ბიბლიოფილიისგან განსხვავებით, სინემანია არ მახასიათებს. არა, კინოში სიარული მიყვარს, ახალ ფილმებსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, მაგრამ “გარდარეული სიყუარული“ ნამდვილად არ მჭირს – ძირითადად, შერჩევითობის პრინციპით ვხელმძღვანელობ. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, პრემიერას სულმოუთქმელად რომ ველოდები და მოსაწვევების დანახვაზე ხელებს ვიფშვნეტ.
ჰოდა, ასე უკიდეგანოდ კმაყოფილი ბოლოს გასულ ხუთშაბათს გახლდით, როცა მესინჯერში “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მოსაწვევი დავინახე. თქმაც ზედმეტია, რომ სეანსის დაწყებას სავარძელში მყუდროდ მოკლათებული შევხვდი, უზარმაზარი პოპკორნით ხელში, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, რამდენიმე წუთის შემდეგ განზე გადავდე და აღარც გამხსენებია.
ნანა & სიმონის პირველი ფილმის მსგავსად, მეორეც პროტესტი გამოდგა. ამჯერად უფრო ჩუმი, აგრესიისგან დაცლილი პროტესტი, აი, ისეთი, გამაყრუებელ სიჩუმეს რომ დაგიტოვებს თავსა და გულში. ამბავი ქალისა, რომელმაც ერთ დღეს საკუთარი ყოფის შეცვლა გადაწყვიტა. მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისა და არა სამყაროსი, არა გარშემომყოფი ადამიანების, არა ოჯახის წევრების… უბრალოდ, საკუთარი თავისთვის ცხოვრება მოუნდა, სადაც არავინ დაუშლიდა ვახშმამდე ტკბილეულის ჭამას. როცა ვუყურებდი, როგორ ალაგებდა მანანა ნივთებს და როგორ იგერიებდა გაოგნებული ახლობლების კითხვებს, ერთი ძველი ლექსი გამახსენდა:
“ოჯახის ქალმა დატოვა ქმარი,
ბროლი, საპფირი, ვერცხლის ვაზები,
მოწყენილ წარსულს ახალა კარი
და მიიყუდა ცეცხლის თასები“.
ჰოდა, მანანამაც გაიხურა კარი, რომლის მიღმაც მისი ოჯახის სამი თაობა, უამრავი წესი, კანონი და ტრადიცია ცხოვრობდა. დატოვა თმაშევერცხლილი მშობლები, ოქროსავით ქმარი, ბრილიანტივით შვილები, ცოტა არ იყოს, ჟანგშეპარული სიძე და გადასახლდა ჭორიკანა ქალაქის გარეუბანში, რომ პლედში გახვეული მჯდარიყო აივანზე, როცა მოუნდებოდა, მაშინ ეჭამა ტორტი, დაეყოლებინა წითელი ღვინო, წიგნები ეკითხა და მუსიკისთვის მოესმინა, ფოთლების შრიალთან ერთად.
ამ ფილმს მანანასთან ერთად, სხვა მთავარი გმირიც ჰყავს – ქალაქი, რომელიც არასოდეს მოგცემს მარტო ყოფნის საშუალებას, აუცილებლად შემოგიძვრება სახლში, სააბაზანოში, საწოლ ოთახში, შემოგიძვრება უცერემონიოდ, მოურიდებლად, ხან ძმის სახე ექნება, ხან – მისი ძმაკაცების, ხან – “გულშემატკივარი“ მეგობრების, ბიძების, ბიცოლების, ნათლიების, ნათლულების, მეზობლების, ვინ მოთვლის, ვისი აღარ… ეს ის ქალაქია, რომელიც არ შეგეკითხება, ისე გაგიქექავს თეთრეულს, უცხო მამაკაცის კვალს მოძებნის შენს ბინაში, ქმრის ღალატს მოგახარებს, ანგარიშვალდებულად ჩაგთვლის ნაცნობ-უცნობისა და გამვლელ-გამომვლელის წინაშე…
რთულია ამ ქალაქში ცხოვრება და დიდი გამბედაობა სჭირდება მანანად ყოფნას, რადგან აქ დანაშაულია, იცხოვრო საკუთარი თავისთვის, დატკბე მარტოობით, დაიღალო სხვებისთვის ანგარიშის გაწევით, თუნდაც ეს სხვები უახლოესი ადამიანები იყვნენ. ეს კოლექტიური ქალაქია და ინდივიდები არ უყვარს, ამიტომ გატკეპნილი გზიდან გადასახვევად აქ დიდი ბრძოლაა საჭირო.
აი, ამ დიდი შინაგანი ომის, ჩუმი პროტესტის, მხრებზე დაწოლილი სიმძიმის მიუხედავად, ფილმი მაინც იმედიანია, რადგან აქ არის კიწი – თავისუფლების ყლუპი შაბლონებით დაბორკილ გარემოში და არის რეჟისორების ძალიან კარგი და კინოსთვის საკმაოდ უჩვეულო სვლა – ღია ფინალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყველამ ისე დავასრულოთ ამბავი, როგორც მოგვინდება. როგორც ჩვენი შინაგანი სამყარო გვიკარნახებს; იქამდე გავფრინდეთ, სადამდეც ფრთების გაშლა შეგვიძლია.
ამასწინათ ვფიქრობდი მოლი დაიკარგა, ნეტა როდის დაბრუნდება ბლოგზე მეთქი და როგორ გამახარა ამ პოსტმა :) მით უფრო იმ ფილმზე, რომელიც ძალიან მაინტერესებს.. აუცილებლად უნდა ვუყურო.
მოლი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ,,შვებულებიდან” :-) წარმატებულ ბლოგინგს გისურვებ! <3
LikeLike
მადლობა, რუსა ) ბლოგი ახალი გახსნილია, მეორე პოსტია შვებულების შემდეგ, ისე ფეისბუქზე სულ ვარ, ფეიჯის ბმული მანდვეა, ბლოგის ქვეშ.
LikeLiked by 1 person
მეც ის მომეწონა, სიმშვიდით და პრინციპულობით რომ გააგებინა თავის გარემოს, რა უნდოდა. თავიდან რომ ამბობს, აღარ მინდა თქვენთან ცხოვრებაო, თითქოს რა არაფრისმთქმელი სიტყვებია, რამდენი ქალი ამბობს და ვერ ასრულებს. კლასელების ფართიზე რომ მღერის, იქ ამეტირა. და ბოლო კადრში იას სახეზე ემოცია კიდევ….
LikeLike
მაიკომ მითხრა საფინალო კადრების შემდეგ, ამათ, მგონი, საკუთარი თავისთვის არც არასოდეს უცხოვრიათ აქამდე და, იქნებ, აწი გამოუვიდეთო.
ჩვენი ფინალი ასეთია ) ოპტიმისტური )
LikeLiked by 1 person
შემოქმედებითი ჯგუფი ხომ შესანიშნავია და თავისთავად იწვევს ინტერესს… მაგრამ თემაა იმდენად აქტუალური, რომ ამ ფაქტორის გარეშეც “სანახავი” იქნებოდა… და კიდევ – ფილმებზეც გვინდა ხოლმე ხანდახან პოსტები… კარგი გამოდის და რატომაც არა :)
LikeLiked by 1 person
აქტუალურია კი და ზედმეტი გადაძაბვის და დრამატიზების გარეშე რომ ილაპარაკეს რეჟისორებმა ამ თემაზე, ეს მომწონს ძალიან.
მადლობა დიდი ) დავწერ კინოზეც დროდადრო )
LikeLiked by 1 person