Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2017

ჩემმა მეგობარმა მაიკომ ჩემი უმოწყალოდ გაშაყირების მორიგ მიზეზს მიაგნო.

ჯერ იყო და რეპრინტებზე ქირქილებდა, ერთნაირი წიგნები რად გინდაო. ახალ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს”  გულგრილად როგორ ჩავუარო, ერთნაირი როგორაა, სხვა ყდა აქვს და აკაა, ეს ოხერი. მომაქვს ციმციმ შინ და მერე დამცინიან.

ახლა ჩემს ძველ კოლექციას მიადგა. ბოლოს რომ მყავდა სტუმრად, სანამ ნიგვზიან ბადრიჯანს, ცხელ-ცხელ მეგრულ ხაჭაპურს, ელარჯს და შოკოლადის ტორტს მივხედავდით, ახალი “ძველი თაროები” ვაჩვენე ამაყად და კომპლიმენტების მოლოდინში გავინაბე. შენც არ მომიკვდე. აათვალიერა და შენო, როგორც ვატყობ, მალე წიგნებიანად გაგსვამენ გარეთ, ჩემთან მოგიწევს გამოზამთრება და რა ვქნა, ერთი ოთახი ახლავე ხომ არ დაგიცალოო.

მაიკო მეხუმრება, ცხადია. ძველი წიგნების ეშხი ჩემზე უკეთაც კი იცის და, დროდადრო, ისეთ მარგალიტებს პოულობს და მჩუქნის, თავად ვერაფრით ვერ მივაგნებდი, მაგრამ ბლოგს მაინც დავწერ. რა იცი, რა ხდება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, მიცნობთ. მე ვინ არ მიცნობს. ბავშვი რომ გააჩერო ქუჩაში, გააჩერო კი არა, ნაშუაღამევს რომ გამოაღვიძო და ჰკითხო, ქართული ზღაპარი მითხარიო, ჯერ ნაცარქექია გაახსენდება, მერე კომბლე. კომბლეც იბოღმება და ცხვარს რომ კლავს, ჩაქაფულზე არ მპატიჟებს. ბატონო? სულ ორი ცხვარი ჰყოლია და რას კლავსო? ვინ გითხრათ, რაის ორი ცხვარი, ფარები დაუდის იალაღებზე. ის მსუქანი სათვალიანი კაცი ტელევიზორში რასაც ჰყვება, ყველაფერს კი ნუ დაიჯერებთ.

ქართული ზღაპარი იქით იყოს, ვიღაცები გაიძახიან, ნაცარქექია დროშაზე და გერბზე უნდა გვეხატოს, ნაღდი ქართველია, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიო. რაღაც უცნაურ სიტყვასაც ახსენებენ. ჰო, გეოპოლიტიკას. ჩვენს ჩლუნგ და მიწაყლაპია მეზობელს, ნაცარქექიასავით, კრეატივით უნდა ვაჯობოთო.

არადა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცნობადობა მხიბლავს და გერბზე დახატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ (ხომ ვამბობ, ტიპურ ქართველად არ გამოვდგები-მეთქი). ბუხართან ჯდომა მიყვარს და ნაცრის ქექვა, მეტი არაფერი და ესეც არ დამაცალეს. თან ვინ? ღვიძლმა ძმებმა :(

გრძელი ამბავია, თუ მაცლით, წვრილად გიამბობთ. ზღაპარი წაკითხული გექნებათ. მანდ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ თანამედროვე მედია როგორ მუშაობს, ხომ იცით – ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ინტერპრეტაციაა.

(more…)

Read Full Post »

უფროსებს რატომღაც ჰგონიათ, რომ პატარებს საზრუნავი და საფიქრალი არაფერი აქვთ. ჰოდა, ძალიანაც ცდებიან – თუ არ გჯერათ, შვედეთში წამომყევით, იუნიბაკენში, ერთ გოგოს გაგაცნობთ. დიდ წითელ სახლში ცხოვრობს მშობლებთან, უმცროს დასთან, პუდელთან და კნუტთან ერთად, მარგარეტა ჰქვია და ყველა მადიკენს ეძახის. ბებია ასტრიდმა დაასახლა იქ და არ მგონია, რომ შეძლებოდა, თავად სხვა ადგილი აერჩია.

ჰოდა, ეს ჩვენი მადიკენი სულ რაღაც ხათაბალაში ეხვევა ხოლმე, არადა, როგორ გგონიათ, არ უნდა, სანიმუშო ბავშვი იყოს? ძალიანაც უნდა, მაგრამ რა ქნას, როცა ირგვლივ იმდენი საინტერესო საფათერაკო ადგილია?! პარმაღზე ხომ არ იჯდება მოხუცი ქალივით, ან ძია ნილსონივით სულ დივანზე ხომ არ იგორავებს? მოუსვენარი გოგოა, ხალისიანი და სულ რაღაც დავიდარაბაში ეხვევა ხოლმე, არადა, საერთოდ არ უნდა, დედ-მამა ანერვიულოს. უბრალოდ, არ გამოსდის.

