დაბადების დღეები, ზოგადად, ძალიან მიყვარს. ჩემიც, სხვისიც. რა სჯობს ათასნაირი სასუსნავით დახუნძლულ სუფრას, ფერად–ფერად ქაღალდებში შეფუთულ საჩუქრებს, ტორტზე ანთებულ სანთლებსა და საზეიმო აურზაურს?! არც არაფერი.
საკმაოდ კარგად აღზრდილი ადამიანი გახლავართ და დაუპატიჟებლად ვინმეს დღესასწაულზე კი არა, ჭიქა ყავაზე არ ვესტუმრები. თუმცა, აქედან ძალიან შორს, ჩრდილოეთში, 110 წლის წინ ისეთი ქალი დაიბადა, რომ შემძლებოდა, მოსაწვევს ნამდვილად არ დაველოდებოდი, დავადებდი თავს და რომელიმე 14 ნოემბერს გაუფრთხილებლად მივადგებოდი კარზე. არ გეგონოთ, ხელცარიელი ვაპირებდე მისვლას – უზარმაზარ ტორტს შევუკვეთდი და ზედ აუცილებლად წამოვასკუპებდი იმ პერსონაჟებს, მარტო ბავშვობა კი არა, მთელი ცხოვრება რომ გამითბეს და გამიხალისეს.
ერთ კუთხეში აუცილებლად პეპი იქნებოდა ჩამომჯდარი, გაფშეკილი წითური კიკინებითა და მხარზე შესკუპებული ბატონი ნილსენით, მეორეში – მარჯვე მაძებარი კალე ბლუმკვისტი, იქვე ყაჩაღის ასული რონია მავნე ტრაკუნების თანხლებით, ონავარი ემილისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი, ბიულერბიუელი გოგო–ბიჭებისთვისაც და ძმები ლომგულებისთვისაც. ცეროდენა ნილს კარლსონი ხომ სათქმელიც არ იქნებოდა – მშვენივრად მოთავსდებოდა ტორტის მოსართავ რომელიმე ფოთოლზე ან ყვავილზე. მელკერსონების ოჯახი, ცხადია, მოზრდილ და საპატიო ადგილს დაიკავებდა, ოღონდ იქვე ჩორვენიც არ უნდა დაგვვიწყებოდა ბოცმანთან ერთად – მოგეხსენებათ, რა საშიში გახლავთ გამძვინვარებული ჩორვენი.
ტორტის ცენტრში კი… დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც მიხვდებით, რომ საპატიო ადგილს ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცი დაიკავებდა, ზურგზე პროპელერით, ხელში კი დაბრაწული გუფთით.
მოკლედ, ვაივაგლახით ავიტანდი ამ ვეებერთელა ტორტს სტოკჰოლმისკენ მიმავალ თვითმფრინავში, მთელი გზა თვალს არ მოვაშორებდი და ვიჯდებოდი ასე, მოგონებებში ჩაფლული, ამ საოცარი პერსონაჟების სამყაროში ჩაძირული და იმ ემოციებით გაჟღენთილი, რასაც მათთან ყოველი შეხვედრისას განვიცდიდი.
მერე, მშვიდობიანად რომ დავეშვებოდი არლანდას აეროპორტში, ვასასტანის რაიონში დალაგატანის 46 ნომრის პოვნა უკვე აღარ გამიჭირდებოდა. დავაკაკუნებდი, ვიდგებოდი ამაყად ჩემი ძღვენით ხელში, ჰოდა, კარი რომ გაიღებოდა და მოკლედ თმაშეჭრილი, ჭაღარა ქალი გამომხედავდა ეშმაკურად მოციმციმე ცისფერი თვალებით, გავუწვდიდი ჩემი საყვარელი გმირებით დახუნძლულ ტორტს და გულაჩუყებული ვეტყოდი:
“დაბადების დღეს გილოცავთ, ფრუ ასტრიდ!“
ჩემი დაბადების დღე არ მიყვარს, მაგრამ ასტრიდის იუბილე ყოველთვის მახსოვს <3 :D მაჭკატებით აღვნიშნავ ხოლმე :D
LikeLike
მახსოვს შენი მაჭკატების ამბავი, მოგიყოლია ^^
LikeLike
ასტრიდს იმაზე ნაკლებ არ გაუხარდებოდა, ვიდრე კარლსონს რვა თითოსანთლიანი ღვეზელი <3
LikeLiked by 1 person
რვა თითოსანთლიანი ტორტი ერთი რვასანთლიანის მაგივრად ჩემი დევიზია ^^
LikeLike
[…] შარშან, ნოემბერში, ასტრიდ ლინდგრენს 110 წელი შეუსრულდა. […]
LikeLike