ორი ათეული წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მაგლების მთელი სამყარო პოტერიადით მოწამლა და ფენტეზის ჟანრის რომანებზე ჯადოსნური შელოცვასავით დატოვა კვალი.
დარწმუნებული ვარ, ჯენიფერ ბელი ისევე სუნთქვაშეკრული კითხულობდა კაფანდარა, სათვალიანი ბიჭის თავგადასავალს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნების მაღაზიაში მომუშავე გოგონას, შეუძლებელი იყო, წიგნები არ ჰყვარებოდა. არც ის არის გასაკვირი, რომ, როდესაც პირველი ფენტეზი-რომანის დაწერა გადაწყვიტა, როულინგის მომნუსხველი გავლენისთვის თავის არიდება გაუჭირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “მიწისქვეშელების“ პირველი წიგნი – “მრუდე ვერცხლი“ – აშკარად გამოუვიდა.
პირველ რიგში, მთავარმა პერსონაჟებმა ივარგეს – ჭკვიანმა და მამაცმა აივიმ, მისმა ფეთხუმმა ძმამ სებმა და ცოტა არ იყოს, უჩვეულო ვითარებაში შეძენილმა მეგობარმა – ველიანმა. დამეთანხმებით, როცა ადამიანი მთელ ბავშვობას ტიალებს შორის გაატარებს და სრულიად მოულოდნელად ჩემოდნით მოუწევს გამგზავრება მიწისქვეშა სამყაროში, რომლის არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა, მინიმუმ ერთი იქაური ძმაკაცი აუცილებელია. მითუმეტეს, თუ ამ უცნაურ ქვეყანაში ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული, ვამპირებს კვარტერმაისტერის პოსტი უჭირავთ, მიცვალებულები ქვეგვარდიაში მსახურობენ და ჰაერში დალივლივებენ, “დაცემულთა გილდიის“ შენიღბული წევრები კი გაფაციცებით დაეძებენ დიდგვაროვან საუნჯეს და მის მოსაპოვებლად ყველაფრისთვის მზად არიან.
არა, ნამდვილად არ გახლავს სახუმარო ამბავი, თბილი და მზრუნველი ბებია, აქამდე ყველა სხვა ბებიასავით რომ ფუსფუსებდა სახლში და შვილიშვილებს უვლიდა, ლანდინორის ერთ-ერთი უძველესი ოჯახის წარმომადგენელი აღმოჩნდება, თან დიდად სასახელო ოჯახისაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით.
მოკლედ, რა აღარ გადახდებათ თავსა აივისა და სებს – ორმოცი წლის წინ გაუჩინარებულ საგვარეულო სასახლეშიც შეაღწევენ, მგელგრიმსაც დაუსხლტებიან ხელიდან, ჩრდილაჩრდილსაც გადაურჩებიან, უჩვეულო უნარებსაც შეიძენენ, რაც მთავარია, დატყვევებულ მშობლებსაც გადაარჩენენ და იმასაც მიხვდებიან, რატომ არ იშორებდა ბებო დაგლეჯილ ჯვალოს ტომარას.
წიგნს რომ დაასრულებთ, ალბათ, ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ ლანდინორის საოცარი მიწისქვეშეთიდან ისევ ტიალებს შორის დაბრუნება მთლად სახალისო არ უნდა იყოს, თუმცა ის ამბავი, რომ აივის თან შეჭეჭყილი და აბდაუბდად მოლაპარაკე ერთგული ზარი – ფხაჭუ გამოჰყვა, აუცილებლად გაგიხარდებათ, კარლ ჯეიმს მაუნტფორდის ჯადოსნურ ილუსტრაციებს კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს და “მრუდე ვერცხლს“ ლანდინორში კიდევ ერთხელ მოხვედრის იმედით კმაყოფილნი დახურავთ.
კომენტარის დატოვება