ჩვენი ამბავი ხომ იცით, ტრადიციები გვიყვარს.
არ აქვს მნიშვნელობა, ღირებულია თუ აზრს მოკლებული, ნამდვილი თუ გამოგონილი, ძველი და დროით გამოცდილი თუ ახალი, კაცმა არ იცის, როგორ დამკვიდრებული.
“შენი გადახდილიაც” ახალია, აგერ, ჩვენს თვალწინ ფესვგამდგარი. ზუსტი თარიღის დადგენა არ მიცდია, მაგრამ არ მგონია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაცნობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა ფარნავაზიდან მოგვდგამდეს და ქართლის ცხოვრებაში იხსენიებოდეს.
დაპატიჟებაში თავისთავად ცუდი არაფერია, ადამიანის პატივისცემის ფრიად უწყინარი ხერხია, სანამ უბრალოდ სასიამოვნო ჟესტიდან დაუწერელ კანონად არ იქცევა და ვალდებულებად არ ჩამოგეკიდება კისერზე.
დაუწერელ კანონებს მზიურ წილხვედრში დაწერილზე მეტი ძალა რომ აქვს, ცნობილი ამბავია. სხვისი Oblico Morale-ს კონტროლზე ალესილი საზოგადოებაც დაუწერელი წესების შესრულებას ასკეც გაფაფიცებით აკვირდება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს…
ერთ ძველ ამბავს მოგიყვებით ყველა გაგებით ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან. მოსაყოლის და გასახსენებელის მეტი რაა, ისეთი დრამები იდგმებოდა, შექსპირს შეშურდებოდა, მაგრამ ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.
სამარშრუტოთი მივდიოდი სადღაც, ჩემს წინ ორი შუახნის ქალბატონი იჯდა, მუსაიფობდნენ მშვიდად, სანამ ერთერთი ჩასასვლელად არ მოემზადა და მეორეს არ ახარა, შენი გადახდილი იქნებაო.
არ ქნა ეგო, იკივლა დაპატიჟებულმა, მე ისეთი საბუთი მაქვს, არ ვიხდიო.
რა საბუთიო, მძღოლმა ლამის საჭე გააგდო ხელიდან, ჩემს სამარშრუტოში საბუთები არ მოქმედებს, ფული გადაიხადეთო.
დრო იყო ისეთი, ყველაფერი ჭირდა, მათ შორის – მგზავრობის საფასურიც, ხალხი ათასნაირი საბუთით ცდილობდა უფასოდ ფონს გასვლას, ზოგს ეკუთვნოდა, ზოგს – არა, გაბეზრებულ მძღოლებს ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განცხადება ჰქონდათ გამოკრული, მანქანა კომერციულ საწვავზე მუშაობს, საბუთები უმოქმედოაო. დიდად სენსიტიური თემა გახლდათ ეს საბუთობანა და მძღოლმაც ვერ მოითმინა. რა ექნა იმასაც – ისეთი ძაღლუმადური დრო იდგა, მამა შვილს არ აიყვანდა ხელში.
მოკლედ, ატყდა გამიშვი-დაიჭირე – ცალკე ის ჩამსვლელი იწევდა, უნდა გადაგიხადოო, ცალკე დაპატიჟებული ახსენებდა რაღაც საბუთს, ცალკე მძღოლი ყვიროდა, საბუთები მე არ ვიცი, არც მაინტერესებს, საბუთი ვინც მოგცათ, იმას აჩვენეთ, მე ფული გადამიხადეთ, ოჯახში პური მივიტანოო.
ჩავიდა, როგორც იქნა, დამპატიჟებელი და დაპატიჟებულმა – არ მაქვს, ბატონო, არანაირი საბუთი, თქვენც რა მოგივიდათ, იმიტომ ვთქვი, იმას არ გადაეხადა, გაჭირვებულია, სად აქვს ჩემთვის გადასახდელი ფულიო.
არადა, დამპატიჟებელს, აშკარად ნაცნობის პატივისცემა უნდოდა. მეტი არაფერი. არ მგონია, მადლობის მაგივრად “გაჭირვებულიას” გაგონება დიდად გახარებოდა.
ახლა სხვა დროა, საბუთებს არავინ აფრიალებს, ავტობუსში ბილეთის აღებაც ვისწავლეთ. ამ მხრივ აშკარად წინ ვართ, მაგრამ “შენი გადახდილიას” მინიდრამებს მაინც ვერ გავეშვით.
ვაიმე, არ ქნა, გეხვეწები, ხურდა მზად მაქვს, ჩემი უკვე გადაიხადეს (ამ დროს არავის არ გადაუხდია), არ გამოართვათ, ჩემი სიკვდილი, როგორ ვერ დაგინახე, ამის ხურდა არ მაქვს, ქალბატონო, ოცლარიანის ხურდა როგორ არ გაქვთ, მოიცა, ბარათით გადავიხდი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ამას წინათ, სულის შეხუთვამდე გაძეძგილ 131-ში ისე გაუგრძელდა ორ დარბაისელ მგზავრს იწილო-ბიწილო, შეღონებულმა მძღოლმა სოლომონ ბრძენის საკადრისი ვერდიქტი დადო, ისევ თქვენ-თქვენი გადაიხადეთ და მიბრძანდით თქვენ-თქვენს სახლებში (ერთი ქართული ფილმის არ იყოს), გენაცვალეთო.
რა დიდი ფილოსოფია ამას უნდა, ადამიანი ყურადღებას იჩენს და არ მგონია, ამას სამაგიეროს მოლოდინით აკეთებდეს. პასუხად ღიმილიანი მადლობაც საკმარისია. ჯიბეზე ხელის აფარება და ამოღებული ხურდის უკან ჩაჩხრიალება მეტ უხერხულობას ქმნის შემსრულებლისთვისაც და მაყურებლისთვისაც.
ნეტა ეს “ტრადიცია” მესმოდეს?! გასაგებია, რომ შეიძლება ადამიანს ასიამოვნო და გადაუხადო, მაგრამ ვალდებულებად რატომ იქცა, ვერ ვხვდები :/
LikeLike
ვერც მე )
LikeLike