ხუთშაბათს და პარასკევს წიგნის დღეებს შორიდან ვუყურებდი და სურათებს ვათვალიერებდი, “ექსპოს” ამბებს მეგობრები მიყვებოდნენ. კვირას გამოვიძინე, ტელევიზორს ვუყურე, ჩეხური ბაქლავა გეახელით და ბლოგიც დავწერე. წერეთელზე შაბათს ვიყავი.
თბილისის წიგნის დღეები, მოგეხსენებათ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ეგიდით არ ტარდება, კერძო ღონისძიებაა და შესვლაც ფასიანია. ეს, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნაური წესი, აღშფოთებული კომენტარების და უკბილო ხუმრობების თემაა, ფულის დახარჯვა ისედაც გვიწევს, ბილეთების გაყიდვა ვინ მოიფიქრაო.
ჰოდა, წელს, სექტემბერში, წიგნის დღეების ფეისბუქის გვერდზე ძალიან მარტივი სარეგისტრაციო ფორმა გამოაქვეყნეს. რამდენიმე წკაპით დარეგისტრირდით, ელფოსტით კოდს გამოგიგზავნით და ჩვენს ივენთს უფასოდ დაესწრებითო. ცხადია, წამიც არ დამიხანებია. იმდენად ორი ლარის ხათრით არა (თუმცა, კაცმა რომ თქვას, ოთხი დღის ბილეთი ერთი წიგნის ფასია), უბრალოდ, მაინტერესებდა, სიახლე როგორ იმუშავებდა.
გადასარევად იმუშავა, სხვათა შორის. ლეპტოპში კოდი გადაამოწმეს და მობრძანდითო, გაგვიღიმეს. იმედია, აწი ელფოსტით კატალოგების გამოგზავნაც მოხერხდება.
ხუთშაბათს და პარასკევს მეგობრები მწერდნენ, არც ისეთი ხალხმრავლობაა, ყველა საუიქენდოდ აპირებს მოსვლასო. მეც გამიშვი-გამატარესთვის მოვემზადე. არაფერი მსგავსი. მკითხველი არ იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ არც სტენდებთან მისვლა ჭირდა, არც სუნთქვა. განსაკუთრებით კონდიციონერის ჩართვის შემდეგ.
ღმერთი, ხატი, რჯული, არცერთ წიგნის ფესტივალზე არც ერთი ახალი წიგნი ისე არ გამხარებია, როგორც მეთერთმეტე პავილიონში გარდერობის აღმოჩენა. ნოემბერი კია, მაგრამ ქურთუკით ბოდიალი ნამდვილად გამიჭირდებოდა.
ჩემი პროგრამა-მინიმუმი მალევე შევასრულე. “სულაკაურის“, “ინტელექტის“, “ზოლიანი კატის“, “ოჩობუქსის” სტენდებს ჩამოვუარე და წინდაწინ შეგულებული წიგნები ავკრიფე. ორი გადასარევი გამოცემაც დავიმატე. ერთი “ტროლებზე მონადირეებია”, გილიერმო დელ ტოროს და დენიელ კრაუსის ფენტეზი, ფრიად სიმპათიური ყდით და დამაინტრიგებელი ანოტაციით.
მეორე ჯენიფერ ბელის “მიწისქვეშელებია“. მაიკო მიყვებოდა დილით. ფეისბუქზე ყველა ამაზე ლაპარაკობს, არ გამოვტოვოთო. რაღაც ძალიან ჯადოსნურია, თან ახალი. ზუსტად ისეთი ფენტეზი, ყველაზე დიდი სიამოვნებით რომ ვკითხულობ. “მრუდე ვერცხლი”, როგორც ვხვდები, სერიის პირველი წიგნია. მე კი სერიები ძალიან მიყვარს.
გადასარევია, წიგნის დღეებზე, წიგნებთან ერთად, სათამაშოების და ხელნაკეთობების სტენდებიც რომ გვხვდება. ერთფეროვნება მოსაწყენია. “ზოლიანი კატის” უჯრულა პარკები და “სულაკაურის” საფირმო პარკების ახალი დიზაინი მომეწონა ძალიან, მშვენიერი Takeaway ყავა ძალიან ლამაზი ჭიქებით, რამდენჯერმე პავილიონში მობოდიალე დონატებს დავეჯახე, მაგრამ არა უშავს, არც ერთს არ გვწყენია :)
ერთადერთი, “გაუცინარ ხელმწიფეზე” დამწყდა გული, თოთხმეტი ქართველი ილუსტრატორის დასურათებულ ქართული ზღაპრების კრებულზე. შვეიცარიულ გამომცემლობა NordSüd-ს დაუბეჭდავს. პრეზენტაცია ოთხი საათისთვის იგეგმებოდა, მეხუთე პავილიონში, მაგრამ ოთხამდე ვერანაირად ვერ დავიცდიდი, შინ სტუმრიანობა და ისეთი სუფრა მელოდებოდა, რომ გენახათ, ულაპარაკოდ გამამართლებდით.
P. S. წიგნის დღეების მთავარ ნუგბარს ისევ სხვაგან მივაგენი. გამოფენისკენ მიმავალმა, “დინამოსთან”, ბუკინისტური წიგნების ფარდულში შევრგე ცხვირი. დრო მქონდა ძალიან ცოტა, ჩამოსაჯდომად და თაროების საფუძვლიანად გადასაქექად არ მეცალა. რაც ჩანდა, იმას გადავხედე და ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონის” პირველი გამოცემა რომ დავინახე, სხვა რაღაცები აღარც მიძებნია.
❤️გემრიელი პოსტი გემრიელ დღეებზე. სხვათაშორის, ვერ ჩამოვყალიბდი, უნდა ყოფილიყო თუ არა შესვლა უფასო :/
LikeLike
მე მგონია, რომ არ უნდა ყოფილიყო. და ველოდები იმ დროს, როდესაც ოც ან ოცდახუთლარიანი აბონემენტები გაიყიდება, საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობით, ფიქსირებული დისქაუნთით, უფასი ყავით, გარკვეულ პრეზენტაციებზე ექსკლუზიური წვდომით და ა.შ.
LikeLike
გარდერობი მშვენიერი სიახლეა. პირადად ნაკლებად მეხება – ისედაც “შილიფად” ჩაცმული დავდივარ (განსაკუთრებით სამუშაო დღეებში), მაგრამ ზოგადად ასეთ ღონისძიებებზე აუცილებელი მგონია… აი შედარებითი სიხალვათით კი ვისარგებლე – ძალიან მარტივად მივუდექი დიოგენეს და ბათუმელების სტენდებს. არადა, ყველაზე დიდ დროს ყოველთვის წიგნებამდე მიღწევაში ვკარგავდი :)
LikeLike
ყველაზე რთული წიგნებამდე მიღწევაა, აბა რა )
LikeLike
პარასკევს მივედი და კარგა ხანს შემოვრჩი ისე გავერთე “თამაშობანას” გასაფერადებლებზე, ნამდვილი ანტისტრესია 😍 ქარჩხაძის 3 წიგნი შევიძინე, სხვები ვერ მოვახერხე 😔
LikeLike
პარასკევს მივედი და კარგა ხანს შემოვრჩი ისე გავერთე “თამაშობანას” გასაფერადებლებით 😍 კიდევ ქარჩხაძის 3 წიგნი შევიძინე და ცოტა ხნით მოვიმარაგე საკითხავი 📚
LikeLike
სტენდზე, არა? მეც მივაფერადე რაღაც )) გასაფერადებელი ფანტასტიკური ანტიდეპრესანტია )
LikeLike