ქართულ ენაზე, ენის სიწმინდესა და გამართულ მეტყველებაზე რომ წერ, ძალიან უნდა იფრთხილო, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვით დაწერილი ტექსტი ჭკუის სწავლებაში, ურაპატრიოტულ მოწოდებებსა და ქსენოფობიურ გამოხტომაში არ გადაგეზარდოს.
სხვისთვის ჭკუის სწავლება და ურაპატრიოტიზმი ჭირივით მეზარება. ან მე ვის რა უნდა ვასწავლო. ჩემს ამბებს მოგიყვებით. დასარიგებლად და რჩევისთვის არა, ისე, შინაურულად.
ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება. ის, რაც დღეს შეცდომად ითვლება, ხვალ, შესაძლოა, ნორმად აღიარონ. აგერ, ვიღაცები ამბობენ, “გამარჯობათ” სწორი ფორმააო. მე მაინც ჩვეული “გამარჯობა” მირჩევნია. პატივისცემის გამოხატვას ზედმეტი “თ”-ს გარეშეც მოვახერხებ.
ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.
ნეტში ფართოდ გავრცელებული მაცხონებელი ქარდები (ორი ანგელოზი რომ მიფრინავდა, მამამ შვილი ხესთან რომ მიიყვანა, სტუდენტმა რომ ჰკითხა პროფესორს etc) ისეა შეცდომებით გაძეძგილი, როგორც ყველა წესის დაცვით გამომცხვარი ქიშმიშიანი ფუნთუშა – ქიშმიშით. სხვაგვარად, ალბათ, მადლი აკლდება. რაღა შორს მივდივართ, ერთხელ, ოც წელს ძლივს გადაცილებულმა ჭაბუსმა, რწმენას, ადათს, მამა-პაპისეულ ტრადიციებს, ყოველივე ქართულს და ეროვნულს მესამეკლასელისათვის უპატიებელი გრამატიკული შეცდომებით რომ იცავდა (და, პარალელურად, ID ბარათის მომგონს, შემქმნელს, მზიურ წილხვედრში ჩამომტანს და გამავრცელებელს ლანძღავდა უმოწყალოდ), გაკვირვებულ რეპლიკაზე ისე გულდაჯერებულად მიპასუხა, ქართული ენის არცოდნა სულის ცხონებაში ხელს არ მიშლისო, სადღაც შემშურდა კიდეც.
გუშინწინ, ფეისბუქზე, მორიგ მტკივნეულ თემაზე მორიგი სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახის დროს, მავანი მომხმარებელი მშვიდობის მტრედის, ჰააგის ტრიბუნალის, ბრძენი კინალოკოს, ბუდას, იერემია წინასწარმეტყველისა და შერლოკ ჰოლმსის ამპლუას ერთად ითავსებდა და, სხვა სიბრძნეებთან ერთად, ოპონენტს ამუნათებდა, აზრის გამოხატვის ცივილური ფორმები შეარჩიეთო. “ცივილურსა” და “ცივილიზებულს” შორის განსხვავების ახსნის არც დრო არ იყო, არც შესაფერი ვითარება და, სულო ცოდვილო, ვერც აზრი დავინახე მაინცდამაინც, თორემ, ღმერთმანი, არ დავზარდებოდი.
ერთ, დიდი ხნის ვადაგასულ და საოცრად პრეტენზიულ ბლოგზე, მთავარ მისიად საზოგადოების განათლებაზე ზრუნვა რომ ჰქონდა გამოცხადებული და ღრმად მენტორული ტონით იმოძღვრებოდა, მრავალგზის ახსნის შემდეგაც ვერ გაიგეს განსხვავება “ეფექტურსა” და “ეფექტიანს” შორის. არადა, ლინგვისტუსს ისეთი გადასარევი მინიგამოკვლევა აქვს ეფექტურ-ეფექტიანზე გამოქვეყნებული, ჩემი ნება რომ იყოს, გრამატიკის სახელმძღვანელოში შევიტანდი.
ისე ნუ გამიგებთ, ბლოგი კი არა, ვორდპრესზე ხელახლა აღმოცენებული ენის პალატა მქონდეს. შეცდომებს მეც ვუშვებ. მოსასწრებად რომ გაქვს საქმე, ფაცხაფუცხით რომ წერ, შეცდომებს ვერ გაექცევი. ჩემი პროფესორი მეგობარი, ინგლისური ენის გურუ და საუკეთესო სკოლის მეპატრონე, კვირაში ორჯერ დაბარებულივით მსტუმრობს, ვეებერთელა გამადიდებელი შუშით შეიარაღებული, ახალ ბლოგს გულდასმით კითხულობს და მერე მეხმიანება, აქა და აქ ჩაასწორეო. ძალიან მეხმარება, სხვათა შორის.
