შემოდგომის ამ ცივ და ქარიან დღეებში, მე თუ რამე დამეჯერება, სულ პლედშემოსახვევი, სავარძელში ჩასათბუნებელი და ჩაის მისაყოლებელი წიგნები უნდა იკითხო, თანაც ისეთი, შიგნიდანაც რომ გაგანათებს და გაგათბობს. მაინცდამაინც ბევრიც არ მეგულება ასეთი და რამდენიმე დღის წინ, ბუკინისტებში სუნსულისას ისეთ რამეს გადავაწყდი, სანამ გამყიდველი ყურადღებას მომაქცევდა, ხელიდან არ გამიშვია – ემანდ, ვინმემ არ ამწაპნოს-მეთქი.
ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ მე – გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ქართველი ლინდგრენოლოგი :D – პირველად ვხედავდი “ცეროდენა ნილს კარლსონს“ ქართულ ენაზე. ახლაც არ მჯერა, რომ ასეთი რამ დამემართა – სად და როგორ ავცდი ამ გამოცემას, ვერ გამიგია. არადა, ფაქტია, რომ ავცდი, თუმცა არ მგონია, ბავშვობაში წაკითხვით ახლანდელზე მეტი სიამოვნება მიმეღო.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ზედგამოჭრილი წიგნია სიცივეში წასაკითხად – ეგრევე გაგათბობს, შეიძლება, ჩაის ჭიქა ზედმეტადაც კი მოგეჩვენოს. ისეთი კარგი ბიჭი ცხოვრობს ამ წიგნში – ბერტილი ჰქვია და თავიდან ცოტა დაგასევდიანებს კიდეც, ძალიან მარტოსული ვინმეა. მშობლები სულ სამსახურში არიან, დაიკო მერტა კი – ზეცაში, ჰოდა, ეს ჩვენი ბერტილი მთელი დღე ფანჯარასთან არის ატუზული დედ-მამის მოლოდინში, მეტი რა დარჩენია. ახლა წარმოიდგინეთ, ამ ყოფაში რომ იქნება ადამიანი, როგორ უნდა გაუხარდეს საკუთარი საწოლის ქვეშ ციცქნა ბიჭის დანახვა, თუნდაც ისეთი პაწაწუნასი, გულისჯიბეში რომ ჩაეტევა.
აბა, რას არ იზამს კაცი ასეთი ციდან ჩამოვარდნილი კი არა და, ნაქირავები ვირთხის სოროდან ამომძვრალი მეგობრის გამო: არც ჯადოსნური სიტყვების თქმას შეუშინდება დასაპატარავებლად და ხვრელში გასაძვრომად, ასანთის ღერებსაც საკუთარი ზურგით ჩაზიდავს, კარაქიან პურსაც, ქიშმიშსაც და დაბრაწულ გუფთებსაც, აბა, სიცივეს და შიმშილს ხომ არ მოაკვლევინებს ნისეს, ძლივს გამოუჩნდა ხმის გამცემი და მარტოობის გამზიარებელი. დაიკო მერტას სათამაშოებიც ძალიან გამოსადეგია – თოჯინების საწოლი ზედგამოჭრილია ცეროდენა ნილს კარლსონისთვის, იატაკის ნაცვლად ფუმფულა ლეიბზე დაწვება და თბილ საბანსაც დაიხურებს, ჰო, ავეჯიც ექნება და ნაქირავები სორო ნამდვილ სახლს დაემსგავსება. ნისე კმაყოფილი დაიძინებს, ბერტილი კი უზომოდ ბედნიერი ბიჭი იქნება – მარტოობაში გატარებული დღეები წარსულს ჩაბარდა, ახლა შეუძლია, საუკეთესო მეგობარი განუყრელად თან ჰყავდეს და ეულად არასოდეს იგრძნოს თავი.
თქვენი არ ვიცი, მე კი ამ პატარა წიგნის დასრულების მერე ისე ვიგრძენი თავი, როგორც ციცქნა ნისემ გიზგიზა ღუმელთან მიდგმულ გაღუნღულებულ საწოლში. ცოტა პატარა რომ ვყოფილიყავი, იქნებ კუნჭულ-კუნჭულ ხვრელების ძებნაც დამეწყო, იქნებ ჩემთანაც მეპოვა ფუძის ანგელოზი.
ისა და, მგონი, არც ახლაა გვიანი.
თქვენ რას იტყვით?
წიგნიც ღუნღულაა და პოსტიც <3
LikeLiked by 1 person
ორივე <3
LikeLike
რა საყვარელი იქნება ბერტილი <3 ნისეც! <3
LikeLiked by 1 person
ნისე განსაკუთრებით <3
LikeLike
უსაყვარლესია <3 მერე რა, რომ ბავშვობაში "ავცდი" ^_^
LikeLiked by 1 person
აბა რა )
LikeLike
[…] და ძმები ლომგულებისთვისაც. ცეროდენა ნილს კარლსონი ხომ სათქმელიც არ იქნებოდა – […]
LikeLike
ძველი გამოცემაა??? არც მე მინახავს და საერთოდ პირველად მესმის :)
თუმცა მე არ ვარ ასტრიდის ეგეთი ფანატი. მაგრამ მაინც უცნაურია რომ გამოცემული ყოფილა და არ გამიგია.
LikeLike
1994 წლის, მილორდ. არც მე გამეგო, თუმცა, მეგობრებმა მითხრეს, ჩვენი ბავშვობის მასთ რიდი იყოო )
LikeLike