ზუსტად ერთი კვირის წინ, საფესტივალო გეგმას რომ ვწერდი, კმაყოფილებისგან ლამის ხელებს ვიფშვნეტდი – ისე კოხტად აეწყო განრიგი, კინკილა Day off-ის აღებაა სამსახურში საჭირო და ოთხივე დღეს გადასარევად გამოიყენებ-მეთქი.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ. სამსახურიდან გათავისუფლებას ვინ ჩივის, პარასკევს, ოცდაექვსში, მთელი ქვეყანა რომ ისვენებდა, ისეთ გაწამაწიაში ჩავვარდი, წერეთლისკენ არც გამიხედავს.
თქვენ გგონიათ, დიდხანს ვიდარდე და ვივიშვიშე? რას ამბობთ. ბლოგერობის შვიდმა წელმა, სხვა თუ ვერაფერი, თავშემონახულობა მაინც მასწავლა – წუთისოფლის მზაკვრობას მოუმზადებელი არ დავხვედრივარ. ამქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს. მოვძებნე, შევუთანხმდი, ჯიბეში ფული ჩავუკუჭე, საკუთარი ხელით გადაწერილი, ცხარე ცრემლით დანამული სია გავატანე და საღამოს ახალი პოტერიც მაგიდაზე მედო, “ნაგერალაც”, მაია ენჯელოუც, პრინცებიც და რეპრინტებიც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთშაბათს და პარასკევს საფესტივალო რიარიას თვალს შორიდან ვადევნებდი (რა მენაღვლებოდა, დაუზარელი ოჯახის წევრების წყალობით წიგნები შინ მხვდებოდა, კოხტად აკოკოლავებული), შაბათს გულიანად გამოვიძინე, საუიქენდოდ გადანახულ ფილმს ვუყურე, ტრადიციული, სადღესასწაულო, ხუთჯვრიანი ტორტის ბოლო ნაჭერი მივსუსნე და სამის ნახევარზე წერეთელზე, “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკართან ვიდექი, შემართებით სავსე და ცინცხალი სიით ხელში.
ათასჯერ მითქვამს, ან რა დასამალია – მაისის ფესტივალი ძალიან მომწონს. ხალხმრავალ და წიგნმრავალ ღონისძიებას, პირქუშ და დეპრესიულ დარბაზებზე მეტად, სინათლე და სივრცე უხდება. მოკლედ, ქვეყანა თუ არ იქცევა, გამოფენიდან კმაყოფილი მოვდივარ. წელსაც ვისიამოვნე. ახლა ჩემს იმპრესიებს გაგიზიარებთ და მსუბუქად გეწუწუნებით.
წინასწარ შერჩეული ყველა წიგნი ადგილზე დამხვდა. არადა, პრევიუს რომ ვწერდი, ზოგი არც იყო ჩამოსული და გული მეთანაღრებოდა – ვაითუ, თაროზე უკვე შეგულებული ადგილი ცარიელი დამრჩეს-მეთქი. კონდიციონერები მუშაობდა და, ალაგ-ალაგ, გრილოდა კიდეც (მაინც დამცხა, მაგრამ რა შედარებაა, სუნთქვა ნამდვილად არ ჭირდა), სტენდების გონივრული და მოხერხებული განლაგებაც მომეწონა. ამბობენ, ხუთშაბათს და პარასკევს წყვეტა იყოო. შაბათს, ხალხმრავლობის მიუხედავად, არც ერთთან მისვლა არ გამჭირვებია. “სულაკაურის” პატარა კოტეჯიც კარგი იყო და “პალიტრა L”-ის ფერადი სივრცეებიც. იქაც და იქაც მეორედ მივბრუნდი, ერთი შემოვლა არ მეყო.
რაც მთავარია, “ჩი გუსტაში” მყუდროდ მოკალათებულმა, ნაირ-ნაირი პაკეტები რომ გავხსენი და ნადავლი ამოვალაგე, ჩემი არჩევანით კმაყოფილი დავრჩი. ლემონი სნიკეტის უიღბლო ამბების სერია, დიანას და გიოს უსაყვარლესი “სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”, “სულაკაურის” და “აგორას” სამი ახალი “პატარა პრინცი”, (ეს ფესტივალი, ჩემთვის, სულაც ახალი “პატარა პრინცების” ფესტივალია), ნატო დავითაშვილის სრულიად განსხვავებული “მთვარის შვილობილები”, “აკრძალული წიგნების თარო” და ძალიან საინტერესო მაია ენჯელოუ. თამთა მელაშვილის “მარინეს ანგელოზებს” ვერ მოვწყდი, ხელში ჩამადნა. ახალ წიგნებს ვალაგებდი, გადავშალე და დავრჩი ასე, გაღიმებული. სანამ ბოლოში არ გავედი, თავი არ ამიწევია. წესისთვის და მოდი-ხელს-გამოვაყოლებ პრინციპით არცერთი არ წამომიღია. მეოთხე დღეა, ვფურცლავ და ყველა ძალიან კარგია. თითქმის ყველა.
არა, მე კი მესმის, რომ საკულტო ტექსტების თარგმნა უმნიშვნელოვანესი ამბავია, მაგრამ ყველაზე ცნობილ, ფრთიან ფრაზებში უზუსტობების აღმოჩენა მაინც დასანანი მგონია. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, “даром” სხვა სიტყვაა, “უსასყიდლოდ” და “безвозмездно” – სხვა.
ძალიან დამწყდა გული, “V ანუ ვენდეტას” მშვენიერ პოსტერს რომ ავცდი. რამდენჯერმე ვიკითხე და არ იყიდება, საჩუქარია მათთვის, ვინც “ვენდეტას” და “ბეტმენს” შეიძენსო. “ვენდეტა” კი ბატონო და “ბეტმენი” იანვარში ვიყიდე, გამოსვლისთანავე. არ უნდა მეყიდა? ფესტივალს უნდა დავლოდებოდი? ერთგულ და ლოიალურ მომხმარებელს ასე ახალისებენ? წამოვედი ცხვირჩამოშვებული.
არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მონაწილეებიც მეცოტავა და რამდენიმე ჟურნალი და მსხვილი მაღაზიაც მოვისაკლისე (არადა, მარგალიტები, როგორც წესი, ზუსტადაც რომ მაღაზიებში მოიპოვება). სხვა მხრივ, ყველაფერი ძველებურად იყო – მკითხველი და მყიდველი შედი-გამოდიოდა, კონსულტანტები დაუზარებლად ფუსფუსებდნენ, ერთ პრეზენტაციას მეორე მოსდევდა, ჰედლაინერ გამომცემლობებს რიგები ედგათ და ამ რიგებზე მოვისმინე ყოვლად საოცარი შეფასება ერთი უკაცრიელი, ღვთისა და მკითხველისგან მიტოვებული სტენდიდან – გათახსირებულ წიგნებს ყიდიან და ხალხიც იმიტომ ესევა ბუზებივითო.
ჩემო კარგებო და ძვირფასებო, “არაგათახსირებული წიგნების” გამომცემლებო, კილომეტრიანი რიგები, გამიშვი-გამატარე, წეწვა-გლეჯა და ტაციაობა მთელი წლის (უფრო სწორად – წლების) შრომისა და მკითხველთან მუდმივი კონტაქტის შედეგია. თქვენც ნუ დაიზარებთ, გაიხედ-გამოიხედეთ, ტრენდებს გადახედეთ, ხარისხიანი პროდუქტის შექმნის, შეფუთვისა და მიწოდების ხერხებს დააკვირდით, მკითხველებს დაელაპარაკეთ, მათი აზრები და სურვილებიც გაიგეთ, სოციალური მედიის მენეჯერად მაინცდამაინც იმ თანამშრომელს ნუ დანიშნავთ, მარხვის დროს ფეისბუქს რომ არ რთავს, ცოდვააო, კარგი წიგნი დაბეჭდეთ და რიგები თქვენც დაგიდგებათ.
თქვენც იხეირებთ და ჩვენც ძალიან გაგვახარებთ. რაც მეტი გამომცემლობა გვეყოლება საფესტივალო გეგმაში, მით უკეთესი.
თორემ მე კი დავბრუნდი ზნედაცემული და ღვთისპირიდან გადავარდნილი წიგნებით სავსე ჩანთით შინ და უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე იმქვეყნიური თუ არა, ლიტერატურული სამოთხე ნამდვილად გარანტირებული მაქვს.
ქარჩხაძის სტენდმა დამტოვა გაწბილებული – ხუთშაბათს ვინ ჩივის, შაბათს დილით მისულიც უარით გამომისტუმრეს, მთვარის შვილობილები მოგვიანებით გვექნება, პრეზენტაციის შემდეგო… ფესტივალის 4 დღიდან 2.5 დღე ამ წიგნს რომ მალავ, ვისთვის და რისთვის გამოსცემ?!.
ბათუმელებისგან კი წამოვედი ძალიან ნასიამოვნები და დიდი მადლიერების გრძნობით <3
LikeLike
შაბათს, ასე, სამი საათისთვის, ქარჩხაძის სტენდზე ეწყოთ “მთვარის შვილობილები”. ჩვენ მანდ ვიყიდეთ, პრეზენტაციას ვერ დაველოდეთ. ხუთშაბათს და პარასკევს არ ვყოფილვარ და შაბათ დილის ამბებზეც ვერაფერს გეტყვი, მეძინა.
LikeLike
შაბათს პრეზენტაციამდე რომ არ ჰქონდათ “მთვარის შვილობილები”, დავრჩებოდი №1 გეგმის გარეშე. ჩვეულებრივი “სამოთხე-შაბათი” მაინცდამაინც საფესტივალოდ გარდაიქმნა აპოკალიფსად და მეორედ მიბრუნების ან დანიშნულ დრომდე მოცდის ენერგია აღარ მქონდა :D თვით “დიოგენეს” და ბათუმელებსაც კი ერთხელ “ჩავუქროლე” :)))
LikeLike
ერთი დღე რომ გაქვს საფესტივალოდ გადადებული და მაინცდამაინც იმ დღეს ხდება ყველაფერი ((
LikeLike
[…] ასე დამემართა – შარშან წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნი აგერ ახლა, სამდღიან […]
LikeLike