დარწმუნებული ვარ, მიცნობთ. მე ვინ არ მიცნობს. ბავშვი რომ გააჩერო ქუჩაში, გააჩერო კი არა, ნაშუაღამევს რომ გამოაღვიძო და ჰკითხო, ქართული ზღაპარი მითხარიო, ჯერ ნაცარქექია გაახსენდება, მერე კომბლე. კომბლეც იბოღმება და ცხვარს რომ კლავს, ჩაქაფულზე არ მპატიჟებს. ბატონო? სულ ორი ცხვარი ჰყოლია და რას კლავსო? ვინ გითხრათ, რაის ორი ცხვარი, ფარები დაუდის იალაღებზე. ის მსუქანი სათვალიანი კაცი ტელევიზორში რასაც ჰყვება, ყველაფერს კი ნუ დაიჯერებთ.
ქართული ზღაპარი იქით იყოს, ვიღაცები გაიძახიან, ნაცარქექია დროშაზე და გერბზე უნდა გვეხატოს, ნაღდი ქართველია, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიო. რაღაც უცნაურ სიტყვასაც ახსენებენ. ჰო, გეოპოლიტიკას. ჩვენს ჩლუნგ და მიწაყლაპია მეზობელს, ნაცარქექიასავით, კრეატივით უნდა ვაჯობოთო.
არადა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცნობადობა მხიბლავს და გერბზე დახატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ (ხომ ვამბობ, ტიპურ ქართველად არ გამოვდგები-მეთქი). ბუხართან ჯდომა მიყვარს და ნაცრის ქექვა, მეტი არაფერი და ესეც არ დამაცალეს. თან ვინ? ღვიძლმა ძმებმა :(
გრძელი ამბავია, თუ მაცლით, წვრილად გიამბობთ. ზღაპარი წაკითხული გექნებათ. მანდ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ თანამედროვე მედია როგორ მუშაობს, ხომ იცით – ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ინტერპრეტაციაა.
მოკლედ, ძმებმა ისე მიგანეს, ვიხსენებ და არ მჯერა. ვიჯექი ერთ დღეს ბუხართან, ნაცარს ვქექავდი, გლობალიზაციაზე ვფიქრობდი და მომადგნენ დამჟავებული სახეებით, ესაო, ისაო, ეკონომიკური კრიზისიაო, ვალუტის კურსს შეხედეო, ასე უსაქმურად ან შენ როდემდე უნდა იყო, ან ჩვენ როგორ გინახოთო. გავბრაზდი, მაგრამ რა გავბრაზდი. თქვენ არ გაბრაზდებოდით? ერთი თქვენი დედაც ვატირე-მეთქი. წავალ, წავეთრევი, ორ კაპიკს თუ ვიშოვი, ისევ თქვენ გამოგიგზავნით; ემიგრანტების წყალობით უდგას ქვეყანას სული, მე ვისზე ნაკლები ვარ-მეთქი, ავდექი და კარი გავიჯახუნე.
რიხით კი წავედი, მაგრამ სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ყველის ნაჭერი მედო ჯიბეში და მეთქი, ან თონე შემხვდება სადმე, ან ნანულის მარკეტი, პურს ვიყიდი, წყალთან ჩამოვჯდები, შევჭამ და მერე მოვიფიქრებ. მშიერ კუჭზე ფიქრი არ გამომდის. მშიერ კუჭზე არაფერი არ გამოდის. დიეტა საშინელებაა. თქვენ არ იცით, დიეტის დროს ბლოგის წერა რა ტანჯვაა. ბოდიში, ეს სხვაგან უნდა დამეწერა. მოკლედ, თონეს ვეძებდი და წახემსებას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცალა?
ებჯო, დევებს ვიცნობ, ადრეც შემხვედრიან. სულ ტაქსისტ ნაცარქექია კი არ ვყოფილვარ. ნორმალური ტიპები არიან, ადამიანის ესმით. ოღონდ მთვრალს არ უნდა გადაეყარო. მთვრალი დევი სხვანაირად ჩლუნგდება და მე რომ მომადგა მდინარესთან, მთვრალი კი არა, მურტალი ნაბახუსევი იყო და მე რომ თონის პურს ვნატრობდი, ის, ალბათ, ხაშს ეძებდა.
