მეზობელმა შემომხედა ამასწინათ, რაღაცებზე ვიქაქანეთ, ყავა დავლიეთ, ჩემი ძველი თაროები დაათვალიერა და შენო, სერიოზული კოლექციონერი გამხდარხარ, ახალი წიგნები, ალბათ, საერთოდ არ გაინტერესებსო.
იხუმრა, ცხადია. ცხრა ძველი თარო მაქვს ოთახში და იმ ცხრის გვერდით ოთხი ამდენი ახალიც მიდევს. კვალიფიკაციის შეცვლა და ბუკინისტურ დიეტაზე გადასვლა ნამეტანია. ოღონდ, რუსული გამოთქმაც გეცოდინებათ – В каждой шутке есть доля шутки. Остальное – правда.
ახალ გამოცემებზე უარს რა მათქმევინებს, ასეც არ გავგიჟებულვარ. სიახლეებს გაფაციცებით ვაკვირდები, თუ რამე საინტერესოდ მეჩვენება, ვყიდულობ, მომაქვს, ვკითხულობ და ზოგჯერ ბლოგსაც ვწერ. ქინდლიც გადასარევად (ანუ, სრული დატვირთვით) მუშაობს. წუხელ სამი ისეთი თითებჩასაკვნეტი Sci Fi კრებული გადმოვწერე, სანამ ჩვენები თარგმნა-გამოცემას მოიფიქრებენ, ჩვიდმეტჯერ გადავიკითხავ. უბრალოდ, უკვე მეც ვხვდები, რომ პრიორიტეტები შემეცვალა. საკოლექციო გამოცემების დევნა საოცრად აზარტული ყოფილა.
ღამითაც რომ გამაღვიძოთ, სხაპასხუპით ჩამოგითვლით ათამდე წიგნს, გამწარებული რომ ვეძებ. ქუჩაში, ფეისბუქზე, საიტებზე. ყველგან. ჯერჯერობით – უშედეგოდ. ერთგან სულ ხუთი წუთით დამასწრეს, სანამ გონს მოვედი, სანამ მინდა-მეთქი, მივწერე, სხვამ იყიდა. თითები დავიმტვრიე, მაგრამ რაღას ვიზამდი.
მშობელი დედა რომ მშობელი დედაა, ისიც კი უმოწყალოდ მამასხარავებს. საღამოს, შინ დაბრუნებულს, პირველად ამას მეკითხება ღრმად სერიოზული სახით, ამჯერად რომელ “ნაკადულს” და “საბჭოთა აჭარას” მიაგენიო.
სხვათა შორის, ამ ძებნა-ძებნაში, ბოდიალსა და წანწალში, ლინდგრენის სრული ძველი (1968-1994) ბიბლიოგრაფია შევაგროვე. სრული კი არა, ყ ვ ე ლ ა. ერთი გამოცემის სხვადასხვა დუბლიკატების ჩათვლით, ერთმანეთისგან მხოლოდ ყუის ფერითა და ყდის დეტალებით რომ განსხვავდებიან. სხვა ბრილიანტებსა და მარგალიტებს აღარ ჩამოვთვლი. ჩემს ფეისბუქის გვერდზე ისეთი ამბავია, ვიღაცებს ონლაინ მაღაზიის მეპატრონე ვგონივარ და ხან ფასს მეკითხებიან, ხან სურათებს მიგზავნიან, ამათი შოვნა თუ შეგიძლიათო.
სამსახურის გზაზე და შაბათ-კვირის ნეტარი ბოდიალის მარშრუტებზე ზეპირად ვიცი, სად რომელი ბუკინისტი ბინადრობს, ვინ რომელ საათზე გამოდის სამუშაოდ და რომელამდე რჩება. ბუკინისტური სტენდი მაღაზია არ არის, გრაფიკი არ აქვს, არც კატალოგს გამოსცემს, ზოგჯერ წვიმა უშლით ხელს და სხვა საქმეც გამოუჩნდებათ ხოლმე, მაგრამ დაახლოებით მაინც ვხვდები, სად რას ველოდო.
