წლევანდელი წიგნის დღეები, ტრადიციულად, ოთხდღიანია, ხვალ დაიწყება და კვირას დასრულდება, მაგრამ ხუთშაბათს და პარასკევს ვმუშაობ, სამსახურიდან ცხვირის გამოყოფის თეორიული შანსიც კი არ მაქვს, კვირადღე სულის მოსათქმელად და გამოსაძინებლად მჭირდება. რაღა დარჩა. შაბათის იმედად ვარ და ეს ჩემი გეგმაც ერთ დღეზეა აწყობილი.
შემოდგომის მთავარ ბიბლიოღონისძიებას 39 მონაწილე ჰყავს – გამომცემლობები, წიგნების მაღაზიები, სოციალური საწარმოები, სათამაშოების მაღაზიები, ჟურნალები, არტ-მაღაზიები. რეკორდული რიცხვია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არჩევანი გვექნება. კატალოგებს, ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა, ბოლო დღეებში დაიდო, მაგრამ რაც მინდოდა, ისედაც ვიცოდი და სახელდახელო ნავიგატორის შედგენაც არ გამჭირვებია.
ჰოდა, ჩემო კარგებო, გრძელ და მოსაწყენ შესავალს გვერდი ვუქციოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე ჩემს არჩევანს გაგიზარებთ, თქვენ თქვენი მომიყევით და სოფელიც აშენდება.
“მადიკენით” დავიწყოთ.
ალალად გეტყვით, ნაყიდი რომ არ მქონდეს და წიგნის დღეების ერთადერთი სიახლე იყოს, წერეთელზე მხოლოდ “მადიკენისთვის” წავიდოდი. ლინდგრენის ძველ, “ნაკადულის” ბიბლიოგრაფიაში არ ყოფილა, “სულაკაურის” და “დიოგენეს” სერიებსაც აცდა, “ჯეოპრინტმა” გამოსცა 2004 წელს და, მას შემდეგ, არც არავის გახსენებია. აწი “მოსწავლის ბიბლიოთეკაშიც” გვექნება. ნატო კვარაცხელიას თარგმანია, ილონ ვიკლანდის გადასარევი ილუსტრაციებით გაწყობილი. ის პირველი, რარიტეტული “მადიკენი” არასრული იყო, მხოლოდ პირველი ნაწილი ითარგმნა. ახალზე გვაიმედებენ, გაგრძელებაც მალე მოჰყვებაო.
რეპრინტების სიყვარულის გამო ისევ უმოწყალოდ მაშაყირებენ, მაგრამ აკას ვერ გამოვტოვებ. “სანტა ესპერანსა” და “მესაიდუმლის ქამარი” 2008 წლის მერე არ გაუმეორებიათ. ჩემი საყვარელი “თეთრი სერიის” განახლებაც დაიწყეს, სურათზე “მოგზაურობა ყარაბაღში” დავლანდე და, იმედია, არც ახალ “ფალიაშვილს” დააგვიანდება. ვგავარ ახლა მე ამისთანა გამოცემების გამომტოვებელს?!
“სულაკაურის” თითით საჩვენებელი კლასიკური სერია გრძელდება, მაგრამ როგორ გრძელდება – “ფაუსტის” მეორე ნაწილით. პირველი ტომი, დავით წერედიანის ყოვლად გადასარევი თარგმანი, გამოცემისთანავე დაიტაცეს. ცხვირი მიგრძნობს, არც მეორეს გააჩერებენ სტენდებზე დიდხანს. ყოველ შემთხვევაში, ერთი ნამდვილად მე მიმაქვს და დანარჩენებსაც გამოუჩნდება პატრონი.
ჩემი ამბავი ხომ იცით, კეთილი, თბილი, ტკბილი ზღაპრები მიყვარს და უჟმურ ისტორიებს მაინცდამაინც არ ვეტანები, მაგრამ ლემონი სნიკეტის “უიღბლო ამბების სერია” ისე კარგადაა გაკეთებული, ისეთი კოხტაა, იმდენად საინტერესო და ჩამთრევია, წესებს ამ ერთხელ გადავუხვიე. სნიკეტებს მაიკო მჩუქნის, მისი ექსკლუზივია, არ გაბედო, უჩემოდ არ იყიდოო, ახლაც გამაფრთხილა.
“ინტელექტი” თამთა მელაშვილის “თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში”-ის გამოცემას გეგმავს. ავტორი და სათაური ვიცი ჯერ, მეტი არაფერი, მაგრამ საკმარისი მგონია – თემა ძალიან საინტერესოა, არც ისე გაცვეთილი, ყოველ კუთხეში ამაზე წერდნენ. ესეც არ იყოს, თამთასი ჯერ არაფერი გამომიტოვებია. არც ვაპირებ.
