ჩემმა მეგობარმა მაიკომ ჩემი უმოწყალოდ გაშაყირების მორიგ მიზეზს მიაგნო.
ჯერ იყო და რეპრინტებზე ქირქილებდა, ერთნაირი წიგნები რად გინდაო. ახალ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” გულგრილად როგორ ჩავუარო, ერთნაირი როგორაა, სხვა ყდა აქვს და აკაა, ეს ოხერი. მომაქვს ციმციმ შინ და მერე დამცინიან.
ახლა ჩემს ძველ კოლექციას მიადგა. ბოლოს რომ მყავდა სტუმრად, სანამ ნიგვზიან ბადრიჯანს, ცხელ-ცხელ მეგრულ ხაჭაპურს, ელარჯს და შოკოლადის ტორტს მივხედავდით, ახალი “ძველი თაროები” ვაჩვენე ამაყად და კომპლიმენტების მოლოდინში გავინაბე. შენც არ მომიკვდე. აათვალიერა და შენო, როგორც ვატყობ, მალე წიგნებიანად გაგსვამენ გარეთ, ჩემთან მოგიწევს გამოზამთრება და რა ვქნა, ერთი ოთახი ახლავე ხომ არ დაგიცალოო.
მაიკო მეხუმრება, ცხადია. ძველი წიგნების ეშხი ჩემზე უკეთაც კი იცის და, დროდადრო, ისეთ მარგალიტებს პოულობს და მჩუქნის, თავად ვერაფრით ვერ მივაგნებდი, მაგრამ ბლოგს მაინც დავწერ. რა იცი, რა ხდება.
ჩემთვის პირადად არავის უთქვამს (ცოტა სასაცილოც კი იქნებოდა, ვინმეს ეთქვა) მაგრამ ერთი-ორგან გამიგია და წამიკითხავს, რა საჭიროა ამ ძველი, ყავლგასული, ყოვლად უინტერესო საბჭოთა თარგმანების შეგროვება, როცა პრიალა, ფერად-ფერადი, გადასარევზე გადასარევი თანამედროვე გამოცემები მოგვეპოვებაო.
ოცდამეერთე საუკუნეა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, ხალხი მარსის კოლონიზაციას გეგმავს, საგამომცემლო საქმეც სხვა სიმაღლეებზეა, ცენზურა აღარ არსებობს (ფორმალურად მაინც), ყველაფერი ხელმისაწვდომია, სათარგმნ ლიტერატურასაც სხვანაირად, უკეთ არჩევენ, თარგმანის ხარისხიც ერთიორად გაზრდილია (მთარგმნელი ჯეკ მფატრავების პრობლემა მაინც გვიდგას, ოღონდ ეს უკვე სხვა, სევდიანი ბლოგების თემაა), პოლიგრაფია წინაა წასული, დიზაინსაც მეტი ყურადღება ექცევა, კრეატივი მეტია, ბოლოს და ბოლოს, ხათუნა ცხადაძე, ქეთი ქანთარია, ლია ჩლაიძე, ანი კოპალიანი, ნიკა სამუშია, სალომე ბენიძე გვყავდა და გვყავს და უცნაური იქნებოდა, თანამედროვე პროდუქტი ორმოცი ან ორმოცდაათი წლის წინანდელზე უარესი იყოს.
თუმცა, ახლავე შემიძლია ახალი გამოცემების ჩამოთვლა, ძველთან ახლოსაც რომ ვერ მივა და ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ამათ ავტორებს, მთარგმნელებს, რედაქტორებს, დიზაინერებს კარგად გამოცემული წიგნი თვალით არ უნახავთო.
მოკლედ, ახალი ჯობია ძველს (ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდით, პირიქით რომ იყოს) მაგრამ ძველსაც თავისი ხიბლი აქვს და ამაში მსოფლიოს ყველა ბუკინისტი და კოლექციონერი დამეთანხმება.
მინახავს კოლექციები, სადაც განმსაზღვრელი გამოცემის წელია. 1901 თუ აწერია გარეკანს, ავტორს და ნაწარმოებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე ასე არ გამომდის. მე მხოლოდ იმას ვაგროვებ, რაც ბავშვობაში მომწონდა, ან არ მქონდა, მაგრამ აუცილებლად მომეწონებოდა და, რაც მთავარია, ახლაც ძალიან მომწონს.
ძველი ბიბლიოთეკა, პირველ რიგში ქვეყნის, საგამომცემლო საქმის, მთარგმნელობითი სკოლის, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის, ძველი გამომცემლობების ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ისტორიაა. ჩვენი ბავშვობის “ნაკადულს”, მე თუ მკითხავთ, მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ზოგ მოქმედ გამომცემლობას, თანამშრომლების გარდა არავის რომ არ ახსოვს. არადა, “ნაკადულზე” ვიკიპედიის წესიერი სტატიაც არ მოგვეძევება.
