ქარიან დღეებში თბილად მოკალათება და კითხვა განსაკუთრებით მიყვარს. ვინმე მადლიანი ცხელ, სურნელოვან ყავასა და რაიმე სასუსნავს თუ შემომაწოდებს სამზარეულოდან, მთლად გადასარევი. და “პალიტრა L”-მაც თუ იზრუნა და ახალი საკითხავით მომამარაგა, ამაზე უკეთესს ხომ საერთოდ ვერაფერს ვინატრებ. განსაკუთრებით, თუ ეს საკითხავი დეტექტივია, იმიტომ, რომ იდუმალი მკვლელობების მიმართ მოლის გაუნელებელი სიყვარულის შესახებ მარტო ბლოგის სტუმრებს კი არა, მთელ დუნიას მოეხსენება.
არ ვიცი, რა ისესხა მარტმა ამისთანა აპრილისგან, მაგრამ ბოლო დღეებში თბილისში ისეთი გრიგალი ამოვარდა, ხეს ყვავილი არ შეარჩინა და მე – თავზე ქუდი. ჰოდა, მეც ჭკუა ვიხმარე და საღამოობით შინიდან ფეხი არ მომიცვლია. ვიჯექი ჭრელ პლედში ჩაფუთნილი და პალიტრის ახალი პროექტის – “ნამდვილი დეტექტივის“ პირველ წიგნს ვკითხულობდი.
ის, რომ თარგმანი ჩვენი ტკივილია და კარგი ქართული ვერსიისთვის არც მარტო უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა კმარა, არც – მშობლიურის, ადრეც ბევრჯერ მითქვამს და აღარ მივუბრუნდები – როგორც ჩანს, დროისა და რესურსის სიმცირე ამ პრობლემას დიდი და ავტორიტეტული მედიაჰოლდინგებისთვისაც გადაუჭრელს ხდის. ამიტომ, უდაბნოსა შინა ღაღადს არ მოვყვები და ისევ როს მაკდონალდის “შიშს“ მივუბრუნდები.
ავტორზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი წიგნი ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, ბიბლიოთეკაში მომხვდა ხელთ და მომეწონა კიდეც, მაგრამ მერე აღარსად გადავყრივარ და აი ახლა, “ნამდვილი დეტექტივის“ სერია სწორედ მისით დაიწყო.
დეტექტივებს უხსოვარი დროიდან ვკითხულობ და ვინ მოთვლის, რანაირი ისტორია არ შემხვედრია – შემზარავი, იდუმალი, სისხლიანი, საინტერესო, ნაკლებად საინტერესო, იოლად პროგნოზირებადი, გამოუცნობი… მაგრამ გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ თორმეტი წლის ასაკში აგატა კრისტის “ათი პატარა ზანგის“ ფინალით განცდილი შოკის შემდეგ ასეთი მოულოდნელი კვანძის გახსნა არსად შემხვედრია.
გასაგები მიზეზების გამო სიუჟეტზე ბევრს ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი მკვლელობის ამბავს კალიფორნიელი დეტექტივი ლუ არჩერი იძიებს, როს მაკდონალდის მუდმივი პერსონაჟი, რომელმაც, ლიბერალური შეხედულებებისა და რასობრივი ტოლერანტობის გამო, თურმე, ვერაფრით დაიმსახურა ფართო საზოგადოების სიყვარული. რა გასაკვირია – გასული საუკუნის შუა წლების ამერიკა დიდი შემწყნარებლობით რომ არ გამოირჩეოდა, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ახლა სხვა დროა, პოლიტკორექტულობა ზეობს და ვინ იცის, იქნებ ლუ არჩერისკენაც მოუბრუნდეთ პურიტან ამერიკელებს გული, ვინძლო, მექალთანეობაც შეუნდონ და ეთნიკური შემწყნარებლობაც.
სხვისი რა გითხრათ და პირადად მე, “შიშის“ ბოლო ფურცლების ჩაკითხვის მერე სათქმელი ერთიღა დამრჩენია – ალალი იყოს როს მაკდონალდზე ამერიკის დეტექტივების მწერალთა საზოგადოების პრეზიდენტობაც და დიდი ბრიტანეთის იგივე საზოგადოების ჯილდო – ვერცხლის სატევარიც.
იცის კაცმა თავისი საქმე და რატომაც არა.
კომენტარის დატოვება