“ინტელექტს” კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო სიახლე აქვს – ქეთევან მეფარიძის მოთხრობების კრებული “მეზობლად”. სადებიუტო კრებული კი ჰქვია, მაგრამ ქეთის დიდი ხანია, ვკითხულობ. 2007 წლის “ალუბლობაში”, რიტმული პროზის ნომინაციის გამარჯვებულია, 2014-ში სტუდენტური “შემოდგომის ლეგენდა” აქვს მოგებული და ბათუმური “ინსომნიის” ფინალისტიც გახლდათ. ახალ კრებულს ფრიად დამაინტრიგებელი სათაური და გარეკანი აქვს და, რა გითხრათ, “ინტელექტს” ახალბედების აღმოჩენა-გავარსკვლავება (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით) გადასარევად გამოსდის. ვნახოთ.
ყველაზე ფერადი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. “ზოლიანი კატა” ხომ გახსოვთ? ახალი გამომცემლობა უსაყვარლესი ლოგოთი, ულამაზესად მოხატული “მაკნატუნა” რომ გამოსცა. ჰოდა, “მაკნატუნას” ისეთი ფერადობები მოაყოლა,. შენი მოწონებული. ბობ დილანის “თუ ძაღლები ლაღად რბიან”, სკოტ კემპბელის ილუსტრაციებით, “თეთრი ლომი”, მეოთხეც აქვთ ჩაფიქრებული – “ჰიპა ირჩევს პროფესიას”. ზუსტად ისეთი საბავშვო საკითხავია, მე რომ მიყვარს – ერთი შეხედვით, პატარა მკითხველისთვისაა, მაგრამ უფროსებიც ისიამოვნებენენ. სასწაული ნახატები, ფანტასტიკურად თარგმნილი ტექსტები. რაც მქონდა, გავაჩუქე (მაკნატუნას ვერ შეველიე), ხელახლა ვყიდულობ.
“ოჩობუქსი“, როგორც ნამდვილ ზღაპრულ გამომცემლობას შეეფერება, წიგნის დღეებზე ერთგულ მკითხველს საფირმო, წელგამართული ფასდაკლებით ხვდება, განსაკუთრებულ ნუგბარს კი საახალწლო ფესტივალისთვის ინახავს. დეტალები ოჩოს ჰკითხეთ. მე ის ვიცი, რომ ხალხმრავალი ბიბლიოღონისძიება “თან სატარებელი წიგნების” და მსუყე დისქაუნთის გარეშე ჯერ არ ჩატარებულა. მშვენიერი ტრადიციაა, ღმერთმანი.
წიგნის მაღაზიების სტენდები ცალკე ამბავია. წიგნის მაღაზიებს, მოგეხსენებათ, კატალოგები არ აქვთ და მთავარი სიურპრიზები, ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი რაღაცები (ჩემთვის – გრაფიკული პროზა და კომიქსები, “პატარა პრინცის” და ბებია ასტრიდის ახალი, უცხოენოვანი გამოცემები) ზუსტადაც რომ მაღაზიებში მოიპოვება.
მოკლედ, ძვირფასო მასპინძლებო, საგულდაგულოდ გამოცარიელებული ზურგჩანთით მოვდივარ. ორიოდე ნაჭრის ჩანთაც მომაქვს. ისე, ყოველი შემთხვევისათვის.
აი, ხომ არის რაღაცები, რაც კონკრეტულ დღესასწაულთან იგივდება, განწყობას გიქმნის თუ ჯადოსნობის წრედს კრავს, ვანილის სუნი იქნება, მოციმციმე ნათურები თუ სხვა რამ. ხოდა წიგნების ფესტივალები, გამოფენები და ყველა მნიშვნელოვანი ბიბლიოღონისძიება მოლის პოსტის გარეშე წარმოუდგენელია. მოლის პოსტი დაწერილია, ე.ი. ფესტივალიც დაიწყო ^_^
განსაკუთრებული მადლობა განსაკუთრებული სიტყვებისთვის
LikeLiked by 1 person
ოჩო, ხომ იცი, სულ სულ პირველი წიგნიდან გკითხულობ :) მადლობა შენ :)
LikeLike
მეც ამას ვფიქრობდი – შაბათი თუ კვირა, მაგრამ მაინც შაბათზე ჩამოვყალიბდი. კვირა – დასვენებას, შაბათი – სამსახურს, დიოგენეს და ბათუმელებს :)))
LikeLiked by 1 person
კვირადღე გონზე მოსასვლელად არსებობს :)
LikeLike
რამდენი წელი მინდოდა ამ ფანტასტიკურ ბლოგზე წამეკითხა თუნდაც ერთი წინადადება ჩემს წიგნზე <3
მადლობა გამხნევებისთვის და ასეთი შეფასებისთვის ^_^
LikeLiked by 1 person
უელქამ ) პერსონალური რევიუც ჩემზე იყოს )
LikeLike