მართლა ძალიან საინტერესოა თვალის დევნება, პირველი გამოცემიდან მოყოლებული, როგორ იცვლება თარგმანი, რედაქტურა, ყდა, ზოგჯერ სათაური და ავტორის გვარ-სახელიც კი. გადმოქართულებულ პეპის ჯერ მაღალიწინდა რომ ერქვა, მერე გრძელიწინდა და ახლა გრძელწინდა ჰქვია, ანე-კატერინე ვესტლის ჯადოსნური “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” პირველ გამოცემაში ჩამონათვალი მამით რომ იწყება, მეორეში კი ავტორს, რატომღაც, ანე-კატრინედ მოიხსენიებენ, პირველი ქართული “ტომ სოიერი” ელენე ახვლედიანს რომ დაუსურათებია და 1992 წელს, უშუქო, უპურო, დანგრეულ და სამოქალაქოომგადატანილ ქვეყანაში ვიღაცები “პატარა უფლისწულის” და “მეფე მათიუშ პირველის” გამოსაცემად რომ იცლიდნენ.
და, ალბათ, ყველაზე მთავარი. ძველ წიგნებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ. ძველ თაროებზე ბებიას ნაჩუქარი “დედოფალი მარგო” და “კერი” მიდევს, დედის მოტანილი “ფილმი-ზღაპრები“, ნილსი, სალამურა, კარლსონი, “ყვითელი კოდალას ორდენი”, ვინი პუჰი, მაუგლი, მერი პოპინსი. მთელი ჩემი ბავშვობა. ო’ ჰენრის პაწაწინა კრებული მაქვს შინ, ბებიას მინაწერით, ბებიას უყიდია სამოცი წლის წინ, ჯერ ბებიები კითხულობდნენ, მერე დედა და მამა, ჩემი პირველი ო’ჰენრიც ის იყო, “უკანასკნელი ფოთოლი”, “გზები, რომელთაც ვირჩევთ”, წითელკანიანთა ბელადის დახსნა” (ასე ერქვა მაშინ) პირველად მანდ წავიკითხე, სამი თაობის წიგნია, დღესაც ცოცხალია და კიდევ სამ თაობას გაახარებს.
ყდაგაცრეცილი წიგნების კლუბი თუ გეგულებათ სადმე, გამაწევრიანეთ. შინიდან წიგნებიანად გაძევების არ მეშინია. დალაგდება ქვეყანა, ბინას ვიყიდი და ჩემს ბინაში მეც გადასარევად დავეტევი და ჩემი ახალი და ძველი თაროებიც.
სულ ვოცნებობ, რომ ოდესმე ისეთ სახლში ვიცხოვრებ, სადაც ერთ მოზრდილ ოთახში ბიბლიოთეკა მექნება – თავისი ყდაგაცრეცილი წიგნებით, ახალი გამოცემებით, მოხერხებული სავარძლით, კარგი განათებით და პატარა მაგიდით (მხოლოდ ქინდლი, წიგნი, ჭიქა ყავა და ნამცხვრიანი თეფში რომ დაეტევა, ისეთით)… :)))
LikeLike
ამას ვაპირებ ზუსტად. პლუს, პლედი. ნორვეგიელები ამბობენ, პლედის გარეშე ბედნიერება არ არსებობსო.
LikeLike
ჰუჰ, ნაკადული თუ იგივე საბლიტგამი იყო, არ ვიცოდი :) შენ რომ არა, ვიკიპედიის მაგ სტატიაზეც ვერ მოვხვდებოდი.
LikeLike
საბლიტგამია, კი :) საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა ) “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”, მაგალითად, საბლიტგამმა დაიწყო 1957 წელს და “ნაკადულმა” დაამთავრა :) პირველი ტომები საბლიტგამია, მერე – ნაკადული )
სტატია, ვეჭვობ, ენციკლოპედიიდან გადმოწერილი აბზაცია, წყაროდ რაც აქვს მითითებული. ყოვლად სამარცხვინო და მწირზე მწირია ვიკიპედიის ფორმატისთვის.
LikeLike
კი… 100%
მიუხედავად იმისა რომ ბევრი უხეირო თარგმანი იყო, ბევრიც რუსულის გავლით ნათარგმნი.
LikeLike
რამდენიც გინდა ) ოხრადაა რუსულიდან ნათარგმნი.
LikeLike
ისე, ნაკადულზე არ ვიცი, სხვა ნაკადულიც იყო თუ არა, მაგრამ სათაურების გაჭირვება გვქონდა ქართველებს.
მაგალითად მახსოვს – შოკოლადი მზიურის, სათამაშოები მზიურის, სახატავი რვეულები მზიურის, საშლელი მხიურის… მზიურ ნიფხავს არ ვახსენებ ახლა
LikeLike
საბავშვო გამომცემლობას ნაკადულზე მეტად, მგონი, არც არაფერი უხდება )
LikeLike