თქვენც შეამჩნევდით – ფეისბუქი ყოველდღე ახალ-ახალ და ერთიმეორეზე გულუბრყვილო ტესტებს გვაჩეჩებს, ფრიად დამაინტრიგებელი სათაურებით: “ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?”, “რომელი პროფესია შეგეფერებათ?”, “რას დააწერენ თქვენი საფლავის ქვაზე?” და ა.შ. რეინკარნაციის არ მჯერა, არჩეული პროფესიით ფრიად კმაყოფილი ვარ და სიკვდილსაც კიდევ კარგა ხანს არ ვაპირებ, მითუმეტეს, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემი ეპიტაფიისთვის არსენ იყალთოელი აღდგება მკვდრეთით, ამიტომ ისევ ჩემს ცხვრებზე ვილაპარაკოთ, ანუ ლიტერატურაზე, ამაზე უფრო საინტერესო ქვეყნად არაფერი მეგულება, თუ იურისპრუდენციას არ ჩავთვლით.
კი მაგრამ, თუ ისევ ჩვეულ თემაზე აპირებდი ქაქანს, ფეისბუქის ტესტები რაღა შუაში იყოო, მეტყვით. შუაში არ ვიცი და ინსპირაციის წყაროდ კი გამომადგა – ნეტავ, რომელ წიგნში ვინატრებდი ცხოვრებას-მეთქი, გავიფიქრე, როცა მეგობრის მიერ გაზიარებულ მორიგ ტესტს გადავაწყდი.
გავიფიქრე კარგია. ნეტავ არ გამეფიქრებინა – აგერ, მთელი კვირაა, გულუხვ სუფრაზე მოხვედრილი დამშეული სტუმარივით ვიტანჯები – ყველაფრის ერთდროულად გასინჯვა რომ უნდა და ვერ გადაუწყვეტია, საიდან დაიწყოს.
ჯერ იყო და მუშკეტერებთან ერთად მომინდა ხიფათიან თავგადასავლებში გახვევა, მერე – ტომ სოიერთან და ჰეკლბერი ფინთან ერთად სასაფლაოებზე ღამეული ხეტიალი მომეჩვენა მაცდუნებელ აზრად, მერე სალტკროკა გამახსენდა და მელკერსონებთან, ჩორვენთან, სტინასა და ბოცმანთან შეხვედრის სურვილმა გადაწონა ყველაფერი…
ახლა პეპი? რას არ მივცემდი, მაჭკატების ცხობისას რომ მივსულიყავი მასთან. კარლსონზე აღარაფერს ვამბობ – რომ წარმოვიდგინე, როგორ ზის სახურავზე, თავის პატარა სახლში და როგორ ელოდება, რომ ვინმე შეიხედავს და მიესალმება: “კარლსონს გაუმარჯოსო”, გული შემეკუმშა.
მონტე-კრისტოსთან ერთად იფის ციხეშიც ჩავჯდებოდი – მერწმუნეთ, ერთად ბევრად ადრე გამოვაღწევდით იქიდან. არც ყინულისა და ცეცხლის სიმღერას ვიმღერებდი ურიგოდ – ნედ სტარკს, ალბათ, ვერაფერს ვუშველიდი – მაგისთანა ალალი და პატიოსანი ხალხი ყველგან და ყოველთვის დასაღუპადაა განწირული, მაგრამ მარტელების კლანს კი შევუერთდებოდი სიამოვნებით. ბუნებით სიბარიტი კი ვარ და ნეტარ უსაქმურობას არაფერი მირჩევნია, მაგრამ მარკ უოტნის ნამდვილად წავახმარდი ხელს კარტოფილის მოყვანაში. ახლა ჰოლმსი? არჩევანი მქონდეს და ბეიკერ-სტრიტს გვერდი ავუარო? ან მისს მარპლს როგორ არ ვესტუმრო სენტ-მერი-მიდში?
და ისა, მეტრო? თბილისის მეტროპოლიტენი არა, კაცო, გლუხოვსკის ტრილოგიაზე ვამბობ. ისე, ტრანსპორტზე გამახსენდა – გალაქტიკაშიც კი გავინავარდებდი ავტოსტოპით. ვაიმე, აი, ისევ დავიბენი და თავშიც ყველაფერი ამერ-დამერია. არადა, წიგნის თაროეებისკენ ზურგით ვზივარ, რომ შემთხვევით რამეს კიდევ არ მოვკრა თვალი, მაგრამ რად გინდა, სულ ახალ-ახალი იდეები მომდის თავში.
არიქა, თქვენი ჭირიმე, თუ არ გინდათ, აქაურობა აფიცრული დაგხვდეთ და მასპინძელი – საგიჟეთში გამომწყვდეული, თქვენც მოიფიქრეთ რამე და გამიზიარეთ – იქნება ყურადღება გადმოვიტანო ჩემი წიგნი მერე შევარჩიო, მოგვიანებით.
დაიცა, რა ვთქვი, საგიჟეთი-მეთქი? კენ კიზის “გუგულის ბუდეზე ვიღაც გადაფრინდა” არ მიხსენებია, არა?
მიშველეეეეეეეთ!!!