ვორონცოვზე, მაგალითად, ბუკინისტური წიგნის სახლში, ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეიარო. ისეთი რაღაცები მოეპოვებათ, სხვაგან ვერ ნახავ. “დინამოსთან” ხშირად არც კი იციან, რას ყიდიან და წიგნებს სისქის, იერსახის, ეფექტური ყდის მიხედვით აფასებენ. რუსთაველზე და თავისუფლებაზე ძველ წიგნებს ცეცხლი უკიდია. შვიდი ლარიო, დააბრეხვებენ, გახედავ ცერად და კარგი, სამად წაიღეო. მერე სიცილით ამატებენ, შვიდი ლარი ტურისტების ფასიაო.
ბუკინისტებთან ურთიერთობა გრძელი ისტორიაა. მოვიცლი და დავწერ. თბილისის ბუკინისტური რუკის გაკეთებაც მინდა. კოხტად ჩამოწიკწიკებული, სხვას თუ ვერა, ისევ მე გამომადგება. მოსაყოლი და გასახსენებელიც იმდენია, ერთი თავმოყვარე ბლოგი აიწყობა.
დელისთან, მეტროს მარჯვენა და მარცხენა ამოსასვლელთან, ორი ბუკინისტი მოღვაწეობს. ერთს ძალიან იაფად აქვს წიგნები, მეორე საშინელი მეძვირეა. მე ორივეს მუშტარი ვარ, საქმიან ურთიერთობებში ღრმად ჩართული. იციან, რასაც ვეძებ, დროდადრო პოულობენ და მინახავენ. მოკლედ, ორივეს კარგად ვიცნობ. ჰოდა, მორიგი ქაქანისას რა გავარკვიე – თურმე მეძვირე წიგნებს ქუჩის გადაღმა, მეიაფესთან ყიდულობს და მამასისხლად ყიდის :)
დედას ველაპარაკებოდი ამ დილით და სიტყვას მოაყოლა, ძველი კულინარიული წიგნები თუ შეგხვდა, წამომიღეო.
მაღიარა :)
რა გემრიელი პოსტი იყო :) მშურს შენი, მე ცუდი ჩვევა მაქვს, სხვის ძველ წიგნებს ხელს ვერ ვკიდებ, არადა კბილები მიკაწკაწებს, ისეთებს ვხვდები ხოლმე ბუკინისტებთან :) რა ამის პასუხია და სულ ვიხვეწები, ვინმემ გურამ ფანჯიკიძის რეპრინტები გააკეთოს, ყველას ვიყიდდი
LikeLiked by 1 person
ხელს ვერ ვკიდებ არა, მაგრამ ნესტით გაფუჭებულ და გადაგლეჯილი წიგნებზე თავის დროზე მეც მსგავსი რეაქცია მქონდა. მერე მივეჩვიე )
ფანჯიკიძის რეპრინტებს არ იცი, როგორ ველოდებოდი. მეთქი, “ჩემს რჩეულში” გამოსცემენ, მაგრამ ვინ მოგართვა ( ისევ ძველებს მივადექი. “აქტიური მზის წელიწადი”, “თვალი პატიოსანი”, კიდევ რაღაცები მაქვს. ბოლოს “სპირალი” ვიპოვე.
LikeLike
ქუთაისში ცენტრალური ბაზრობის შუაგულში, კიბეებთან იდგა ხოლლმე მოხუცი, ჭვერებიანი კაცი კოსტუმით, უამრავი კარგი წიგნი ჰქონდა, სტუდენტობის დროს დავდიოდი და ვყიდულობდი, განსაკუთრებით სალექციო მასალის წაკითხვაში მეხმარებოდა იქ ნაპოვნი ლიტერატურა, ბიბლიოთეკებიდან ყველაფერი გატანილი იყო ხოლმე ძირითადად…ერთ რამედ ღირდა თუ ვინმეს მინაწერ კომენტარებს ვნახულობდი… ნეტავ ისევ თუ დგას, ნეტავ ისევ თუ აცვია ის კოსტუმი და ვინმე ჩემნაირი სტუდენტი გოგო ბიჭები ისევ თუ აკითხავენ?!
ბებიაჩემის ნაჩუქარი წიგნები მაქვს ძველი გამოცემები, ყდა ძლივს აქვს შემორჩენილი რამოდენიმეს, ბებიაჩემის მიერ წითელი ფანქრით არის ალაგ–ალაგ გახაზული და ყველაზე დიდი სიმდიდრეა ჩემთვის…
LikeLike
აბა რა, ბებიას ნაქონი და მინაწერიანი ო’ჰენრი ყველაზე მეტად მეძვირფასება )
LikeLike
უი, შეცდომებისათვის ბოდიში :)
LikeLike