჯადოსნურ კაბაში იყო ხომ?
რახან არ ახსენე, სალამურაში არ იქნებოდა.
ეგ 2×1 გამოცემა მქონდა მეც.
LikeLike
დიახ )
მე ცალცალკეც მაქვს უკვე ))
LikeLike