უჰ, მოლი, შენ რა გითხარი, მეც გვარიანად დამაბნიე :)
LikeLiked by 1 person
უჰ, დაბნევა ჩემი იკითხე, მერი ^^
LikeLike
სათაური დავინახე თუ არა, მაშინვე ასტრიდი გამახსენდა, მაგრამ ამას იმდენი წიგნი მოვაყოლე… აჯობებს, თუ პრაგმატულად მივიღებ გადაწყვეტილებას – დღევანდელი დღის მომაცემებით ელიზაბეტ ბენეტის ადგილს დავიკავებდი :D
LikeLiked by 1 person
პირველად, ყველა შემთხვევაში ასტრიდი გახსენდება :)
ოსტინს ირჩევ, ანუ )
LikeLike
ვესტეროსში ვიცხოვრებდი თან დენერისთან ერთად ^_^ მისანდეი ვიქნებოდი..
ხო მართლა მეჩვენება თუ ,,ყინულისა და ცეხლის სიმღერაზე” პოსტი არ გაქვთ ? ^_^
LikeLike
მე დორნში ვიცხოვრებდი, მარტელებთან. თავადაც მარტელი ვარ და იმიტომ )
როგორ არ მაქვს, სამი თან ))
LikeLike
მოლი, რა კარგი პოსტია <3 თემა თემად და შენებური მარილიც კარგად მოგიყრია – თან მოლის თხრობის მანერას ვაგემოვნებდი გემრიელად, თან საკუთარ პრეფერენციებზე ვფიქრობდი.
პირველ რიგში, 11 წლის ასაკში წერილს მივიღებდი და სექტემბერში ჰოგვორტსში გავემგზავრებოდი მაგიისა და ქვიდიჩის დასაუფლებლად.
ნიიჩავო-ში ვიმუშავებდი ენთუზიაზმზე და უხურდავებელ მონეტებს დავამზადებდი – ლარიანი ნომინალით.
თერემ ჰართს გავიცნობდი პლანეტა გეთანზე – უკეთესი მეგობარი როგორ ვინატრო?!
ლილე იროელთან ერთად შევებრძოლებოდი წყვდიადის ძალებს.
მადამ შოშას გავიცნობდი დავოსში, მაგრამ 7 წელი ვერც მისი ხათრით გავჩერდებოდი პანსიონში.
…
ერთი წიგნი ცოტაა, გეთანხმები. გამჭოლი პერსონაჟი ვიქნებოდი და ბევრზე ბევრ წიგნში ვიმოგზაურებდი.
LikeLike
რა მაგარი სიაა )) ნიიჩავო მომეწონა განსაკუთრებით :)
მადლობა, ტაბუ )
LikeLike
განუყრელ დღესასწაულში ალბათ, ყველაზე ძალიან ეგ გამაბედნიერებდა, ყველას ერთად ვნახავდი ამერიკული ლიტერატურის სულებს და გულებს :დ
LikeLike
ძალიან ბევრი ვიფიქრე და სამი ლიდერი გამოიკვეთა: მუმინების ხეობა, პოტერის სამყარო და საოცრებათა ქვეყანა (ელისის) <3
პ.ს. ასეთ რამეებზე ფიქრი არის ფერად-ფერადი ნაყინის დახლთან დგომა და ასი არომატიდან არჩევაზე ფიქრი ^^
LikeLike
ყველაფერს რომ გაეშვა, ყველა წიგნი გვერდზე რომ გადადო, მუმინები, პოტერი, შერლოკ ჰოლმსი, ვესტლი, ჩიპოლინო, ვესტეროსი, ბრედბერის მარსი, სალტკროკა, მერი პოპინსი, კორლეონეს ოჯახი, კაპიტან გრანტის “დუნკანი”, და უამრავი სხვა რამ დაივიწყო, ჩარლი გორდონის, მათიუშის, კარლსონის და პატარა პრინცის გაცნობის შანსი რომ გაქვს, ერთი როგორ უნდა აარჩიო, არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ )
LikeLike
რამდენი გვიმოგზაურია წიგნის გმირებთან ერთად: გამოგონილ ქალაქებში; აკგრძალულ ტყეში; სანატორიუმში შვეიცარიის მთებში; მისისიპის მდინარეზე; ვეშაპსანადირო გემზე; იაპონიის მონასტერში; ჯოჯოხეთის გარსებში; აჩრდილების ან ჭირიან ქალაქში; ჩერნობილში; არაერთ ომსა და საგიჟეთში; სიზმარსა და ილუზიაში. მოკლედ სად აღარ ვყოფილვართ.
LikeLike
რამდენი გვიმოგზაურია წიგნის გმირებთან ერთად: გამოგონილ ქალაქებში; აკგრძალულ ტყეში; სანატორიუმში შვეიცარიის მთებში; მისისიპის მდინარეზე; ვეშაპსანადირო გემზე; იაპონიის მონასტერში; ჯოჯოხეთის გარსებში; აჩრდილების ან ჭირიან ქალაქში; ჩერნობილში; არაერთ ომსა და საგიჟეთში; სიზმარსა და ილუზიაში. მოკლედ სად აღარ ვყოფილვართ.
LikeLike