სამიოდე კვირის წინ, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისთვის, “არტანუჯმა” ფეისბუქის გვერდზე ისეთი ლამაზი წიგნის ყდა გამოაქვეყნა, კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე.
დიანა ანფიმიადის “სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” გამოვცემთ, არ დავაგვიანებთ, აპრილის ბოლოს გვექნებაო.
აპრილის ბოლომდე რა მომათმენინებდა, მივდექი, მოვდექი, ქვეყანა ვერა, მაგრამ დიანა კი შევაწუხე, სანამ წიგნის მაღაზიებში გამოჩენილა, ცალი თვალით მაინც ჩამაჭყიტე-მეთქი.
კი, ბატონოო, დიანამ, იოლი სამსახურიაო.
გამომიგზავნა ფაილი და ისეთი კვირადღე მოვიწყვე, ძალიან რომ მიყვარს, მაგრამ სულ უფრო იშვიათად რომ ხერხდება: საქმე არ მქონდა, არც სადმე მეჩქარებოდა, კომპიუტერთან მოვკალათდი, ტკბილი ჩაი და შინაური კექსი მოვიდგი და ყველა მნიშვნელობით ფერად ზღაპრებს ჩავუჯექი.
ალბათ, ძალიან არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ დიდებსაც და პატარებსაც ბოლო თვეების ყველაზე საინტერესო საბავშვო საკითხავი გველოდება.
დიახ, დიდებსაც და პატარებსაც, ვინ მოიგონა, ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის იწერებაო. ეს წიგნიც მსოფლიოს ყველა დედას და შვილს ეძღვნება.
ფერადი ზღაპრები ტყუილად არ მიხსენებია. სარჩევიც კი ფერადია. არადა, ამ მძიმე, რუხ და გაუსაძლის ყოველდღიურობაში ზუსტადაც რომ ფერები გვაკლია. თბილი, ხალისიანი, სინათლით სავსე.
ამას წინათ ვწუწუნებდი, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურას სული თარგმანით უდგია-მეთქი. საბავშვო ლექსებს, მადლობა ღმერთს, წერენ (ძალიან უცნაური იქნებოდა, მარიჯანის, ნოდარ დუმბაძის, მაყვალა მრევლიშვილის, გივი ჭიჭინაძის ქვეყანაში საბავშვო პოეზია სულ უყურადღებოდ იყოს მიტოვებული), პროზას – იშვიათად. ზღაპრებიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უფრო ძველი გვახსოვს, ხალხური, ბებიების მონაყოლი. რა გასაკვირია, თანამედროვეები სხვანაირად რომ გვიხარია.
“სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” ორი, თანაბარუფლებიანი ავტორი ჰყავს. ტექსტი დედისაა, ილუსტრაციები – შვილის. დიდი ხელმწიფის და პატარა სასახლის, ბიჭის და სიზმრების, გაქცეული ფიქრების, ნოტი ნიტას, კეთილი შუქნიშნის, გოჭის და ფრიალა ღრუბლების, ვარსკვლავებით დამუხტული სახლების ამბები გიოს დასურათებულია. ამიტომაცაა ასეთი თბილი, მყუდრო და ნამდვილზე ნამდვილი.
ციცქნა წიგნია, ოცამდე ზღაპარი, ვერ გავიგე, ისე ჩამადნა ხელში. სულ ღიმილ-ღიმილით წავიკითხე. ერთი-ორგან ცრემლიც მოვიწმინდე მალულად. აბა, ისეთი ზღაპრის მე არ მწამს, ერთხელ მაინც რომ არ შეგიკუმშავს გულს და არ დაგასევდიანებს.
დიანამ, ეს წიგნი ყველა დედასა და შვილზეა, ერთმანეთთან სალაპარაკო ენას რომ ეძებენო. უკეთ ნამდვილად ვერ დავწერ.
Karlsson på taket • გოდორა კარლსონი
დიანა დედა <3
შვილს უკეთესი რა უნდა მიუძღვნა?! ზღაპრები და ნახატების გაცოცხლება…
შევიძენ მაღაზიის თაროზე დანახვისთანავე!
LikeLike
მეც გაფაციცებით ველოდები, არ გამომრჩეს ) პდფ კარგია, მაგრამ წიგნიც მინდა )
LikeLike
რა საინტერესოა 😊😊👏👏 ზოგადად საბავშვო წიგნები ხშირად უფრო მეტს გვასწავლის 💫💫💛💛
LikeLike
ასეა, რა თქმა უნდა )
LikeLike
[…] […]
LikeLike
[…] და გიოს უსაყვარლეს ილუსტრაციებზე შარშან ვყვებოდი. წაკითხვა თუ მოასწარით, […]
LikeLike