ამას წინათ, უცნობმა მკითხველმა საჯაროდ მიმითითა, ორმაგი უარყოფა შეცდომააო. ბევრი ვიცინე, მერე ნაცნობ ფილოლოგს მოვუყევი, პრაქტიკოს ექსპერტს, იმანაც იცინა, ადამიანები ჭკუის დარიგებას ვერ გადაეჩვევიან, გამორიცხულია, მაგრამ ის მაინც ასწავლონ სხვას, რაც თავად ზუსტად იციანო.
ჰოდა, ძვირფასო ურაპატრიოტებო, მორალისტებო და მოხალისე მასწავლებლებო, ციციკორიზმის არსს გოგლა ლეონიძეზე უკეთ მე ვერ აგიხსნით, ასეთი თავხედიც არ ვარ. არც მგონია, ახსნამ რამე შეცვალოს და ვინმეს არამკითხემოამბეობის ჟინი გაუნელოს. უბრალოდ, უფასო რჩევა-დარიგებების დაფრქვევას რომ გადაწყვეტთ, ნაწერს თვალი გადაავლეთ, თავი სასაცილოდ არ გაიხადოთ.
შესწორების დროს გააჩნია ფორმასაც და ტონსაც. ყველამ შეიძლება უნებლიედ დაუშვას შეცდომა. მაგრამ არავის არ აქვს უფლება, ჩემი აზრით, დამოძღვროს სხვა, თუ როგორ უნდა იმეტყველის :)
LikeLike
თან შეცდომით დამოძღვროს )) ერთი შანსიც არ დაუშვას, მე რაც ვიცი, იქნებ, იმანაც იცოდესო )
LikeLike
სრულიად გეთანხმები! თან აბსოლუტურად უცხოს როგორ უნდა აკადრო. მეგობრისთვისაც ხშირად არასასიამოვნოა ეს
LikeLiked by 1 person
აბა რა )) ტაქტის სრული ატროფია (
LikeLiked by 1 person
და ამ დროს ზრდილობაზე მაღალფარდოვნად საუბრობენ
LikeLike
სხვისი არ ვიცი, მაგრამ, როდესაც მე მისწორებენ ორთოგრაფიულ შეცდომას, სიხარულით და მადლიერებით ვხვდები. მთავარია, შიგ ეგოცენტრიზმი არ იყოს ჩაქსოვილი, – ჰა, ეს როგორ მოგივა, მე ვიცი და შენ ამის არ ცოდნა როგორ გეპატიება…
LikeLiked by 1 person
მეც. ოღონდ მანდ ერთი ნიუანსია, რჩევებს (და არა მხოლოდ) იძლევიან მაშინ, როცა ამას ითხოვენ. მოხალისე ჭკუისდამრიგებლებს მეორენაირად არამკითხე მოამბეები ჰქვია.
LikeLike
ეგრეც ვერ იტყვი, მოლი.
ვთქვათ, მე ზემოთ დავპოსტე, თან ხომ არ დავურთავ არა, რომ, თუ რაიმე შემეშალა, თქვენი ჭირიმე, შემისწორეთ-მეთქი და შეცდომას, როგორც ასეთი, შესაძლოა, რომ ადგილი ჰქონდეს.
LikeLiked by 1 person
არა, ვერ დაურთავ. ამისთვის არსებობს ტაქტის შეგრძნება. უცხო ადამიანს, სულაც 2+2=5 ან რეამინაცია ეწეროს, საჯაროდ არაფერს არ შევუსწორებ. თუ მაინცდამაინც ქვეყანა იქცევა, ისეთი შეცდომაა და სასწრაფოდაა გამოსასწორებელი, პირადად მივწერ. პრინციპში, უცხო მკითხველები, რომელთაც ტაქტის გრძნობა აქვთ და არ ჰგონიათ, ფეისბუქზე ყველაფრის უფლება გვაქვსო, ასეც იქცევიან. მწერენ პიემს და მეც ან ვუხსნი, რატომ არ არის შეცდომა, ან ვასწორებ და მადლობას ვეუბნები. ძალიან.მარტივი ამბავია.
LikeLike
კეთილი, მაშ, Gmail-ის inbox-ი შეამოწმე.
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ თითო პოსტს დიდხანს ვწერ (ნაფლეთ-ნაფლეთ) წონიანი შეცდომაც გამპარვია, მახსოვრობას რომ ენდობი და სულ ტყუილად, თურმე – ეგეთი :) ამას რომ მისწორებენ, მადლობას ვეუბნები.
ორთოგრაფიას კი ვინ 10 რაც გადავედი ბიძია ბილი მისწორებს. რაც გასასწორებელია და სხვა… სტილის ნაწილია :) ნუ მოლიმ კი იცის :)
LikeLike
შენი სტილი ვინ არ იცის, მილორდ ))
LikeLike