შემეშინდაო? შემეშინდა კი არა, გული გამისკდა, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. გავიბრიქე, ყარამან ყანთელიც ვარ და უარესიც, თუ ღონე გერჩის, დამეჭიდე-მეთქი. ჯერ ქვიდან წვენის გამოდენაში გავეჯიბრე, მერე სირბილით მტვრის დაყენებაში, მერე სიმძიმეს როგორ წევ-მეთქი. ოლიმპიადა გამოგვივიდა, რა. თან გული მისკდებოდა, ამან არ შეამჩნიოს, ყველი რომ მიჭირავს, თორემ სირბილი და გასწრება მერე ნახე-მეთქი. დაშინებით კი დავაშინე, მაგრამ ჩემმა იმერულმა ყველმა მოგჭამათ ჭირი. დავრჩი მშიერი.
არა, მერე შინ დამპატიჟა. ირმის სუკიც გადასარევი იყო, ღვინოც მშვენიერი დაუწურავს, ნაბახუსევმაც გაუარა და ადამიანს დაემსგავსა. ვივახშმებდით გემრიელად, გავათენებდი როგორმე და დილით გზას გავაგრძელებდი, მაგრამ ჯერ იყო და იმხელა კეცი გადმომემხო, ძლივს გამოვძვერი, მერე ჩემდა (როგორც აღმოჩნდა – მისდა) ჭირად დააცემინა და ამხელა დევი რომ დააცემინებს, თავი როგორ უნდა შეიმაგრო, ავეკარი ჭერს. ან რა ცემინება აუტყდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს, ქეიფისას თუ გაცივდა სადმე ორპირში. რა მექნა, გულის კანკალით მოვბოდე რაღაც და არ დაიჯერა? არიქა, მომკლავს ესო, იშვირა ფეხი და გავარდა კარში. რა ვიცი მე, სად გაიქცა, ისეთი შეშინებული იყო, ალბათ, ახლაც გარბის. ერთი მაინც რომ მოეხედა უკან, კი დაინახავდა, იატაკს რომ დავეზღერთე და კრუსუნით ვიზელდი გვერდებს, მაგრამ არა, ქუსლებს ირტყამდა ზურგზე და რა ჩემი ბრალია?!
ავათრიე წელი როგორღაც. დავათვალიერე დევის სახლკარი. ამხელა სრა-სასახლეში მარტოს რა გამაჩერებდა. ჩემს ძმებს შევუთვალე, ის ფარღალალა ქოხი ვინმე ჯიბეგამოფხეკილ სტუდენტზე გააქირავეთ (ნაცარქექია ვარ, სულელი კი არა, სადაა დასაკარგი ფული), აქეთ წამოეთრიეთ, ღირსი არ ხართ, მაგრამ ძმის გულს რა ვუთხარი, დევისსისხლა ღვინო უნდა ჩაგაცეცხლოთ-მეთქი.
ჰოდა, ვზივარ აგერ, დევის ბუხართან. იმხელაა, კი ხედავთ, ახლოს მისვლა მეშინია, შიგ არ დავიკარგო. საქმე მე არ მაქვს და სადარდებელი, კაის ვსვამ და კაის ვჭამ, აქაურობას ძმები უვლიან. უსაქმური კაცი რითი ერთობა, გაგონილი გექნებათ. ოღონდ შინიდან წამოღებული მახათი სადღაც დავკარგე, სხვა მახათიც არ მაქვს და ბლოგების წერა დავიწყე. მტკივნეული მაინც არაა.
რა გემრიელი საკითხავია ^_^
ფრიად ვისიამოვნე. მადლობა, მოლი.
LikeLiked by 1 person
გამახარე ))
LikeLike
რა ვქნა, ბავშვობიდან მიყვარს ნაცარქექია :)) <3 მიხარია, აქაც რომ ვხედავ ^_^
LikeLiked by 1 person
მეც ძალიან მიყვარს ) კომბლეზე მეტადაც კი )
LikeLike