როგორ არ უნდა გაუმართლოს ფერმწერს, ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ეპოქაში რომ დაიბადოს… ორჯერ ორივით ცხადია, რომ მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ბუმბერაზების ჩრდილქვეშ იქნება მოქცეული. თუმცა, მაინც შეიძლება, დროდადრო სინათლის პატარა სხივი მის რომელიმე ტილოსაც დაეცეს და დავიწყებას გადაარჩინოს.
ცხოვრობდა ფლორენციაში კაცი, სახელად პიერო დი კოზიმო და რისი ფლორენციელი იქნებოდა, ფუნჯისთვის ხელი რომ არ მოეკიდა?! მართალია, მედიჩების კართან დაახლოებული პირი არასოდეს ყოფილა და არც არანაირი პრივილეგიებით უსარგებლია, სამაგიეროდ, ბედმა კოზიმო როსელის მოწაფეობა არგუნა წილად და სიქსტის კაპელის მოხატვაშიც კი მოიშველია თურმე სახელგანთქმულმა მასწავლებელმა. სხვა დროს კი თავს კერძო შეკვეთებით ირჩენდა – ხელოვნება ხელოვნებად და ლუკმაპურის ფული არც ხელოვან ხალხს სჭირდება უბრალო მოკვდავებზე ნაკლებად.
თურმე ნუ იტყვით და ფლორენციაში ქორწილს ქორწილი არ ერქვა, თუ პატარძალი მზითევში საგანგებოდ მოხატულ, მოგრძო ფორმის სკივრს – კასონეს არ წაიღებდა. დადგამდა მერე საძინებელში და ჩაალაგებდა შიგნით მშობლებისა თუ ქმრის ნაჩუქარ ტანისამოსსა და სამკაულებს. ფლორენციელი ქალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე – ვინ უფრო ლამაზად გაფორმებული კასონეთი მოიწონებდა თავს.
იმდროინდელ ფერწერას, ახალს არაფერს ვამბობ და ორი ძირითადი წყარო ასულდგმულებდა – ბიბლია და მითოლოგია. ჰოდა, ერთი ვერსიის თანახმად, პიერო დი კოზიმომ სწორედ სამზითვო სკივრი მოუხატა რომელიღაც გასათხოვრად შეღერებულ გოგონას ძველბერძნული თქმულების მიხედვით. თუმცა, რამდენად შესაფერი სიუჟეტი შეარჩია, კაცმა არ იცის – ხის დაფაზე ქმრისგან შემთხვევით განგმირული ნიმფა პროკრიდეა გამოსახული, მის თავთან უნუგეში ფავნი დახრილა, ჰორიზონტზე კი სევდისა და დარდის სიმბოლო – რამდენიმე ყანჩა მოჩანს.
ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ამ სიუჟეტში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, ბრიტანელ მკვლევარს – მაიკლ ბაუმს უჩვეულო ვერსია რომ არ მოსვლოდა თავში. პროფესორი ამტკიცებს, ნახატზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქალი კი არა, სასტიკი მკვლელობის მსხვერპლია გამოსახულიო და არგუმენტად პროკრიდეს ხელებსა და ყელზე დამჩნეულ უცნაურ იარებს იშველიებს. საკმაოდ ცნობილ და დაფასებულ მეცნიერს ჩემნაირი სკეპტიკოსიც კი ვერ დაადანაშაულებს ასე ხელაღებით იაფფასიანი სენსაციის ძიებაში, თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და ეს ჭრილობები მართლაც უცნაურად გამოიყურება – თითქოს ქალი სიკვდილის წინ ხანჯლით შეიარაღებულ თავდამსხმელს იგერიებდა შიშველი ხელებით… ბაუმიც სწორედ ამას ვარაუდობს და დასძენს – ალბათ, მხატვარმა მორგიდან ითხოვა ვინმე მოკლულის ცხედარი და ნატურად გამოიყენაო.
დიდი ბოდიში ღრმად პატივცემული ბაუმის ავტორიტეტთან და სამეცნიერო წოდებებთან, მაგრამ პიერო დი კოზიმო ფოტოგრაფი ხომ არ ყოფილა, მხატვარი იყო და როგორ დავიჯერო, ნატურის სხეულზე ასეთი თვალსაჩინო იარები ვერ შენიშნა?! და თუ შენიშნა, რა რჯიდა, ანატომიური სიზუსტით რომ არ გადმოეტანა?!
ახლა დეტექტივებისადმი ჩემს სიყვარულს ნუ მიაწერთ და რატომღაც მგონია, ამ ნახატზე გაცილებით მეტია გამოსახული, ვიდრე ქარაფშუტა ნიმფის შემთხვევითი სიკვდილი. პროკრიდეს სხეულზე პირდაღებული იარების უკან კი რაღაც საიდუმლო იმალება, რომელიც ჯერ დი კოზიმომ წაიღო საფლავში, მერე კი საუკუნეებმა მიაყარეს მტვერი და ნაცარი.
ეს პოსტი იმდღესვე წავიკითხე, მითოლოგიასაც გადავხედე, პროკრისის მითის ვერსიებიც დავძებნე და ვრცელი კომენტარის დაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე და ახლა მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს, რის დაწერას ვაპირებდი :)
პროკრისის და მისი მეუღლის, კეფალოსის ურთიერთობას მშვიდს ვერ დაარქმევ. ეჭვიანობების და ოჯახური დრამების ეპიზოდებია ცნობილი. ერთმანეთს ამოწმებდნენ და სცენებს უწყობდნენ მერე.
ამ ნადირობის დროსაც ბუჩქებში მიმალული პროკრისი ქმარს უთვალთვალებდა, ვინმესთან ხომ არ მღალატობსო.
მანამდე კი კეფალოსმა შეამოწმა ერთგულებაზე და მაინცდამაინც კმაყოფლი არ დარჩა ცოლის თავდაჭერით.
ამბობენ, ამ ნახატის ახალდაქორწინებულებისთვის გადაცემას ის აზრი ჰქონდა, რომ მხატვარს უნდოდა, გაეფრთხილებინა ისინი, რომ ეჭვიანობას ცუდი შედეგი მოაქვსო.
ჭრილობებისა რა გითხრა, მე უფრო ყელიდან წამოსული სისხლით მგონია ხელები აქვს დასვრილი. თუ დაჭრის მომენტში ყელზე იტაცებდა ხელებს, ასე უნდა დასვროდა, წესით.
შესაძლოა, ეს ნიმფას სიცოცხლის ბოლო წუთების წარმოსადგენად იყოს საჭირო.
მე უფრო იმას მივაქციე ყურადღება, რომ პროკრისი ფეხმძიმე ჩანს ამ ნახატზე და ეჭვიანი ქმრისთვის მკვლელობის მოტივიც შეიძლება ყოფილიყო.
თუმცა, მითები იმ ვერსიას ემხრობიან, რომ უნებურად შემოაკვდა.
LikeLiked by 1 person
მე მაინც ის ვერსია მომწონს, რაღაც მეტის თქმა რომ სურდა უფალ მხატვარს და ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რის )))
LikeLike
მშვენიერი ვერსიაა ^_^
LikeLike