ახალი წიგნის მაღაზიის გახსნა, მით უფრო ჩვენს ძაღლუმადურ ყოფაში, მთლად ჩვეულებრივი და რიგითი ამბავი არ არის. წიგნები დღესაც იბეჭდება და იყიდება, მაგრამ სხვა ბიზნესი, რბილად რომ ვთქვათ, უფრო სარფიანია.
ამიტომ გამიხარდა განსაკუთრებით, ორიოდე თვის წინ, მეგობარმა სიტყვას რომ მოაყოლა – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მაღაზიას ხსნისო.
სულაკაურის ფერად-ფერად წიგნებს აქამდე ან “სანტა ესპერანსაში” ვპოულობდი, ან “ექსლიბრისში” (რა მაგის პასუხია და ბულაჩაურზე “სანტას” ახალი ბუქსთორის ამბავიც გეცოდინებათ). განსაკუთრებით გემრიელი ლიტსასუსნავი თუ ჩამოდიოდა და ლოდინი მესიკვდილებოდა, აღმაშენებელზე გავრბოდი, გამომცემლობაში.
აწი ვაკეში ვიყიდი. ჭავჭავაძის თხუთმეტში.
საფირმო “სულაკაური” მეორე დღეა, მუშაობს. პარასკევს გაიხსნა, ოღონდ პარასკევს ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას, ლენტის ჭრას და სადღესასწაულო ტორტს ვინ ჩივის, შინ ძლივს მივლასლასდი. გუშინაც არ მეცალა, შაბათი კი იყო, მაგრამ ვმუშაობდი (ასეც ხდება ხოლმე). ჰოდა, დღეს, როგორც იქნა, საკუთარი სიამოვნებისთვის მოვიცალე და წავედი.
იოლი მისაგნებია. ზუსტად ილიაუნის წინაა. დიოგენეს ფარანი და არიადნეს ძაფი არ დაგჭირდებათ.
“სულაკაურები”, ცხადია, სხვაგანაც გაიყიდება, არც “სანტას” თაროებს დააკლდება, არც “ექსს” და არც სხვა მაღაზიებს, მაგრამ, როგორც ვხვდები, სიახლეები ყველაზე მალე და ყველაზე ხელსაყრელ ფასად აქ ექნებათ.
კონსულტანტებიც მეიმედება. დარწმუნებული ვარ, მე-რა-შუაში-ვარ სახით მოჭრილი “არ გვაქვს” მოსმენა, სტელაჟებზე კიბის მიდგმა, არქეოლოგიური გათხრების წარმოება, ძებნა (და პოვნა) ნამდვილად არ მოგვიწევს.
ათასჯერ მითქვამს და გამეორება არ დამეზარება – უფერული და უინტერესო სახელგამების და უჟმური გამყიდველების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. დღეს კარგი წიგნის მაღაზია პრეზენტაციებით, შეხვედრებით, საჯარო ლექციებით, კრეატიული პერფორმანსებით ფასობს, თორემ წიგნის ყიდვა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, აფთიაქშიც შეიძლება. სიახლეები კიდევ, “სულაკაურს” რომ აქვს, ისე და იმდენი უნდა. წესით, ივენთს ივენთზე უნდა ველოდოთ. თქვენი არ ვიცი და მე წინასწარ ვიფშვნეტ ხელებს.
ერთი მცირე, მაგრამ არცთუ უმნიშვნელო დეტალი: არაფერი ისე არ უხდება თანამედროვე წიგნის მაღაზიას, როგორც კოხტა კაფე. მაინცდამაინც ტყვიასავით რომ არ გამოვარდე გარეთ ახალნაყიდი წიგნებით, ცოტა ხნით ჩამოჯდე, ცხელი ყავა მოსვა, შენაძენი გადაათვალიერო, კონსულტანტებს გამოელაპარაკო, მოკლედ, წიგნის სამყაროში დარჩე ცოტა ხანს. სხვა რომ არაფერი, იქნებ და კიდევ რამის ყიდვა მოგეპრიანა უცბად, უკან მიბრუნება არ დაგჭირდება და არ დაგეზარება. ამ ციცქნა სივრცეში კაფე ვერ დაეტევა, სამაგიეროდ, Takeaway ყავა გვექნებაო და ძალიან მიხარია.
“სულაკაურის” მარკეტინგს ჩემგან არ ესწავლება, ცნობილი ამბავია: ბუქშოფის წარმატებას პროფესიონალ კონსულტანტებთან, მსუყე დისქაუნთთან, ხშირ-ხშირ აქციებთან ერთად ამ მაღაზიისთვის საგანგებოდ შექმნილი დაგროვების ბარათიც უწყობს ხელს. “ექსს” და “სანტას” ასეთი ბარათები უხსოვარი დროიდან აქვთ, ჩემი, მგონი, 2010 წელს მომცეს. ახლაც მოქმედია, სხვათა შორის. თვალს, გულს და ჯიბეს ერთად ახარებს. ჰოდა, ძვირფასებო, საფულეში ადგილი ახალი ფერადი მართკუთხედისთვისაც მომეძებნება. რატომაც არა.
აბა, თქვენ იცით. მაღაზიას – წარმატება და მე – ახალი წიგნები.
მოლი, გილოცავ დაბრუნებას! საკუთარ თავს და სხვა მკითხველებსაც ვულოცავ მოლის დაბრუნებას.
სულაკაურის წიგნების მაღაზიას კი მალე ვესტუმრები – თუნდაც, პოტერჰედულად გაფორმებული ფანჯრის გამო.
LikeLiked by 1 person
მადლობა, რეი ) ვიტრინა უსაყვარლესად აქვთ გაფორმებული ) ეჭვი მაქვს, სიახლეები კვალდაკვალ შეიცვლება ხოლმე, რაც ძალიან საინტერესოა )
LikeLiked by 1 person
ახალი მაღაზიის გახსნა ხომ გადასარევი ამბავია, მაგრამ არც ბლოგის დაბრუნებაა ურიგო :) თან ისეთი პირი უჩანს, რომ მშვენიერი ლიტერატურული სეზონი გვექნება:)
LikeLiked by 1 person
მადლობა :) ახალ ლიტ.სეზონს მეც ინტერესით ველოდები. ვნახოთ, რა იქნება.
LikeLike
100-ლარიანი ბარათით სად შეიძლება წიგნების შეძენა?
LikeLike
ვერ გეტყვით, ბარათის გამომშვებ გამომცემლობას უნდა ჰკითხოთ.
LikeLike