(more…)

Read Full Post »

შემოდგომის ამ ცივ და ქარიან დღეებში, მე თუ რამე დამეჯერება, სულ პლედშემოსახვევი, სავარძელში ჩასათბუნებელი და ჩაის მისაყოლებელი წიგნები უნდა იკითხო, თანაც ისეთი, შიგნიდანაც რომ გაგანათებს და გაგათბობს. მაინცდამაინც ბევრიც არ მეგულება ასეთი და რამდენიმე დღის წინ, ბუკინისტებში სუნსულისას ისეთ რამეს გადავაწყდი, სანამ გამყიდველი ყურადღებას მომაქცევდა, ხელიდან არ გამიშვია – ემანდ, ვინმემ არ ამწაპნოს-მეთქი.

ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ მე – გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ქართველი ლინდგრენოლოგი :D – პირველად ვხედავდი “ცეროდენა ნილს კარლსონს“ ქართულ ენაზე. ახლაც არ მჯერა, რომ ასეთი რამ დამემართა – სად და როგორ ავცდი ამ გამოცემას, ვერ გამიგია. არადა, ფაქტია, რომ ავცდი, თუმცა არ მგონია, ბავშვობაში წაკითხვით ახლანდელზე მეტი სიამოვნება მიმეღო.

(more…)

Read Full Post »

ახალი სეზონის პირველი თამაში თანამედროვე სამამულო პროზას ეთმობა. ათი წიგნი, ამჯერად, ბოლო წინადადებებით უნდა გამოიცნოთ.

წესები, ტრადიციულად, მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :)

პასუხებს ვწერთ აქვე, კომენტარებში ან ფეისბუქზე.

ეს არის და ეს.

ყველაზე რთული პაკეტია, სხვათა შორის.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

 

კითხვა სიამოვნებაა. სხვათა შორის, ერთადერთი სიამოვნება, რომელიც არც ამორალურია და არც ასუქებს. სიამოვნებას წესები, დათქმები, შეზღუდვები და ვალდებულებები არ უხდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა, ღმერთმანი, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების საპირისპიროდ რამდენი სიბრიყვეც მომისმენია და წამიკითხავს, იმდენი სიკეთე და კარგი წიგნი თქვენ.

ტრანსპორტში კითხვა მარიაჟობააო, ქინდლში წაკითხული წიგნი წაკითხულად არ ითვლებაო, დეტექტივი მდარე ჟანრია და ფანტასტიკა – საბავშვო საკითხავიო.

ვისაც როგორც უნდა, ისე ჩათვალოს. ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამტკიცოს თუნდაც გაუვალი სიბრიყვე, იკითხოს მხოლოდ გოეთე (ან მხოლოდ სერვანტესი, ან მხოლოდ სტრუგაცკები) და წლის ბოლოს, კაი ბუღალტერივით, წაკითხული გვერდები თვალოს. ერთი ლეგენდარული ლიტერატურული პერსონაჟის არ იყოს, სხვის საქმეში არ ვერევი მე და სხვისთვის (ჭკუის) სწავლება ჭირივით მძაგს, მაგრამ ზუსტად იმ სხვას არ ასვენებს გამჩენი და ის სხვა ცდილობს, მიკარნახოს, რა ვიკითხო, სად და როგორ.

ზაფხულში, ხალხმრავალ წიგნის მაღაზიაში, ასეთ დიალოგს (სინამდვილეში – მონოლოგს) შევესწარი. თავად ახალგაზრდა ქალი თხუთმეტიოდე წლის გოგოს ამუნათებდა, რა დროს შენი ზღაპრებია, რით ვერ გაიზარდეო.

(more…)

Read Full Post »

შინ, ძველ თაროზე, ერთი წიგნი მიდევს.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული. არც ბებია ასტრიდის შედევრია, არც გურამ პეტრიაშვილის ან დონალდ ბისეტის ზღაპრების კრებული, არც მათიუშია და არც “სალამურას თავგადასავალი”. ყდაც სადაა, მწვანე ფერში გადაწყვეტილი. სიმპათიურია, მაგრამ რა გითხრათ, უკეთ გამოცემული საკითხავიც გვინახავს.

საბავშვო კია, მაგრამ ჩემი საყვარელი “ნაკადულის” – არა. რატომღაც “ხელოვნებას” დაუბეჭდავს.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

სათაურიც მარტივი აქვს – “ფილმი-ზღაპრები”. სინამდვილეში, ფილმების კი არა, მულტფილმების სცენარებია.

ცხრა წლისას მაჩუქეს. იმ დროს წიგნებს ჩემითაც გადასარევად ვყიდულობდი ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამას, რატომღაც, ავცდი. დედამ მომიტანა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: