წლევანდელი საფესტივალო დღეები ისე კოხტად მიეწყო ერთმანეთს, ისე მოერგო უიქენდს და უქმეს, კინკილა Day off და ოთხივეს გამოიყენებთ – იმდენი სიახლე, პრეზენტაცია და საინტერესო სტუმარია, ღმერთმანი, ღირს უფროსობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა.
საფესტივალო ლოკაცია, ტრადიციულად, წელსაც გამოფენაა – “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონი. ჩემი ფავორიტი ლოკაცია, სხვათა შორის. წიგნის ფესტივალს სივრცე და სინათლე უხდება. ალბათ, ისევ დაგვცხება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა :) იმედია, მთლად არ გაგვწირავენ და შუა წერეთელზე ფინურ საუნას არ მოგვიწყობენ. ისიც მაიმედებს, რომ წლევანდელი მაისი სადღაც შუა გზაშია დაკარგული და მაისის ფუნქციებს ჭირვეული მარტი ითავსებს.
სიცხე, ზაფრა, სტენდებს შორის ბოდიალი და საგანგებოდ მომარჯვებული სიიდან ნაყიდი წიგნების ამოშლა ხუთშაბათიდან დაიწყება, მანამდე კატალოგებს ველოდებით. ვიღაცებმა უკვე დადეს, ვიღაცები უკანასკნელ დეტალებს აზუსტებენ. ბუტერბროდის კანონია, სამი თვით ადრე რომ დაიწყო მზადება, რაღაცების კეთება მაინც ბოლო წუთს მოგიწევს, ფაცხაფუცხით, გულის ფრიალითა და ხელების კანკალით.
Molly Bloom’s Day-ის ყოველწლიურ საფესტივალო პრევიუს ერთ დიდ კატალოგად ვერ ვაქცევ. არც გამომივა, ადგილიც არ მეყოფა, არც თქვენთვის იქნება საინტერესო. მოდი, დღეს ჩემს არჩევანს გაგიზიარებთ. პირველ რიგში რომ მოვიკითხავ, იმ წიგნებს.
მრავალფეროვნება და არჩევანი, წელს რომ “სულაკაურს” აქვს, ისეთი უნდა – ცინცხალი თარგმანები და თანამედროვე ქართველი მწერლების ახალი წიგნები, გრაფიკული პროზა და საბავშვო საკითხავი, ძველი, ხელახლა გაცოცხლებული კლასიკური სერია და თითებჩასაკვნეტი ოთხტომეული, რეპრინტები და საკოლექციო გამოცემები – სათავისოს მსოფლიოში ყველაზე წუნია მკითხველიც იპოვის.
ალბათ, ოდესმე იმასაც მოვესწრები, ახალ ქართულ კომიქსს რომელიმე გაზეთის საკვირაო ნომერს რომ გამოაყოლებენ და პრესის ჯიხურში ჩავაკითხავ. ჯერჯერობით, ჟანრის პოპულარიზაციას მსხვილი გრაფიკული რომანებით ცდილობენ (რამდენად გამოდის, სხვა ამბავია). მოკლედ, გრაფიკული სერია “ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობით” დაიწყო და საფესტივალოდ “V ანუ ვენდეტაც“ ჩამოაღწევს. ყდა ვნახე და ისეთია, ავ თვალს არ ენახვება. დანარჩენი ერთად განვსაჯოთ.
ანე-კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” ღრმა ბავშვობიდან მახსოვს. კარლსონზე ან პეპიზე ნაკლებად მომეწონა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ დავიდებ. კარგა ხანს ის პირველი, ძველი გამოცემა მქონდა, საყვარელად გულუბრყვილო, შავ-თეთრი ილუსტრაციებით, მერე – აწ უკვე გაიშვიათებული, ნინო ჩაკვეტაძის მოხატული მაგარყდიანი ტომი. მერე “მოსწავლის ბიბლიოთეკაში”გამოჩნდა ნაწილებად. “ველოტური დანიაში” მეექვსე და ბოლოა – ამ სიბერეში ისეთი ვესტლი მექნება, ჯერ რომ არ წამიკითხავს. სხვა ენებზე მოძიებაც შეიძლებოდა, მაგრამ რაღაცები მხოლოდ ქართულად უნდა წაიკითხო.
ჯოანა მამიდას ახალი პიესის თარგმანს ჯერ კიდევ იანვარში ველოდებოდით. რუსებმა თარგმნაც
მოასწრეს, ოფიციალური თარგმანის გათახსირებაც (მართლა საშინელება იყო), ნეტში არაოფიციალური ვერსიის გავრცელებაც. ჩვენი “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” ქეთი ყანჩაშვილის საიმედო ხელშია, არ მგონია, ვინმემ დაიწუნოს.
ხულიო კორტასარის ოთხტომეულის წამოწყება გაგებული გექნებათ. ოთხი ტომი ოცდაათი არ არის, შუა გზაზე შეჩერების საფრთხე ნაკლებია. ვერც იმას იტყვი, ცოტაა, არ გვეყოფაო. კორტასარის მოყვარულთათვის ჩინებული საჩუქარია.
ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადის” და დათო ტურაშვილის “ჩაძირული ქალაქის“ რეპრინტებსაც წამოვიღებ. ერთიც ძალიან მომწონს და მეორეც და ახალ გამოცემებს ნამდვილად ვერ გამოვტოვებ. და, რა თქმა, უნდა, ახალ “პატარა პრინცსაც“ გამოვიყოლებ. ორნაირი იქნება, მაგარი ყდით და რბილი გარეკანით. ჩემი კოლექციისთვის გადასარევი ამბავია.
საფესტივალოდ დიანა ანფიმიადის “სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრებიც” მოესწრებაო. რა გითხრათ, აბა, გინდა ფესტივალზე იყოს, გინდა გრანდიოზული პრეზენტაცია გამართონ, გინდა რომელიმე მაღაზიაში შეზიდონ პარტიზანულად და ჩუმად გაყიდონ – მაინც არ გამომრჩება, გავიგებ, მივაგნებ და წამოვიღებ.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მაქვს მიზანში ამოღებული – გელა ჩარკვიანის “ნაგერალა 2”. არც “ნაცნობ ქიმერათა ფერხულია” ისეთი წიგნი და არც პირველი “ნაგერალა”, ერთხელ გადაიკითხო და გვერდზე გადადო. უაღრესად რთული, მძიმე და საინტერესო ეპოქის ქრონიკებია, ცოცხალი მოწმის დაწერილი. ყალბი პათეტიკა სხვაგან მეზარება და საკუთარ ბლოგზე მით უმეტეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძალიან გაგვიმართლა, ბატონ გელას ჩანაწერების წიგნად აკინძვისა და გაზიარების სურვილი რომ გაუჩნდა.
“წიგნები ბათუმში”-ის ფერად-ფერადი, ახალი საკითხავით, მსუყე ფასდაკლებებით, სიუპრიზებით და ბედნიერი საათებით გაძეძგილი კატალოგიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო “პიკნიკი გზისპირასაა“. სამეცნიერო ფანტასტიკის უბერებელი შედევრი, ძმები სტრუგაცკების Magnum Opus და, უბრალოდ, ძალიან მაგარი წიგნი. კანონიკური ვერსიაც მაქვს შინ (ნაბეჭდიც და ელექტრონულიც), 1972 წელს, ჟურნალ “ავრორაში” დაბეჭდილი, სულ სულ პირველი, შემოკლებული და დავარცხნილი ვარიანტიც, სახელგანთქმული “შავი სერიის” მე-6 ტომიც და 1989 წლის ღრმად კურიოზული გამოცემაც (რაღაც რომ აურიეს და საბოლო ტექსტის ნაცვლად შავი ხელნაწერი დაბეჭდეს). ახლა გადმოქართულებულსაც დავიმატებ. ამბობენ, უმაგრესი თარგმანიაო. ვნახოთ.
“ოჩობუქსს” სამაისოდ ორი ახალი წიგნი აქვს – ანატოლ ფრანსის “პინგვინთა კუნძული” და ფრანც კაფკას “გარდასახვა”. მოგვიანებით რუსული ანტიუტოპიის კლასიკის – ევგენი ზამიატინის “ჩვენ”-ის თარგმნაც იგეგმება. კატალოგს გადავხედე და ზუსტად ისეთი საფესტივალო ფასდაკლება გველოდება, როგორც ყველაზე ზღაპრულ გამომცემლობას სჩვევია – 40-60 პროცენტი. ხელნაკეთი ბლოგნოტებიც გვექნებაო და სულ ხელები ვიფშვნიტე – მე ხომ “ცარიელი ბლოკნოტების კლუბის” დამსახურებული წევრი ვარ :)
“ინტელექტმა” უაღრესად დამაინტრიგებელი საგამომცემლო სერია წამოიწყო – “აკრძალული წიგნების თარო“. წიგნებს
მოგეხსენებათ, ბევრგან კრძალავდნენ და კრძალავენ, სხვადასხვა, ხშირად ძალიან სასაცილო და კურიოზული მიზეზებით. ჰოდა, ძალიან საინტერესო იქნება, სერიის რედაქტორები რას შეგვირჩევენ. საწყისი სამი წიგნი ერთი მეორეზე უკეთესია – მაია ენჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (ანი კოპალიანის თარგმანით, რაც ერთი ორად აგემრიელებს), მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლები” და ელის უოკერის “იისფერი”. წარმოიდგინეთ, შინ საკუთარი “აკრძალული წიგნების თარო” მექნება.
ნატო დავითაშვილის ერთგულ მკითხველს ყველა გაგებით ფანტასტიკური საჩუქარი ელის – რიგით მეექვსე, ამჯერად ქარჩხაძის გამომცემლობის გამოცემული “მთვარის შვილობილები”. ჯერ მარტო ყდა აქვს ერთი წიგნის ფასი და სიუჟეტიც ისეთია, პირველივე გვერდებიდან რომ ჩაგითრევს – დიდი თამაში, მთვარის ოცდარვა შვილობილი, მთვარის რჩეულის ტიტულისა და სამყაროს მბრძანებლობისთვის ბრძოლა. პრეზენტაცია შაბათსაა, ხუთს რომ თხუთმეტი დააკლდება, ზუსტად თხუთმეტი წუთი მაქვსო, ნატომ და არ დაგაგვიანდეთ.
ასეთი საფესტივალო გეგმა მაქვს წელს, ოღონდ ეს გეგმა მე-11 პავილიოში შესვლამდე მოქმედებს. მერე თავს, მოკრძალებას და ზომა-წონის შეგრძნებას ერთად ვკარგავ. კაცმა არ იცის, კიდევ რა მომეწონება. წიგნის ფესტივალზე წესიერად მოქცევა და ფულის დაზოგვა ერთი დიდი მითია. მე არ გამომდის.
არც მაინცდმაინც მიცდია, გულახდილად რომ გითხრათ.
ამ საფესტივალოდ ბათუმელებმა იმდენი კარგი წიგნი დააანონსეს, როგორ გამოვიზოგო წიგნების ბიუჯეტი, საგონებელში ვარ ჩავარდნილი :)
შენს სიას (ცოტა შეკვეცილს) დამატებული მეფისმკვლელის ქრონიკის ბოლო წიგნი, აბერკრომბი, აზიმოვი, ინტერვიუ ვამპირთან, ოჩობუქსის აღმოსავლური ლიტერატურა და სამომავლოდ გადადებული ასე 10 წიგნი მაინც… კითხვის სეზონს კი მთვარის შვილობილებით გავხსნი <3
LikeLike
სეზონის გახსნა განსაკუთრებით საინტერესო გექნება, ტაბუ )
LikeLiked by 1 person
გელით ^_^
LikeLiked by 1 person
გუშინ მთელი საღამო ვიომეთ მე და ინტერნეტმა და მაინც მაჯობა, ვერაფრით შემოვაღწიე.
წიგნების ფესტივალი მოლის ბლოგიდან იწყება ^_^
და როგორ უხარია და ეამაყება ოჩოს მოლის პოსტებში საკუთარ თავზე ამბების წაკითხვა. ისეთი ინტერესით ვკითხულობთ ხოლმე, გეგონება, აქამდე ყურმოკვრითაც არ გვცოდნია.
თანაც ისეთი სახელი დაგვარქვი, ნატვრაშიც რომ მოერიდება ადამიანს, ზღაპრულიო <3
იმედია, ამ საღამოს ინტერნეტი ხელს აღარ შემიშლის და რაც შეიძლება მეტ მკითხველს მოვიპატიჟებ ამ გემრიელი რევიუს გასაცნობად და ჭეშმარიტად საფესტივალო განწყობის შესაქმნელად.
ნაფესტივალებ პოსტსაც მოუთმენლად ველით ^_^
LikeLiked by 1 person
ოჰ, ეს ინტერნეტი ))
წიგნის ფესტივალი თქვენი კატალოგებით იწყება :) მოლი მერე მოდის :)
წარმატებული ფესტივალი, ოჩო <3
LikeLike
მე იმის მეშინია, წელს არ შეგვცივდეს – ვფიქრობ, პირდაპირ სამსახურიდან წამოვიდე შაბათს, თუ ჯერ “საბანკო” ფორმა “საწვიმარი აღჭურვილობით” ჩავანაცვლო :D ბარათი რომ არ უნდა დამრჩეს, ზუსტად ვიცი – ისეთი ფესტივალი გამოდის, ლიმიტების დაწესება არ გამოვა :D
LikeLiked by 1 person
გრილოდა, სხვათა შორის :)
LikeLike
[…] ერთი კვირის წინ, საფესტივალო გეგმას რომ ვწერდი, კმაყოფილებისგან ლამის […]
LikeLike